23:58 | 2021-04-22 ავტორი: თამარ ბუჩუკური

მთავარი მიზეზი, რის გამოც მთავრობამ, შესაძლოა, ლოქდაუნი გამოაცხადოს

მთავარი მიზეზი, რის გამოც მთავრობამ, შესაძლოა, ლოქდაუნი გამოაცხადოს

რამდენიმე თვეა, რაც ქვეყანაში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდა. თუმცა, კორონავირუსისგაზრდილი შემთხვევების ფონზე საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობს.

 

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებდა, დადებითობის მაჩვენებელთან ერთად აკვირდებიან ინფექციის გავრცელების კოეფიციენტს.

 

მისი თქმით, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტს ასცდება, იქნება ნიშანი იმისა, რომ უნდა დაიწყოს საუბარი შეზღუდვების შემდეგ გამკაცრებებზე.

 

„მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა, დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4 პროცენტს აცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოკდაუნზე, დახურვებზე, შემდეგ გამკაცრებებზე.

 

ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი, ჩვენი სურვილია, ეფექტური მართვის პირობებში არ მოხდეს ეკონომიკის გაჩერება, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

 

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ არის აუცილებელი, აღდგომის დღესასწაულზე, სასაფლაოებზე ალკოჰოლით სიარული და იქ ჭამა-სმა.

 

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს, 22 აპრილს კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 4,38 პროცენტია, ხოლო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 4,37 პროცენტს შეადგენს.

 

  • კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 4,37 პროცენტს შეადგენს.

 

  • კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 4,38 პროცენტი.

 

როგორც ჩანს, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელმა დღიურ და კვირის ჭრილში 4 პროცენტს უკვე გადააჭარბა. სავარაუდოდ, მოკლე დროში გახდება ცნობილი, გამკაცრდება თუ არა ქვეყანაში შეზღუდვები. ამასთანავე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე წინასააღდგომოდ საქართველოს პატრიარქს ილია II-ს შეხვდება.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X