
ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე ვაქცინის შემდეგ, არსებულ უკუჩვენებებს ასახელებს.
მისივე განმარტებით, ვაქცინაციის შემდეგ, საკმაოდ ხშირად ვლინდება როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი სიმპტომები.
„ადგილობრივი სიმპტომებიდან გვხვდება:
დაჭიმულობის შეგრძნება,
ტკივილი,
ნანემსარის გაწითლება,
შეშუპება.
ზოგადი მოვლენებიდან უფრო ხშირია:
დაღლილობა,
ზოგადი სისუსტე,
კუნთების და სახსრების ტკივილი,
შეხურების შეგრძნება.
უფრო იშვიათია რეალურად ტემპერატურის მომატება.
ყველა ეს სიმპტომი ნორმალურია და ამის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს, ვინც აიცრება, რომ არ მოხდეს ზედმეტი პანიკა და ხალხს არ ეგონოს, რომ ეს სიმპტომები ვაქცინის შემდეგ დაავადების გამოწვევას ნიშნავს.
ეს არის ორგანიზმის პასუხი, რომ ვირუსის საწინააღმდეგოდ იმუნიტეტი გამომუშავებულია და ეს სიმპტომებიც სწორედ ამასთან არის დაკავშირებული.
როგორც წესი, ეს ყველაფერი მეორე-მესამე დღეს არის ყველაზე მეტად გამოხატული და გვერდითი მოვლენები პირველ შვიდ დღეს არ სცდება. ალერგიული რეაქცია საკმაოდ ხშირი გართულებაა ნებისმიერი მედიკამენტის თუ ვაქცინის შემთხვევაში, ხოლო ანაფილაქსია წარმოადგენს უკიდურეს, ანუ ყველაზე მძიმე გამოვლინებას და ის საკმაოდ იშვიათია, განსხვავებით სხვა მსუბუქი ხასიათის ალერგიული რეაქციებისგან.
რაც შეეხება სიკვდილობას, რომელიც ანაფილაქსიურ შოკს ახლავს, აქაც ლეტალური შემთხვევები მხოლოდ 2%-მდეა. შესაბამისად, რომ განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი და მან გამოიწვიოს აცრილის სიკვდილი, ეს არის უკიდურესად იშვიათი შემთხვევა. ყველგან, სადაც ვაქცინაცია მოხდება, ყველა რესურსი უნდა იყოს, რომ ასეთი იშვიათი გართულებები სწორად იმართოს,“ – ამბობს გიორგი კამკამიძე.






















