12:09 | 2021-04-18 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდა – ნიშნავს თუ არა ეს, რომ იქნება „ლოქდაუნი“?

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდა – ნიშნავს თუ არა ეს, რომ იქნება „ლოქდაუნი“?

რამდენიმე თვეა, რაც ქვეყანაში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა. თუმცა, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების ფონზე საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობს.

 

საქართველოში 17 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.35%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.41%.​

 

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებდა, დადებითობის მაჩვენებელთან ერთად აკვირდებიან ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს.

 

მისი თქმით, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს ასცდება, იქნება ნიშანი იმისა, რომ უნდა დაიწყოს საუბარი შეზღუდვების შემდეგ გამკაცრებებზე.

 

2021-04-14"ეს უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი "ლოქდაუნზე", დახურვებზე..." - ტიკარაძე შეზღუდვების გამკაცრების პირობას ასახელებს

 

„მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა, დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4 პროცენტს აცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე, დახურვებზე, შემდეგ გამკაცრებებზე. ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი, ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

 

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ არის აუცილებელი, აღდგომის დღესასწაულზე, სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ ჭამა-სმა.

 

ცნობისთვის, დღეს, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 822 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 197 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 818 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

 

რატომ გამოცხადდა 4-11 მაისს უქმე დღეები – ამირან გამყრელიძის განმარტება

ავტორი: Prime Time

X