
3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოში უქმე დღეები ცხადდება. შესაბამისად, შეზღუდვები რიგ სფეროებსაც ეხება. მაგალითად, არ იმუშავებს ტრანსპორტი და არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასაფლაოებთან მისასვლელი გზაც ჩაიკეტება.
„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ რიგ შეზღუდვებს, რომლებიც ორკვირიანი უქმეების დროს, არ უნდა გამოგვრჩეს.
საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

„4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა,“ – ვკითხულობთ დადგენილებაში.
სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები.
სააღდგომოდ კომენდანტის საათი მოიხსნება

საკოორდინაციო საბჭოს გადწყვეტილებით, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე.
რაც შეეხებ სააღდგომო ლიტურგიას

საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.
უქმე დღეების პარალელურად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი
„იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები;
შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი;
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ასცდება თუ არა ქვეყანას მესამე ტალღა – სპეციალისტების პროგნოზი და მოსახლეობა ვაქცინაციის რიგში






















