
1973 წლის იანვარში ფოთში ნიჩბოსნების საწვრთნელი შეკრება გახლდათ დაგეგმილი, სადაც საბჭოთა კავშირის ყველაზე გამოჩენილმა და ტიტულოვანმა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი.
ეს შეკრება ყველა იქ მყოფს და არა მარტო მათ, დიდხანს ემახსოვრებათ, რადგან ერთ დღეს ტრაგედია დატრიალდა: ოლიმპიური ჩემპიონი, იულია რიაბჩინსკაია მოულოდნელად გაუჩინარდა, შემდეგ კი ის წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს. მილიცია ამ საქმის გამოძიების დროს ჩიხში შევიდა და როგორც რუსული გამოცემა, Lenta.ru წერს, საქმე დღემდე ბურუსითაა მოცული.
„პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა საქართველოს ნიჩბოსანთა ნაკრების მწვრთნელს, კახაბერ ლომიშვილს, რომელმაც ამ ტრაგედიის შესახებ ისაუბრა.
თავდაპირველად იულიას ბიოგრაფიას გაგაცნობთ:
ნიჩბოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონი, იულია რიაბჩინსკაია არა მარტო საბჭოთა, არამედ მსოფლიო სპორტის ერთ-ერთი ფენომენია. გოგონამ პირველად აიღო ნიჩაბი 20 წლის ასაკში და 25 წლისამ მოიგო მიუნხენის თამაშები. მაშინ მწვრთნელები და თანაგუნდელები არ მალავდნენ ენთუზიაზმს მისი შესაძლებლობების მიმართ და ერთ საკითხზე შეთანხმდნენ: რიაბჩინსკაია კიდევ ბევრ ტრიუმფალურ გამარჯვებას მოიპოვებდა.
თუმცა, ამ გამარჯვებიდან ექვსი თვის შემდეგ, ვარჯიშის დროს იულიას გარდაცვალება სრული შოკი გახლდათ. ოფიციალური მონაცემებით, ეს უბედური შემთხვევა იყო, თუმცა … ძალიან ბევრი ფაქტი საეჭვოა. რა დაემართა სსრკ-ს საუკეთესო კაიაკერს და რატომ არ სჯერათ უბედური შემთხვევის?

ძლიერი, ჯანმრთელი ქალი, თავდაჯერებული ღიმილითა და მზერით, მკერდზე ჩაქუჩითა და ნამგლით. ასე გამოიყურებოდა იულია ფოტოზე, რომელიც გადაღებულია მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.
ჯერ კიდევ გაუგებარია, რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს. 1973 წლის 13 იანვარს რიაბჩინსკაიას ცხედარი იპოვეს საქართველოში, მდინარე კაპარჭაში. იგი ჯგუფს დაშორდა ვარჯიშზე და დაიკარგა. ჩათვალეს, რომ დაიხრჩო. თუმცა, იულია შესანიშნავად ცურავდა და მის ფილტვებში წყალიც არ აღმოჩნდა. თვითმკვლელობა არ განიხილებოდა – რიაბჩინსკაიას ცხოვრება ძალიან უყვარდაო, ყველამ თქვა.
იულია ბაბაკი (რიაბჩინსკაია ქმრის გვარი გახლდათ) უკრაინაში, ვინიცის რაიონის სოფელ პესჩანკაში, 1947 წელს დაიბადა. ადრეული ასაკიდან იგი გამოირჩეოდა კარგი ფიზიკური მონაცემებით, თუმცა არ უყვარდა სპორტი. ბევრად უფრო მოსწონდა სიმღერა და ცეკვა.
მედდების კოლეჯში სწავლის პერიოდში იულიას ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: ნიჩბოსნობით დაინტერესება და მომავალ მეუღლესთან შეხვედრა. ალექსანდრე რიაბჩინსკი იყო ექიმის ასისტენტი. მათი რომანი ვნებათაღელვით დაიწყო, რამაც ძალიან სწრაფად მიიყვანა წყვილი ქორწინებამდე.
ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ რიაბჩინსკაიამ, რომელსაც მანამდე ნიჩბი არასდროს სჭერია ხელში, სულ რაღაც ორი თვის განმავლობაში შეასრულა სსრკ სპორტის ოსტატის სტანდარტი. ის ყოველდღე გადიოდა 20 კილომეტრს კაიაკით, დამატებით ვარჯიშობდა და პირველ ოფიციალურ შეჯიბრებაზე – დიდი დნეპრის თასზე მოიპოვა გამარჯვება და შეარჩიეს უკრაინის სსრ ჩემპიონატისთვის.

1968 წელს, რესპუბლიკის ჩემპიონატზე, რომელიც დონეცკში გაიმართა, უცნობმა სპორტსმენმა მეორე ადგილი დაიკავა, რამაც ნამდვილი სენსაცია მოახდინა. რიაბჩინსკაიას კარიერა არ შენელებულა. ექვსი თვის შემდეგ, იულია „დინამოს“ საზოგადოების საკავშირო ჩემპიონატზე ასპარეზობდა თავის მეტოქეებთან, რომლებიც მეხიკოში ოლიმპიადისთვის ემზადებოდნენ. მათ შორის იყო ცნობილი ლუდმილა პინაევა, იმ დროს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი. რიაბჩინსკაიამ იქ ვერ გაასწრო, მაგრამ გამარჯვება მხოლოდ დროის საკითხი იყო. ამასობაში, იულია ტელეეკრანიდან უყურებდა, როდესაც პინაევამ მეორე ოლიმპიური ოქრო მოიგო მექსიკაში.
ამის შემდეგ მან გააჩინა ვაჟი, იგორი.
როდესაც დაორსულდა, ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდა: ქმარმა უთხრა – „გააჩინე!“ მწვრთნელმა: „მსოფლიო თასისთვის უნდა მოვემზადოთ!“
ამის მიუხედავად, მცირე შესვენება საკმარისი იყო – მშობიარობის შემდეგ, სპორტსმენი სწრაფად ჩადგა ფორმაში. შედეგად, იუგოსლავიაში მოიგო ოქრო.
1972 წლის 5 სექტემბერს რიაბჩინსკაია პირველად გავიდა ოლიმპიურ თამაშებზე. ის გამოიყურებოდა ძალიან თავდაჯერებულად და ოდნავ გულგრილადაც კი.
საბჭოთა სპორტსმენმა 0,9 წამით გაუსწრო უახლოეს მდევარს, ჰოლანდიელ მარი ჟაპიერს. მესამე ადგილი უნგრელმა ანა ფაიფერმა დაიკავა.

1973 წლის ზამთრისთვის რიაბჩინსკაია გაემგზავრა საქართველოში, ქალაქ ფოთში, სპორტსმენთა შეკრებაზე. კაიაკერმა 12 იანვრის საღამო გაატარა თავის მწვრთნელთან ერთად: „ძალიან ვიხალისეთ, მაგნიტოფონზე ჩავწერეთ ორი სიმღერა, რომელიც მან შეასრულა რუსულ და უკრაინულ ენებზე“. – დაწერა მწვრთნელმა მოგვიანებით.
დილით რიაბჩინსკაიამ კვლავ შეიხედა მწვრთნელის ოთახში. ერთად ისაუზმეს და დღის გეგმა განიხილეს, შემდეგ კი ბაზაზე წავიდნენ. იულია ცოტა ხანში უკან დაბრუნდა – ქუდი დარჩა. „არ არის კარგი უკან დაბრუნება, ცუდის ნიშანია“, – თქვა მან, თუმცა, ამბობენ, რომ რიაბჩინსკაია არასოდეს ყოფილა ცრუმორწმუნე.
წვრთნა ჩატარდა ჩვეულ რეჟიმში, დაახლოებით კილომეტრი იყო დარჩენილი ბაზამდე, როდესაც იულიამ სიჩქარე აკრიფა და წინ წავიდა, რის გამოც ის თვალთახედვიდან გაქრა. არავინ შესწრებია ტრაგედიის მომენტს: მხოლოდ ქუდი და ამობრუნებული კაიაკი შენიშნეს წყლის ზედაპირზე, ცოტა ხნის შემდეგ. მდინარე ვიწრო, არაღრმა და საკმაოდ მშვიდი იყო და მასში დახრჩობა შეუძლებელი იქნებოდა.
მწვრთნელმა და სხვა სპორტსმენებმა არ დაიჯერეს მომხდარი. როგორ გადატრიალდა ნავი, არავის უნახავს. ეს საიდუმლოდ რჩება. არსებობდა ვერსია, რომ ნავი ადგილობრივი მეთევზეების კატერს შეეჯახა, მაგრამ გამომძიებლებმა ეს ვერსია უარყვეს, რადგან იულიას კაიაკს დაზიანების კვალი არ ეტყობოდა. როგორ შეიძლებოდა დამხრჩვალიყო? წყლის სიღრმე იმ ადგილას ოდნავ აღემატებოდა ადამიანის სიმაღლეს…
გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ იულიას ფილტვებში წყალი არ იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ არ დამხრჩვალა. გარდაცვალების მიზეზი სასუნთქი გზების სპაზმი გახდა, რაც ყინულიან წყალში მკვეთრი ჩაძირვის გამო მოხდა. ამავე დროს, სამედიცინო ექსპერტებმა კაიაკერის სხეულს აბსოლუტურად ჯანმრთელი უწოდეს. გამოძიება ჩიხში შევიდა.
***
ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, იულიამ მწვრთნელს მოუყვა, რომ ქმართან ურთიერთობაში სირთულეები დაეწყო. მუდმივი ჩხუბი დამღლელი იყო, გოგონა განქორწინებაზე ფიქრობდა, მაგრამ, როგორც ჩანს, გამოძიებამ რიაბჩინსკის მონაწილეობა სპორტსმენის სიკვდილში გამორიცხა: ის იმ მომენტში საქართველოში არ იმყოფებოდა. ამავე დროს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, მისი საქციელი ძალზე უცნაური იყო: ცდილობდა, სიკვდილის შემდეგ იულიასთის მშობლის უფლებები ჩამოერთმია და ვაჟის ყველა დოკუმენტიდან მისი სახელი წაეშალა.
სპორტსმენი დაკრძალეს თეთრ კაბაში. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ცერემონია ოდესაში, დიდების ხეივანში ჩატარებულიყო, მაგრამ ქმარმა, მისი თქმით, გარდაცვლილის მშობლების ნება გააჟღერა და დაჟინებით მოითხოვა მისი პესჩანკაში გადასვენება.
მოგვიანებით უკრაინაში იულია რიაბჩინსკაიას სპორტული დიდების მუზეუმი გაიხსნა.
კახაბერ ლომიშვილი (ნოჩბოსანთა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):

– სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი ვერსია არ გავრცელებულა. იმ დღეს იყო დიდი ვარჯიში და უკვე ბაზაზე ბრუნდებოდნენ, როდესაც იულია დაწინაურებულა და თვალს მოეფარა. ნაპირთან ახლოს გაიარა, ნიჩაბი მოუხვდა მდინარის ფსკერზე და ნავი გადაუბრუნდა, თვითონ კი წყალში აღმოჩნდა. როგორც გამოძიება ამბობდა, მას ფილტვებში წყალი არ აღმოაჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კი არ დაიხრჩო, არამედ, გული გაუჩერდა ან და გაუსკდა. როცა მოისაკლისეს და ვერ იპოვეს, ძებნა დაიწყეს. ნახეს მისი ნავი. მეთევზეები ყოფილან იქვე და ბადე გადაუგდიათ, რასაც გარდაცვლილის გვამი ამოჰყოლია. ზოგი ამბობდა, რომ ცურვა არ იცოდა და დაიხრჩო, ზოგმა თქვა, შეეშინდა და გული გაუსკდაო. მე ვფიქრობ, რომ ვარჯიშის დროს მიიღო დიდი დატვირთვა, ორგანიზმი ჰქონდა გახურებული და უცებ ცივ წყალში რომ აღმოჩნდა, გული გაუსკდა.
– შეიძლება, რომ ადამიანი ამ სპორტით იყოს დაკავებული და ცურვა არ იცოდეს?
– ახლა, ღევანდელ დღეს ეგ გამორიცხულია, რადგან ჩვენ ბავშვების აღზრდას სწორედ ცურვის შესწავლით ვიწყებთ, თუმცა მაშინ გამორიცხული არ იყო, რომ არ სცოდნოდა. იულიამ გვიან დაიწყო ვარჯიში და ისიც იმიტომ, რომ სამსახურში ნავით დადიოდა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ცურვა იცოდა თუ არა. სწავლის დროს ხშირია, ნავის გადაბრუნება და მგონია, რომ შეუძლებელი იყო, არ სცოდნოდა ცურვა. ასეთი შემთხვევა არც მახსენდება, რომ ნიჩბოისნობაში ვინმე დამხრჩვალიყოს ვარჯიშის ან ასპარეზობის დროს. 3 წლის წინ მოხდა შემთხვევა, რომ ბელარუსში ბავშვი დაიხრჩო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე მას ეპილეფსია ჰქონია და მშობლებმა დამალეს. ჩავიდა წყალში, დაემართა ეპილეფსიური შეტევა და ბავშვი გარდაიცვალა.






















