
„ეს ერთი და სხვა მრავალი, ეს ქვეყანა დახუნძლულია პოლიტიკური პატიმრებით, პოლიტიკური დევნილებით. დიდი სიმძიმე მოგვეხსნა ყველას“ – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს ერთი და სხვა მრავალი, ეს ქვეყანა დახუნძლულია პოლიტიკური პატიმრებით, პოლიტიკური დევნილებით. პირველ რიგში ამ პერიოდის განმავლობაში არ მტოვებდა იმისა განცდა, რომ გიორგი მათ შორის და პირველ რიგში იმის გამო იყო ციხეში, რომ ჩვენს მიერ დაფუძნებული არხის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი იყო.
ამიტომ ეს ძალიან დიდი სიმძიმე ყველას მოგვეხსნა და რაც მთავარია მოგვეხსნა ამ ძალიან დიდი სიხარულის ფორმით, რასაც მისი შეწყალება ერქვა. მე არ გავაკეთებ კომენტარს შექმნილ კონტექსტთან დაკავშირებით, ამ სასიხარულო წუთებში არ გავაკეთებ ამას ნამდვილად. იმიტომ, რომ ბევრი რამ ცუდიც უნდა ვთქვა“, – თქვა ნიკა გვარამიამ.
გიორგი რურუამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მან საჯაროდ აღნიშნა, რომ პირველი პუნქტი ნაწილობრივ შესრულებულია, კრიზისის სრულად დასაძლევად, კი ახლა მნიშვნელოვანია, პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ნიკა მელია.
რურუამ მადლობა გადაუხადა ელჩებს, ევროსაბჭოს პრეზიდენტს, მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ომბუდსმენის აპარატს და სხვებს.























