23:32 | 2021-04-27 ავტორი: თამარ გონგაძე

“ამ კეკუტიას, ყინჩით რომ მიდის და ბაფთა რომ აქვს ჩატენილი, მივეპარებოდი და პანჩურს ამოვარტყამდი” – როგორ აფასებენ კლიმენტი კეკუტიას ჩცდ-ს მსახიობები

“ამ კეკუტიას, ყინჩით რომ მიდის და ბაფთა რომ აქვს ჩატენილი, მივეპარებოდი და პანჩურს ამოვარტყამდი” – როგორ აფასებენ კლიმენტი კეკუტიას ჩცდ-ს მსახიობები

ორი დღეა, რაც ქართულ რეალობაში გამოჩენილმა ახალმა “პერსონაჟმა” დაგვიპყრო. არსაიდან მოსულმა კლიმენტი კეკუტიამ თემები გადაფარა. არსაიდან რა, რუსეთში გამომცხვარი ბიზნესმენია და ჩრდილოეთში ნაშოვნი ფულით დაყენებული “სტოიკით”, ისედაც არეული მონასტერი, კიდევ უფრო არია.

 

კინოგმირია, “ალა” მეგრულ-იტალიური ფესვებით, მთელი თავისი “ვეს ტაკოი” პერსონით.

 

“ჩემი ცოლის დაქალების” მაყურებელს მაშინვე სერიალის მეგრული კლანი გაახსენდა. კონკრეტულად გრიშა კაკაჩია ან კვაზი მანტკავა კი არა, მეგრელი ბიზნესმენების კრებითი სახე.

 

“პრაიმტაიმს” კეკუტიაზე თავის ემოციას უზიარებენ სერიალის მსახიობები: ეგონა – ლაურა რეხვიაშვილი, გრიშა კაკაჩია – დავით კვირცხალია, კვაზი მანტკავა – ზურა ანთელავა, ლამარა – მარინა დარასელია.

 

No description available.

 

ლაურა რეხვიაშვილი: – ვაიმე, ქეთი დევდარიანმა, უეჭველად სიზმარში ნახა ეს პერსონაჟი. სერიალის მეგრელი გმირების ასლია. კრებითია სახეა. ოღონდ ხელს მიშლის კეკუტიას ყინჩი!

 

მაგარი სიტყვაა ეს ყინჩი. ჰოდა, ეს ყინჩი მიშლის ხელს დავაკონკრეტო ზუსტად რომელ პერსონაჟს გავს. თუმცა ხომ ვამბობ, კლიმენტი კეკუტია ყველაშია – კაკაჩიაში, მანტკავაში… თუმცა ამ თავის ყინჩით განსხვავებულია. რაღაც მოვლენაა. ირეალური ფიგურაა.

 

ნახეთ ვიდეო ⇓ ვინ არის და რა ბიზნესს ფლობს კლიმენტი კეკუტია

 

 

ისე ნერვებს მიშლის. იცით, ამ ცბიერ და მატყუარას როგორ პასუხს გავცემდი და რას ვუზამდი? ჩემი მეუღლის გადაღებული შედევრია, რომელიც არ იცის მაყურებელმა. სანამ ქართველები ერთმანეთს ვესროდით, იქამდე გადაიღო ფილმი “ლეონარდო”. იქ არის ასეთი სცენა – კეკუტიასავით ტიპი რაღაცას ქადაგებს პარლამენტის წინ. დანარჩენები სულგანაბული უსმენენ. ვანიჩკა საყვარელიძის გმირი მიეპარება და ამ ტიპს უკნიდან პანჩურს ამოარტყამს.

 

ამ კეკუტიას, ყინჩით რომ მიდის, ბაფთა რომ აქვს ჩატენილი, ასე მივეპარებოდი და პანჩურს ამოვარტყამდი! არც სიტყვიერ შეურაცხყოფას მივაყენებდი, არც ვუჩივლებდი, ერთი პანჩური ამომარტყმევია მაგ ტიპისთვის ისე, რომ თვითონ რომ საერთოდ არ ელის. წვეტიანი ფეხსაცმლით კი არა, რაც მაცვია, რა ძალა და ფეხიც მაქვს, იმას ამოვცხებდი. მის სახეს ხომ წარმოიდგენდით! ყველაფერს ელოდება ეს ტიპი ამის გარდა. ისეთი ცხოვრება აქვს გავლილი, გადაუბიჯებია და წასულა. მაგრამ სანამ გადააბიჯებს, იქამდე პანჩური წამალია ასეთი ტიპებისთვის.

 

ამის სურვილი ბევრ ტიპზე მაქვს და ჩემს გარდა რატომ არავის მოსდის თავში, რომ ეს გააკეთოს, რაა…

 

No description available.

 

დავით კვირცხალია: – “ფეისბუქზე” მოვკარი მის ფოტოს თვალი და გარეგნულად სიმპათიური კაცია. ახალგაზრდაა უფრო, ვიდრე გრიშა. საინფორმაციოებში მისი სიუჟეტი არ მინახავს. მერე ვკითხულობდი კომენტარებს, ზოგი წერს, კაკაჩიააო. წერენ იმასაც, ფანტომას უფრო გავსო.

 

კაკაჩია ჩემი როლია, ჩემი საქმეა გარდასახვა და მორჩა. ისეთი რომ ვიყო, როგორც გრიშა კაკაჩიაა, ღმერთმა დამიფაროს. ანალოგიების კეთება ჩემი საქმე არ არის. მე ჩემი ბიძებისგან და დედის მხრიდან სანათესაოდან ავიღე გრიშასთვის კრებითი სახე. მილიონერი არავინ მყოლია. ექსცენტრიული და თავაწეული ტიპი მათგან შევქმენი. როლია და იმის იქით მსგავს ტიპებზე აღარ ვფიქრობ.

 

რაც კახელია, იგივეა მეგრელი ბიზნესმენიც, რა ვიცი. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ბიორიტმის მატარებელია ყველა. თუმცა საქმიანობით ერთნაირები არიან. არა მგონია, მეგრელი ბიზნესმენი სხვა კუთხის ბიზნესმენზე უპირატესი იყოს. თან მე მეგრელები უფრო არიფი ხალხი მგონია. საზოგადოებაში თუ ავტობუსში, ორი მეგრელი თუ შეხვდა ერთმანეთს, მაშინვე მეგრულად იწყებენ საუბარს. არიფი თუ არ არის, ეს რა უბედურებაა. არაეთიკურია, როცა მთელი ავტობუსი გისმენს და ორი საუბრობთ მეგრეულად. არასწორი მგონია.

 

No description available.

 

მარინა დარასელია: – მე ამ კაცისთვის თვალი არ მომიკრავს ტელევიზორში. მეგრელი ბიზნესმენის როლი დათო კვირცხალიამ მაგრად მოირგო. კვაზი მანტკავა სულ ტიპის ბიზნესმენია, გრიშა სულ სხვაა. გეტყვით, მე და ბიზნესმენი მიშა ხუბუტია ერთად ვართ გაზრდილი. ერთ სკოლაში ვსწავლობდით. სანამ მისი შვილი თავს მოიკლავდა, ჩამოსული იყო ზუგდიდში, პირველ სკოლას საიუბილეო ბანკეტი გადაუხადა, პედაგოგებს ლეპტოპები და მობილური ტელეფონები გადასცა. ფრიადოსნები დაასაჩუქრა. მომღერლები ჰყავდა ჩამოყვანილი. ამ ღონისძიებაზე მე ვიყავი ჯამბაზის როლში. მშობლიური სკოლა ბევრჯერ გაარემონტა. მოკლედ, მიშა ძალიან კარგი ტიპია.

 

არის ბიზნესმენების კატეგორია, რომელიც ისეთი ძუნწია, თეთრს ვერ გააგდებინებ და საერთოდ არ მიგიკარებს. გრიშა კაკაჩიასნაირ სამ ადამიანს ვიცნობ. ვიცი, ბევრი კლასელებსაც პატივს ცემს, თავის სამეზობლოს ხომ ანებივრებს და ხელის გულზე ატარებს.

 

 

ზურა ანთელავა: – დევდარიანის ქალი (ასე მივმართავ და ვამაყობ მისი ნიჭიერებით) სწორედ ამიტომ არის უნიკალური ნიჭის მქონე ადამიანი. ის ხედავს საზოგადოებაში ასეთ ავადმყოფურ უჯრედებს და ამის წარმოჩენა უნდა. კეკუტია გავს კაკაჩიას და მანტკავას. ავტორს ჰაერიდან არ მოსვლია ეს, მას საზოგადოების მაჯაზე უდევს ხელი. პულსაციას გრძნობს და ისე ქმნის. ერთი ორი ნაბიჯით ამიტომაც უსწრებს მოვლენებს. გრძნობს არითმია როდის უნდა მოხდეს და საზოგადოებას წინასწარ ატყობინებს, რომ მოსალოდნელია არითმია, შენელდება ან აჩქარდება მაჯისცემა. ისწავლეთ რომ ასე არ დაგვემართოს და ერი არ დაავადდესო. ეს სერიალი გვაჩვენესბ, რა არის ცუდი და როგორ ვუმკურნალოთ. თუ სიმპტომები ვიცით, მკურნალობა ადვილია. გვაჩვენა თუ არა დღევანდელმა დღემ რომ არის საზოგადოებაში ასეთი ადამიანი? თან სამწუხაროდ, ერთი კი არა, ბევრია.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X