16:04 | 2021-05-22 ავტორი: Prime Time

ანაკლიაში მცხოვრები ლაზების დღევანდელი ყოფა და პრობლემები

ანაკლიაში მცხოვრები ლაზების დღევანდელი ყოფა და პრობლემები

ანაკლიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაციაში, უკვე საუკუნეზე მეტია ქრისტიანად მონათლული ლაზები ცხოვრობენ. ყველა მათგანს ახსოვს თავისი წარმოშობის ადგილი.

 

ქელეჯოღლები, აღაზადეები, სოქთოღლები წარმოშობით ხოფიდან არიან; მოლაოღლები, სუფალოღლები და რეიზოღლებიარქაბედან (თურქულად არჰავი) ქვაქულოღლებივიწედან (თურქულად ფინდიკლი), ოქსუსოღლები კი რიზედან. ოდაბაშოღლების წარმოშობის ადგილი კი ხოფა ან არქაბეა.

 

მათი ისტორიის შესახებ გვიყვება ხელოვნებათმცოდნე, მკვლევარი გიორგი კრავეიშვილი.

 

 

„სამწუხაროდ ანაკლიელი მოსახლეობის დიდი ნაწილი ლაზებს დღემდე თურქებს უწოდებს, რაც ამ უკანასკნელთა სამართლიან გულისწყრომას იწვევს.

 

მოსახლეობის აზრით, ლაზების „თურქობას“ ამტკიცებს თურქული გვარები და ისლამი. არათუ ადრეულ პერიოდში, არამედ 1910-20-იან წლებში დაბადებული ლაზები მართლა მუსულმანები იყვნენ. თუმცა, ბევრი ანაკლიელისთვის უცნობია, რომ ლაზებს მუსულმანობა XV-XVIII საუკუნეებში ძალდატანებით მიაღებინეს.

 

ანაკლიაში მცხოვრები ლაზები კი, დაუბრუნდნენ წინაპართა სარწმუნოებას – ქრისტიანობას. „თურქის“ ძახილის გამო რეიზოღლებმა თავისი გვარი რაზმაძეებად, აღაზადეებმა ქართველიშვილებად და ქვაქულოღლებმა კი ქვახულიძეებად გადაიკეთეს.

 

ხოფა, არქაბი და ვიწე ისტორიული ლაზეთის მიწაზე მდებარეობს და დღემდე ცნობილია განსხვავებული ეთნოგრაფიული კულტურით. ლაზური კულტურა ძირფესვიანად განსხვავდება თურქულისგან. ლაზური სიტყვებია, მაგ: კოჩი, მცხული, ჯოღორი, ქალეფე, ბიჭეფე, ჩქინი და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული ლაზეთი საუკუნეებია რაც თურქეთის იურისდიქციაშია მოქცეული, იქაურმა ხნიერმა ლაზებმა დღესაც კი თურქული ენა კარგად არ იციან. საუკუნეზე მეტი ხნის წინ კი საკმაოდ ცოტას თუ შეეძლო თურქულად საუბარი.

 

სამწუხაროდ ანაკლიელიელების დიდ ნაწილს ლაზური ენა უკანასკნელ წლებამდე საერთოდ არ ჰქონდათ გაგონილი. არ დამავიწყდება მათი გაოცებული სახეები, როდესაც 2019 და 2020 წლებში ველაპარაკებოდი ლაზურად.

 

ანაკლიელმა ლაზებმა მშობლიური ენა დაივიწყეს, რადგან ისინი მთელი ანაკლიის მოსახლეობის დაახლოებით 5-7 პროცენტს შეადგენდნენ და შიშობდნენ რომ აჭარაში, გურიასა და აფხაზეთში მცხოვრები ლაზების მსგავსად მათაც თურქეთის ქვეშემრდომობის ბრალდებით ციმბირსა თუ შუა აზიაში გადასახლებდნენ. თუკი 25-30 წლის წინანდელ მოხუცებში კიდევ იყო შემორჩენილი ლაზური ენის რამდენიმე მცოდნე, დღეისათვის ყველა გარდაცვლილია“,- გვიყვება ხელოვნებათმცოდნე.

 

მისივე თქმით, ლაზებმა ანაკლიაში ცალკე უბანი შექმნეს, რომელიც ორდე დგებუაძის ქუჩის ნახევარს (დასაწყისიდან განმუხურის ხიდამდე) მოიცავს. მოსახლეობის ნაწილი მას ლაზების, ნაწილი კი თურქების ქუჩას უწოდებს.

 

„მართალია ორდე დგებუაძე იყო ანაკლიელი მწერალი, არაერთი მოთხრობისა და რომანის, ასევე კინოსცენარ „მე ვიტყვი სიმართლეს“ ავტორი, რომელიც დიდუბის პანთეონშია დაკრძალული, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი სახელი უნდა მიენიჭოს იმ ქუჩას,რომელზეც მისი სახლი მდებარეობს. დგებუაძის სახლთან კი მემორიალური დაფა დამონტაჟდეს. მოთხოვნა, რომელიც ანაკლიელების ხელმოწერით ზუგდიდის საკრებულოს ჯერ კიდევ 2019 წელს წარედგინა, დღემდე მოუგვარებელია. ამ დროს გასაკვირია, რომ განმუხურსა და ზუგდიდში, სადაც ლაზებს არ უცხოვრიათ, სულ რაღაც ნახევარი წლის წინ გაჩნდა ლაზის ქუჩა“- ამბობს გიორგი კრავეიშვილი.

 

 

ვინ იყო გენერალი გიორგი კვინიტაძე, რომელიც გარდაცვალებიდან 51 წლის შემდეგ სამშობლოში ჩამოასვენეს 

 

 

ანაკლიაში, დღესდღეობით მეგრულ ბრტყელძირიან ნავს ძველი, ტრადიციული ტექნიკით სოფელში მხოლოდ ლაზი მამუკა ოდაბაშოღლი აკეთებს.

 

ეს ანაკლიელი ოჯახის მემკვიდრეობაა, რომელიც ბაბუისგან დარჩათ. ერთი ნავის გაკეთებას მთელ კვირას ანდომებს. იგი ანაკლიაში ერთადერთი ლაზი ოსტატია და მის მიერ დამზადებულ ნავებზეც დიდი მოთხოვნაა.

 

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time

X