21:00 | 2021-04-14 ავტორი: თამარ გონგაძე

ვიღაც ამით ხელს ითბობს… პირველ რიგში არასამთავრობო ორგანიზაციები, გრანტების მოსაგებად. მე ვეყოფი ყველას! – თამარ მაყაშვილი შვილთან დაკავშირებულ სკანდალზე

ვიღაც ამით ხელს ითბობს… პირველ რიგში არასამთავრობო ორგანიზაციები, გრანტების მოსაგებად. მე ვეყოფი ყველას! – თამარ მაყაშვილი შვილთან დაკავშირებულ სკანდალზე

თამარ მაყაშვილი ყოფილი სიძის მიერ ჩადენილ შესაძლო ძალადობის თემაზე საქმის აღძრას არ აპირებს. როგორც მსახიობი “პრაიმტაიმთან” ამბობს, ეს თემა ტაბუდადებული იყო ნინუცასგან და ამაზე მაყაშვილების ოჯახში არავინ საუბრობდა.

 

თამარ მაყაშვილი ამბობს, რომ სამართლებრივ ჭრილში თუკი რაიმე თემის განხილვას გადაწყვეტს, ეს იქნება რუსთაველის თეატრიდან, სამი წლის წინ, ნინუცას გათავისუფლების საკითხი.

 

თამარ მაყაშვილი: – ნინუცამ მოყვა ის გულისტკივილი, რაც წლების მანძილზე აწუხებდა. მე მიხარია, რომ ნინუცა მოძლიერდა და ამის თქმა შეძლო.

 

ის ემზადებოდა საჯაროდ ამაზე სასაუბროდ?

 

– აბსოლუტურად ლაკონურად, ძალიან კულტურულად, ლამაზად და დალაგებულად ისაუბრა, ჩემდა გასაკვირად. წარმოიდგინეთ, როგორი ნაფიქრი ჰქონდა ეს ყველაფერი. ეს იყო მისი არჩევანი და მისი გადაწყვეტილება. ახლა დამშვიდდა, უფრო კარგად და ლაღად უნდა იცხოვროს.

 

– ანუ მთელი ეს წლები აწუხებდა წარსული, უნდოდა მასზე საუბარი, მაგრამ ვერ ბედავდა…

 

– როგორ შეიძლება ამან არ შეგაწუხოს? შეიძლება გარეგნულად ეს არ ეტყობოდა და მაქსიმალურად ხელის შეწყობა ჰქონდა. მაგრამ ახლა, არიქა და თითქოს სასამართლოში გავიქეცით, ამ ყველაფერზე ცოტა მეცინება. ვიღაც რომ ამით ხელს ითბობს, ეს კიდევ სხვა საკითხია. პირველ რიგში არასამთავრობო ორგანიზაციები, გრანტების მოსაგებად… მარტო მე ვეყოფი ყველას.

 

მე დიდი ხანია განებებული მაქვს თავი მაგათთვის. წლების წინ დავიბარე ბესო და ისე მშვიდობიანად გავაგებინე სათქმელი, რომ 11 წელია აღარ გამოჩენილა. მას შემდეგ ჩემს სახლს აღარ გაკარებია, თვალით არ მინახავს. ასი წელი მისი არაფერი მადარდებს.

 

– რა უთხარით?

 

– რა მნიშვნელობა აქვს?!

 

– მაშინ როგორ გააგებინეთ?

 

– ეგეთი ადამიანები უფრო იგებენ. მანამდე ნინუცა არ გვაძლევდა ამის საშუალებას. თორემ არ ვიცოდით, გგონიათ?

 

როგორ არ გეცოდინებოდათ. ბიცოლამაც დაწერა, ნინუცას სახეზე დალურჯებები ნანახი მაქვსო…

 

– თვალს კი არ ვხუჭავდით, ნინუცას ვედექით გვერდში. როგორც კი შიში გადალახა, თქვა. ეს თემა დახურული იყო, 11 წელი ჩემს ოჯახში ამაზე საუბარი არ ყოფილა. ჩემთვის იცით, როგორი იყო ამის მოსმენა? 400 წლის წინ მისამარებულს რომ ამოიღებ… კიდევ ერთხელ კადრებად წამოვიდა ის ამბები. ამ დროს რას არ წერენ, ხან ვითომ ქოცი ვარ, ხან ნაცი, ხან – ჩეგევარისტი. რაის ნაცი და ქოცი, სადა ვართ ხალხო?!

 

– არ აპირებთ სასამართლოში საქმის აღძრას?

 

– არა, ჩემო საყვარელო. ამ გოგომ თქვა ის, რაც აწუხებდა. ბესოს ჰყავს მეუღლე და მილიონი ბავშვი. ღმერთმა ქნას, რომ იყოს გადასარევი მამა და მეუღლე. მაგრამ ნაძირალა ისევე ვერ გამოსწორდება, როგორც ჩინელი ვერ გახდება ფრანგი.

 

ახლამ რამ გაახსენაო, ამბობენ, ახლა არ გახსენებია, სულ ახსოვდა. კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. ამ შემთხვევაში, ნამდვილად შევაქებ ნინუცას, რომელმაც შეურაცხყოფის მიყენების გარეშე, კარგად ჩამოაყალიბა სათქმელი.

 

თეატრის პოზიცია ასეთია, როცა იურიდიული დოკუმენტი გვექნება, მერე მივიღებთ ზომებსო.

 

– რომელ თეატრზე მელაპარაკებით? იმ თეატრზე და იურისტებზე მესაუბრებით, ნინუცა და სხვა მსახიობები  უკანანოდ რომ გამოუშვა თეატრიდან? შრომის კოდექსი დაირღვა, ჩვეულებრივად კრიმინალური საქმე იყო. სად იყვნენ სამი წლის წინ ამ თეატრის იურისტები?

 

იანვარში იდება ხელშეკრულებები. სადღაც ივნისში ეგიდით – “მე ვათავისუფლებ თეატრიდან ჩემთვის არასაჭირო არტისტებს, რომლებსაც თეატრი ისე არ უყვართ”, აი, ასე მინდა და ვაკეთებო, ეს უკვე სხვა რამეა. მაშინ ამ გაშვებულ არტისტებს გვერდით არავინ დაუდგა. ახლა გაახსენდათ ძალადობა, მოდური თემაა?

 

გადაცემაში თქვა კიდეც ნინუცამ, დედაჩემს უნდოდა თეატრისთვის ეჩივლა, მაგრამ მე გავაჩერეო. ბევრი იურისტი დაგვიდგა გვერდით და ჩვეულებრივად მოგებული საქმე იყო. ფეშქეში იყოს, გენაცვალე.

 

თუმცა თუ საქმეს აღვძრავ, აღვძრავ თეატრიდან მსახიობების უკანონო გათავისუფლებაზე. ის კი გვახსოვდეს, საბოლოოდ, პასუხს, ყველანი უფლის დიდ სამსჯავროზე ვაგებთ.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X