19:28 | 2021-04-19 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ოჯახი 5 წლის წინ გაუჩინარებელ ბიჭს ეძებს, ვარაუდობენ, რომ ის ოკუპანტებმა გაიტაცეს – ოჯახის მიმართვა

ოჯახი 5 წლის წინ გაუჩინარებელ ბიჭს ეძებს, ვარაუდობენ, რომ ის ოკუპანტებმა გაიტაცეს – ოჯახის მიმართვა

28 მაისს ხუთი წელი გახდება, რაც საღირაშვილების ოჯახი გაუჩინარებულ შვილს ეძებს. დაკარგული ახალგაზრდა კაცის ისტორია კი გორის რაიონში, ე.წ. საზღვრის ხაზის მიმდებარედ, სოფელ ქორდში იწყება…

 

ნიკა საღირაშვილი 2016 წლის 28 მაისს, საღამოს საათებში, თანასოფლელის ოჯახიდან გამოვიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

 

გამოძიება ამ დრომდე გრძელდება, თუმცა ოჯახის მტკიცებით სამართალდამცველებს ამ დრომდე არ აქვთ პასუხი კითხვებზე, სად გაქრა და რა ბედი ეწია ახალგაზრდას.

 

ოჯახი ეჭვობს, რომ გაუჩინარებული ახალგაზრდა ოკუპანტებმა გაიტაცეს და ამ დრომდე, ტყვეობაშია. ამის საფუძველს რამდენიმე კონკრეტული ფაქტი აძლევთ. ამაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი, როგორც „პრაიმტაიმს“ გაუჩინარებულის დამ, მაიკო საღირაშვილმა უამბო, ოჯახს ამ დრომდე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს. ისტორიის მოყოლა კი იმ საბედისწერო დღით დაიწყო.

 

„იმ საბედისწერო დღეს, ჩემი ძმა მეგობრის ოჯახში ქეიფობდა. როგორც სუფრის წევრები ამბობენ, ნიკამ სულ რამდენიმე ჭიქა დალია და დაახლოებით, 20:00 საათი იქნებოდა, როცა წამოვიდა. სუფრაზე უთქვამს, წყალსაცავზე უნდა ავიდე და გადავკეტო, წყალი მოსავალს მიფუჭებსო.

 

მართლაც ორი დღით ადრე წყალმა ნათესები დატბორა. ჩვენი სოფელი ერგნეთთან ახლოსაა, ე.წ. საზღვარი წყალსაცავიდან დაახლოებით 20 მეტრში მდებარეობს. მას ტელეფონი თან არ ჰქონდა, იმ დღეს დედას დაუტოვა. როცა დაბნელდა და ჩემი ძმა სახლში არ დაბრუნდა, დედამ მის მეგობრებში მოიკითხა.

 

ბიჭებმა უთხრეს, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ წამოვიდაო. მაშინვე ძებნა დავიწყეთ. მთელი სოფელი ჩაერთო სამძებრო სამუშაოებში. იქვე ჩამოდის მდინარე ლიახვი, იქაც ვეძებეთ, მაგრამ ვერსად მივაგენით. მეორე დღიდან ისევ განახლდა ძებნა, მაგრამ ამაოდ. წყალსაცავთან, რომ მივედით, ვნახეთ, ხაზგამყოფი „სეტკის“ ღობე, შელახული იყო. ვვარაუდობთ, რომ ან თვითონ გადავიდა ე.წ. საზღვარზე, ან ოკუპანტებმა გადაიყვანეს. ამ ვერსიის გვჯერა დღემდე.

 

28 მაისს ხუთი წელი გახდება ნიკას გაუჩინარებიდან. ამ დროის განმავლობაში, გამოძიებამ ვერაფერი დაადგინა. გვეუბნებიან, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესიო, მაგრამ ჩვენ თუ არ მოვიკითხეთ, თვითონ არ გვეხმიანებიან. წელიწადში ორჯერ ცვლიან გამომძიებელს. თავიდან გორის საგამოძიებო უწყება იძიებდა საქმეს, მერე ჩვენი მოთხოვნით თბილისი ჩაერთო.

 

დღემდე მჯერა იმის, რომ ჩემი ძმა ცოცხალია და ჩვენს დახმარებას ელის. ამის საფუძველს რამდენიმე უცნაური ფაქტი გვაძლევს. ჩემი ძმის გაუჩინარებიდან დაახლოებით ერთ წელში, ზუსტად მის დაბადების დღეზე, 18 აპრილს ჩვენი, ოჯახის წევრის ტელეფონზე რამდენიმე ზარი განხორციელდა ჯერ მოსკოვიდან შემდეგ კი ქუვეითიდან. როცა საუბარს ვიწყებდით ტელეფონი ითიშებოდა. იმ ნომერზე რომ ვრეკავდით ზარი აღარ გადიოდა.

 

ჩვენი ნათესავების დახმარებით დავადგინეთ მოსკოვიდან განხორციელებული სატელეფონო ნომრის ადრესატი. ეს ადამიანი უშუალოდ ჩვენმა ახლობლებმა ნახეს და გაირკვა, რომ არის სამხედრო, რომელსაც ჯარისკაცები გადაჰყავს ერთი ადგილიდან მეორეში. როცა მას ამ ზარის შესახებ დაუსვევს კითხვა, თავი გაიგიჟა, რომ მას საქართველოში არსად ჰქონდა დარეკილი, ისიც თქვა, არც კი ვიცი კოდი როგორ უნდა დავრეკოო. ვვარაუდობთ, რომ ჩემი ძმა მოხვდა მასთან და სავარაუდოდ სწორედ მან მალულად განახორციელა ზარი ჩვენი ოჯახის წევრთან.

 

მეორე უცნაური დეტალი ის გახლავთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ასევე ჩვენი ოჯახის წევრთან მობილურ ტელეფონზე შემოვიდა საზღვარგარეთის ზარი. როცა ნომერი გადავამოწმეთ აღმოჩნდა ქუვეითი, რომ გადავრეკეთ გვითხრეს, რომ ვრეკავდით კლინიკაში სადაც მძიმედ დაშავებული სამხედროები გადიოდნენ მკურნალობას. როცა პაციენტი ნიკა საღირაშვილი მოვიკითხეთ, გვითხრეს, რომ ასეთი არავინ ჰყავდათ. რა თქმა უნდა ამ ყველაფრის შესახებ საქმის კურსშია გამოძიება.

 

გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, იმ ადგილას სადაც წყალსაცავია, ერთი კაცი ცხოვრობს. ამბობს, რომ ზუსტად იმ დროს როცა ჩემი ძმა გაუჩინარდა ამ ადამიანს ე.წ. საზღვრის მიღმა, ორი გასროლის ხმა გაუგია. იმ ადგილას წვრთნები ხშირად იმართება ხოლმე და ყურადღება არ მიუქცევია.

 

ნათესავი გვყავს ცხინვალში, რომელმაც გვითხრა, რომ ნიკას გაუჩინარებიდან მეორე დღეს აქ, ციხეში ქართველი ახალგაზრდა ბიჭი მოიყვანესო, თუმცა არ დაუდასტურებიათ, რომ ის ახალგაზრდა ჩემი ძმა იყო. ის ნათესავი მას მერე აღარ გამოსულა კონტაქტზე.

 

სწორედ ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს იმას, რომ ნიკა ცოცხალია და ტყვედ ჰყავთ აყვანილი. მას კი არ ეძლევა საშუალება, რომ ჩვენ დაგვიკავშირდეს. საშინელებაა, როცა ხუთი წლის განმავლობაში არ იცი შენი ოჯახის წევრი ცოცხალია თუ მკვდარი… ნიკას გაუჩინარებიდან მალევე დედაჩემს დიაბეტი დაემართა, მამაჩემს ინსულტმა დაარტყა. “- განაცხადა მაიკო საღირაშვილმა.

 

ნიკა საღირაშვილს ინტერპოლიც ეძებს. ოჯახს სახელმწიფოს იმედი აქვს, რომ ისინი დაეხმარებიან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მის მოძებნას შეძლებენ. ერგნეთში გამართული მოლაპარაკებების დროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, თუმცა, რუსული მხარე ამ მასალებს საქართველოს დელეგაციას არ აძლევს. რუსული მხარე აცხადებს, რომ ნიკა საღირაშვილი არ დაუკავებიათ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X