
მამებისთვის განკუთვნილი დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადია. თუ რა პირობების შემთხვევაში აუნაზღაურდებათ მამებს საშვებულებო პერიოდი, ამაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია პასუხობს, რომელსაც “პრაიმტაიმი” გთავაზობთ:
დასაქმებულს ბავშვის დედას ან მამას თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით. ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე და ამავე მიზეზით, შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ.
ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამა უფლებამოსილია ისარგებლოს დედის მიერ აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით. იმ შემთვევაში თუ დედას არ გამოუყენებია ანაზღაურებადი შვებულების დღეები ან გამოიყენა ნაწილი 183/200 დღიდან დარჩენილი დღეების გამოყენების უფლება მამას ენიჭება.
ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში მშობლის დეკრეტის უფლება
მშობლები, რომლებმაც ერთ წლამდე ასაკის ბავშვი იშვილეს და ამავე დროს, არის დასაქმებული, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. იმ შემთვევაში თუ დედას არ გამოუყენებია ანაზღაურებადი შვებულების დღეები ან გამოიყენა ნაწილი 90 დღიდან დარჩენილი დღეების გამოყენების უფლება აქვს მამას.
რა ოდენობისაა დახმარება და ანაზღაურების რა პირობებია?
დახმარება გაიცემა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1 000 ლარისა, შემდეგი პრინციპით:
ა) ორივე დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში, გამოყენებული დღეების პროპორციულად, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა;
ბ) ერთ-ერთი დასაქმებული მშობლის მიერ შვებულების გამოყენების შემთხვევაში – ჯამურად არაუმეტეს 1000 ლარისა;
გ) დასაქმებულ მშობელს (მამა) ბავშვის მოვლის გამო შვებულების დახმარება არ მიეცემა, თუ საჯარო მოსამსახურე დედამ სრულად ან ნაწილობრივ ისარგებლა ორსულობისა და მშობიარობის ან ბავშვის მოვლის გამო შვებულებით;
დ) დასაქმებულს, რომელიც იმავდროულად არის საჯარო მოსამსახურე, ორსულობისა და მშობიარობის, ასევე ბავშვის მოვლის გამო, შვებულების დახმარება არ მიეცემა.






















