
არის თუ არა გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული ადამიანი გარკვეული რისკის ქვეშ მაშინ, როდესაც ანტიდეპრესანტების პარალელურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრება. ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას დაუკავშირდა.
აღმოჩნდა, რომ არსებული კვლევების მიხედვით, ანტიდეპრესანტის მიღების პარალელურად ვაქცინაციის პროცესი უკუჩვენებას არ იძლევა, თუმცა, პაციენტმა ექიმთან კონსულტაცია აცრამდე აუცილებლად უნდა გაიაროს.
„ზოგადად, პრეპარატების და ვაქცინის კორელაცია ძალიან საყურადღებოა. ანტიდეპრესანტს გააჩნია, ამ ეტაპზე არსებული კვლევებით, ნებისმიერი პრეპარატის მიღება, რომლის შედეგადაც ადამიანის ჯანმრთელობა უმჯობესდება და სტაბილური ხდება, უნდა გაგრძელდეს და ასე ჩატარდეს ვაქცინაცია.
არ არის რაიმე უკუჩვენება, თუ პაციენტს არ აქვს მწვავე მდგომარეობა. თუ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მწვავე და არასტაბილურია, ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში ჯობს ვაქცინაციის პროცესს გადაიხედოს და მოგვიანებით ჩატარდეს, როდესაც სტაბილიზაცია მოხერხდება. სხვა შემთხვევაში, თუ ადამიანი გარკვეულ მედიკამენტებს სტაბილურად იღებს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ვაქცინაცია არ უნდა გადაიდოს.
აუცილებლად უნდა შეფასდეს, თუ რა პრეპარატებს/მედიკამენტებს იღებს ადამიანი, ამ წუთში არ არსებობს მონაცემები, რომ რომელიმე კონკრეტული ანტიდეპრესანტი აუცილებლად უკუნაჩვენებია – ასეთი რამ არ არსებობს. თუმცა, ადამიანი, რომელიც მკურნალობს და გარკვეული პრობლემა აქვს ჯანმრთელობაზე, აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან და შემდეგ ჩაიტარონ ვაქცინაცია“, – ამბობს ინფექციონისტი.






















