
ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა სიტუაცია ისე გართულდეს, რომ საყოველთაო კარანტინის გამოცხადება გახდეს საჭირო. მან პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ამ დრომდე გაცემული ყველა რეკომენდაციის სწრაფად შესრულებისთვის.
„ძალიან სწრაფად ხდებოდა ჩვენი ყველა რეკომენდაციიის იმპლემენტაცია, რომელიც დღემდე გაიცა. ამიტომ პირადად მინდა, ბატონ გიორგი გახარიას დიდი მადლობა გადავუხადო. ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის. როგორც კი ამის პირველსაჭიროებას დავინახავთ, იმედი გვაქვს, რომ ეს მომენტალურად განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა,“ – განაცხადა იმნაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში COVID -19-ისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 81-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















