19:58 | 2021-05-06 ავტორი: Prime Time

თანამდებობის პირები, რომლებიც ძალადობაში დაადანაშაულეს – მიმდინარე და დასრულებული გახმაურებული საქმეები

თანამდებობის პირები, რომლებიც ძალადობაში დაადანაშაულეს – მიმდინარე და დასრულებული გახმაურებული საქმეები

ძალადობა დაუსჯელი არ რჩება, თუმცა, არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ სანამ მტკიცებულებით არ გამყარდება ბრალდება, პირს დამნაშავეს ვერ უწოდებ.

 

ბოლო პერიოდში ძალადობაში არაერთი თანამდებობის პირი, ცნობილი სახე თუ რიგითი მოქალაქე ამხილეს.

 

ისმის მოწოდება, რომ ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა, თუ ვინმე გახდა ძალადობის მსხვერპლი. მსგავსი ფაქტების არაერთი გახმაურებული საქმეც გაშუქებულა მედიაში. ნაწილი დასრულდა, ნაწილზე გამოძიება დღესაც გრძელდება.

 

საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის შეიძლება წარმოუდგენელიც კი იყოს, მისთვის ცნობილი ადამიანი, რომელიც შესაძლებო მოძალადე იყოს… თითოეულ მათგანს ჰყავს თავისი გულშემატკივრებიც და კრიტიკოსებიც.

 

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ საქმეებს, რომლებზეც გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საჯარო მოხელეებს ძალადობაში ადანაშაულებენ.

 

პაპუნა უგრეხელიძე 

 

 

2018 წლის 24 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სექსუალურ შევიწროებაში ღიად დაადანაშაულეს. მას სახალხო დამცველის ოფისმა თანამშრომლის სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია დაუდგინა. ომბუდსმენის ოფისის დასკვნა კი, 2017 წლის გაზაფხულზე მომზადდა.

 

დაზარალებული ამბობდა, რომ პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ღირსების შემლახველი მოპყრობა მისი თავმჯდომარედ დანიშვნის დღიდან დაიწყო.

 

„ეს პიროვნება რეესტრში მოადგილედ 2013 წლიდან დაინიშნა. იქამდე, სანამ თავმჯდომარე გახდებოდა მასთან სამსახურებრივი შეხება არ მქონია. მისი მხრიდან შევიწროვების ფაქტები მას შემდეგ დაიწყო, რაც ძალაუფლება მოიპოვა და თავმჯდომარე გახდა”, – ამბობდა დაზარალებული.

 

ბრალდებიდან სამ დღეში, 27 მარტს პაპუნა უგრეხელიძემ საჯარო რეესტრის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.

 

2018 წლის 14 ივნისს კი, პაპუნა უგრეხელიძემ უჩივლა ქალს, რომელმაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

 

„დღეიდან ავხდი ფარდას ბევრ დაფარულს და ვამხელ არაერთ ტყუილში ეკატერინე მესხიძეს და მის ამფსონებს, რომლებაც ადამიანისა და ქალთა უფლებების დაცვის საფარქვეშ ყოვლად უსინდისო, ბინძური კამპანია აწარმოეს”, – წერდა პაპუნა უგრეხელიძე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი ქალის წინააღმდეგ, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა.

 

უგრეხელიძის სასარჩელო მოთხოვნა ეხებოდა გავრცელებული ცნობების და ღირსების შემლახავი გამონათქვამების უარყოფას. დავის საგანი არ ყოფილა სექსუალური შევიწროების დადგენა.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით ქალს დაევალა მედიებში უარყოს ბრალდებები უგრეხელიძის მიმართ.

 

2020 წლის 11 დეკემბერს კი, ეკა მესხიძეს, რომლის სქესის ნიშნით და სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა დაადგინა, სააპელაციო სასამართლომაც მედიაში გაკეთებული განცხადებების უარყოფა დაავალა.

 

საქმე ეხება მისი ყოფილი ხელმძღვანელის, საჯარო რეესტრის ყოფილი უფროსის, პაპუნა უგრეხელიძის სარჩელს, რომლითაც ის ითხოვდა იმ განცხადებების უარყოფას, რომლებიც მესხიძემ მედიაში მას შემდეგ გააკეთა, რაც სახალხო დამცველის დასკვნა საჯარო გახდა.

 

გამომდინარე იქედან, რომ ომბუდსმენის დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, უგრეხელიძე ამ დოკუმენტს ვერ გაასაჩივრებდა. მან საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა სარჩელი მესხიძის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სწორედ ეს გაასაჩივრეს სააპელაციოში მესხიძის ადვოკატებმა, თუმცა გადაწყვეტილება ძალაში სააპელაციო სასამართლომაც დატოვა.

 

ილია ჯიშკარიანი

საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი სექსუალური და ფიზიკური ძალადობის თაობაზე მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველ კომენტარს ...

 

2019 წლის 30 დეკემბერს ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

 

11 ოქტომბერს მას, აღკვეთი ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაეკითხათ.

საქმეზე სასამართლო პროცესები ჯერ არ დასრულებულა.

 

 

მარიანა ჩოლოიანი

 

მარიანა ჩოლოიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება

 

2019 წლის 12 დეკემბერს 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

 

ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

ჩოლოიანის საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცავს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს.

 

გამოძიების შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ 15 წლის ლუკა სირაძეს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში “ძმის პრობლემების შექმნით ემუქრებოდა”.

 

“ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა პრობლემები. ასევე, გამომძიებელმა არასრულწლოვანს დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბერებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყო, როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე, სხვა არასრულწლოვნები. იმის გამო, რომ გამომძიებელმა არ იმოქმედა არასრულწლოვანთა კოდექსის შესაბამისად, იქ მყოფმა მოზარდებმა განიცადეს ძლიერი ემოციური სტრესი”.

 

ლონდა თოლორაიას ცნობით, არასრულწლოვანთან გასაუბრება მიმდინარეობდა 6,5 საათი და მოზარდი პოლიციაში 23:30 საათამდე იყო. მისი თქმით, პოლიციაში არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ოთახები და მოზარდის გამოკითხვა მიმდინარეობდა ერთიან სივრცეში.

 

2020 წლის 7 სექტემბერს კი, მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

 

დავით ცინარიძე

 

2020 წლის 30 აპრილს საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს დავით ცინარიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ყოფილი მაღალჩინოსანი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

 

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 27 აპრილს ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

 

მოგვიანებით, კი დაკავებული დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ავტორი: Prime Time

X