
ფილარმონიასთან შეკრებილმა „რიონის ხეობის მცველებმა” გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს. როგორც აქციის ორგანიზატორებმა თქვეს, პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.
ამ წუთებში გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა ფაქტობრივად, პარალიზებულია.
ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ.
ცნობისთვის, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლებას შორის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ პროტესტის დედაქალაქში გადმოტანის გადაწყვეტილება მიიღეს. მთავრობამ მათ ჰესის მშენებლობაზე ერთი წლის განმავლობაში მორატორიუმი შესთავაზა, თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, მოსამზადებელ სამუშაოები არ გაჩერებულა.
პროტესტის თავდაპირველი ადგილი სოფელი ნამოხვანია, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ისინი ნამახვანჰესის მშენებლობას უწყვეტად აპროტესტებენ. მათ ადგილზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
ისინი ამბობენ, რომ ეკოლოგიური საფრთხის გარდა, მთავრობამ მშენებელ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით სახელმწიფო ინტერესები დათმო.
რიონის ხეობის აქტივისტებისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის კასკადის აუცილებლობასა და წარმატებაზე საუბრობს ხელისუფლება. ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ განუცხადებია, რომ ეს პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ და უსაფრთხოებისკენ ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.
რიონის ხეობაში ჰესს კომპანია ენკა აშენებს. ENKA აცხადებს, რომ ნამახვანჰესის პროექტი დეტალურადაა შესწავლილი და რაიმე საფრთხეს მოსახლეობისთვის ან ხეობისთვის არ წარმოადგენს.























