
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კლასტერის ჩამოყალიბება, ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას უკავშირდება. „პრაიმტაიმის“, ინფორმაციით, ეკლესიის მსახური პირი, ოჯახის სამ წევრთან ერთად არის ინფიცირებული.
კოვიდ-19-ით დაავადდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ეკლესიის შემთხვევებთან კავშირში მყოფი ხუთი თანამშრომელიც. ამ მიზეზით, საკრებულო, საქმიანობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია განმარტავს, რომ დაწესებულების ყველა თანამშრომელი72 საათიანი ინტერვალით ტესტირებას დაექვემდებარა.
„გიდასტურებთ, რომ ხუთი თანამშრომელი დაინფიცირდა. ერთ- ერთი ნამდვილად გახლავთ, სასულიერო პირის ოჯახის წევრი, რომელიც პარალელურად, ერთ- ერთ საჯარო სკოლაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. სანამ ბოლომდე შემთხვევები ამოიწურება გადავედით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ტესტირებას კი 72 საათში ერთხელ გავდივართ. საკრებულოში ერთი თანამშრომელი მორიგეობს“, – განაცხადა ჯამბურიამ.
შეგახსენებთ, ლაგოდეხში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა 48 კაციანი კლასტერი ჩამოყალიბდა. შექმნილი ვითარების გამო, ხვალ, მუნიციპალიტეტში გაფართოებული ტესტირება იწყება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















