
ხვალ ფრანკფურტიდან ირაკლი ჭანტურიას ჩამოასვენებენ. თბილისი თავის კოლორიტ შვილს შაბათს გამოეთხოვება. ირაკლის შაბათს, 24 აპრილს სამების დიდ საკათედრო ტაძარში დაასვენებენ და გასვენებამდე სამოქალაქო პანაშვიდი მოეწყობა.
პოეტ ტარიელ ჭანტურიას შვილს, ირაკლი ჭანტურიას ფართე საზოგადოება ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით გადაღებული ქეთი დოლიძის ფილმით იცნობს. მხატვრულ ფილმში “სანამ წვიმა გადაივლიდეს” ის მთავარ, გიას როლს ასრულებს. ირაკლის მშობლების როლებში მედეა ჯაფარიძე და თენგიზ არჩვაძე არიან. როგორც ლაშა თაბუკაშვილი “პრაიმტაიმთან” ჰყვება, მედეას ისე უყვარდა თავისი “ეკრანული შვილი”, რომ ამაზე თვითონ ეჭვიანობდა კიდეც.
ირაკლი შესანიშნავად მღეროდა, მაგრამ არა საჯაროდ, მხოლოდ სამეგობრო წრეში. “მხოლოდ ჩვენ ვტკბებოდით ამით. სიმღერა, პერფომანსი, იმპროვიზაციის უნარი, ყოველდღიურ ბოჰემაში იხარჯებოდა და არა პრაგმატულად და პრაქტიკულად, თუნდაც მატერიალური სტატუსისთვის… მას ეს არ აინტერესებდა” – იხსნებს ლაშა თაბუკაშვილი.

იგივეს ამბობს ირაკლიზე მისი ბავშვობის მეგობარი, ალეკო კვაშალიც.
ალეკო კვაშალი: – ირაკლიზე ასე დაწყობილი საუბარი ისეთი ძნელია. უსაყვარლესი და კეთილი ადამინი იყო. დიდი პიროვნება იყო და ძალიან მენანება ასე ადრიანად მისი წასვლა. არ შეიძლებოდა ეგეთი რამ მომხდარიყო.
74-75 წლიდან ვმეგობრობდით. ჩემი მეუღლე, ნანუკა ქოიავა ირაკლიმ გამაცნო. სკოლელები იყვნენ, მეგობრობდნენ. მერე მე და ნანუკამ ვიქორწინეთ და მე და ირაკლიც უფრო დავახლოვდით.
ბავშვობაში ვეხვეწებოდით, რომ ჩვენთან ერთად ემღერა. ხან ანსამბლს გავაკეთებდით მე, გიო ხუციშვილი, დათო გომართელი და ხელს მოვკიდებდით, მაგრამ ისხლიტავდა და სცენას გაურბოდა. მხოლოდ სამეგობროში იხარჯებოდა. მასშტაბურობა არ ხიბლავდა. მე არ ვიცი, ქეთი დოლიძემ როგორ მოახერხა და ამ ფილმში როგორ გადაიღო. იქაც არ უნდოდა. როგორც ფანჯარაში იყურება, გაბუტული ტუჩებით, ასეთი განწყობით იყო. ეს კადრი ირაკლის ხასიათია მთლიანად.

ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი. სამი თვის წინ სულ სხვა რამეზე მივიდა ექიმთან და მესტატაზი იპოვეს უცებ! ატყდა პანიკა. მედიცინა წინ მიდის და გგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვიყავით, რომ ირაკლი მოერეოდა. გაემგზავრა ფრანკფურტში. იქ შეუდგა მკურნალობას.
ოთხი დღის წინ ველაპარაკე, თავს მიხედეო, აქეთ გვარიგებდა. სულ იუმორში საუბრობდა. მერე აღარ გამოჩნდა და მივხვდით, რომ უჭირდა. ამ საშინელებამ ასე უცებ შეჭამა ჩვენი ბიჭი…
ირაკლიზე სულ უნდა იცინო და იღადაო, სევდიანად საუბარი არ გამოდის. საქართველოში გადმოსვენების ამბავიც თვითონ მოაგვარა. ექიმები დაიბარა, იცოდეთ, აქ არ დამტოვოთ, ჩემს ქვეყანაში გადამასვენეთო, დაარიგა. წარმოიდგინეთ! სულ აზრზე იყო. ხომ გეუბნებით, ვინც არ იცოდა, რომ მძიმე სენი აქვს და მისი საუბრისთვის მოესმინა, ვერც მიხვდებოდა რომ ავადაა, რადგანაც სულ აქეთ გამშვიდებდა და გარიგებდა, თავს მიხედეო. ამიტომ მეგონა, რომ გამოძვრებოდა. ასე უცებ, შეუგუებლად, ძალიან ძნელია ამ რეალობის მიღება.
ფრთხილი იყო ჯანმრთელობის თემასთან დაკავშირებით. სულ წამალს სვამდა, პანიკაში იყო, ყველა ექიმს იცნობდა. მიდიოდა და ესინჯებოდა. მერე გიოს რომ ეს სენი შეეყარა, შეშინდა, დაყვებოდა, ისრაელში ექიმებს უცხო ენებზე სულ თვითონ ესაუბრებოდა. გიოს სულ ყველგან დაყვებოდა.
ძალიან რთულია ბატონ ტარიელთან მისვლა და ამ ინფორმაციის თქმა. ჯერ მან შვილის გარდაცვალების შესახებ არ იცის. დღეს უნდა გააგებინონ. ირაკლის დედაც ახლახან გარდაეცვალა, თვითონ უკვე სამკურნალოდ გერმანიაში იყო.

ცხოვრება მაინც გრძელდება, ახლა ჩვენი შვილიშვილები მეგობრობენ. უბრალოდ, გინდა მეგობარი გვერდით გყავდეს, მაგრამ… არ დაგვცალდა…























