
ციხეს რომ ჰქონდეს უკანა კარი, დიდი ალბათობით, ნიკა მელია იქიდან გაიპარებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური პროექტი, რომ ნიკა მელია გმირად გამოსულიყო საპატიმროდან, დასრულდა.
„ევროკავშირი არ უხდის გირაოს ე.წ. პოლიტპატიმრებს. პირიქით, ამ ქმედებით კიდევ ერთხელ მოხდა დადასტურება, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ქართულ მართლმსაჯულებას, გირაოს თანხის გადახდა სრულად მოდის პროკურატურის ქმედებასთან თანხვედრაში. ეს რომ ყოფილიყო პოლიტპატიმრის საქმე, ევროკავშირს არ უჭირს აღიარება და სხვა მექანიზმებით ამის მოთხოვნა, რომ კონკრეტული პირი არის პოლიტპატიმარი. ნიკა მელია მთელი ამ პროცესის განმავლობაში ამბობდა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს და ვერ დაიჭერდნენ, თუმცა დაიჭირეს, შემდგომ იძახდა, რომ არ მიიღებდა გირაოს, მაგრამ უწევს ამაზეც დათანხმება და ვარაუდს გამოვთქვამთ, რომ ასევე დათანხმდება ამნისტიის კანონსაც. შესაბამისად, მან თავი კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო და ციხეს რომ ჰქონდეს უკანა კარი, დიდი ალბათობით, იგი იქიდან გაიპარებოდა, ვინაიდან მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, რომ ნიკა მელია გმირად შერაცხულიყო, წყალში ჩავარდა,”- განაცხადა ამილახვარმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.






















