
აუდიტის სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული საწარმოს – შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ საქმიანობაში დარღვევები გამოავლინა. აუდიტმა კომპანიის 2018-1019 წლის მუშაობა შეისწავლა, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა.
როგორც „პრაიმტაიმს“ აუდიტის სამსახურში უთხრეს, დასკვნა გამოძიების მიზნით პროკურატურას გადაეგზავნა.
„ავტომანქანებსა და სპეცტექნიკაზე ლიმიტის გადაჭარბებით ხარჯვის ჯამურმა მოცულობამ 2018 წელს 19,709 ლიტრი შეადგინა, ხოლო 2019 წელს − 22,288 ლიტრი. საწვავი გახარჯულია კომპანიის სარგებლობაში არსებულ ისეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და სპეცტექნიკაზე, რომლებზეც ბრძანებით არ იყო დაშვებული საწვავის ლიმიტი. ასეთ საშუალებებზე 2018 წელს გაიხარჯა 7,663 ლიტრი საწვავი, ხოლო 2019 წელს − 27,740 ლიტრი.
2018-2019 წლებში კომპანიის საკუთრებაში არსებულ დიზელის რეზერვუარებში ხორციელდებოდა კომპანიის მიერ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმისგან“ შესყიდული საწვავის მიღება, რაზეც ბრძანებების მიხედვით დანიშნულები იყვნენ პასუხისმგებელი პირები. 2019 წლის 27 ივლისამდე არ იძებნება რაიმე მარეგულირებელი აქტი ან დამტკიცებული ინსტრუქცია, როგორ უნდა ეწარმოებინათ ან აღერიცხათ რეზერვუარებში საწვავის მიღება პასუხიმგებელ პირებს.
2019 წლის 27 მარტს კომპანიის თანამშრომელმა მიითვისა 22,110 ლიტრი (47,978 ლარის ღირებულების) დიზელის საწვავი, რომელიც „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ბენზინმზიდით უნდა მიეღოთ გუდაურის დიზელის რეზერვუარში. კომპანიის თანამშრომელმა გააყალბა ხელმოწერა საწვავის მიღება-ჩაბარების აქტზე და ბენზინმზიდიდან საწვავი მიიტანა მისთვის სასურველ ადგილზე. აღნიშნული ფაქტის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობამ მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოს და თანამშრომელი მიეცა პასუხისგებაში“, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.























