00:01 | 2021-05-26 ავტორი: Prime Time

„იშვა 26 მაისი!“ – დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

„იშვა 26 მაისი!“ – დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

 

„26 მაისის დილას, 1918 წელს მეც ისე ვღელავდი, როგორც ალბათ, ბევრი სხვა ქართველი“, – იხსენებდა წლების შემდეგ ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, შალვა ამირეჯიბი,

 

„ხუმრობა საქმე არ იყო. 117 წლის მონობის შემდეგ, საქართველო თავის დამოუკიდებლობას აცხადებდა… რამდენი ჩავიდა საფლავში თაობა, რომ ეს ოცნება თან ჩაიტანა“.

 

 

ცხადია, მარტო შალვა ამირეჯიბს არ გახსენებია თაობები, რომლებიც დღენიადაგ მონობის წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობას მაინც ვერ მოესწრნენ. სამხრეთ კავკასიაში დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი, ოლივერ უორდროპი, 1919 წლის 8 ოქტომბრით დათარიღებულ ერთ-ერთ წერილში აღწერს სტუმრობას ილია ჭავჭავაძის დასთან, 80-ს გადაცილებულ ელისაბედ (ლიზა) ჩერქეზიშვილთან:

 

 

„ლიზამ მითხრა, რომ ილიას საფლავთან მივიდა, რომელიც მთაზე, წმინდა დავითის ეკლესიასთანაა და ჩასძახა, რომ ბოლოს და ბოლოს საქართველო თავისუფლალია. დარწმუნებულია, რომ ძმამ მისი ხმა გაიგონა და ახლა ბედნიერია.“

 

 

… „წუთი, კაცი და ქაღალდი ისტორიული ხდებოდა!…

 

 

1918 წლის 26 მაისს ბედნიერებით იყო გაჟღენთილი მთელი საქართველო: ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ხმამაღლა წაიკითხა „დამოუკიდებლობის აქტი“:

 

„მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო… ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ სახელმწიფოებრვი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს… ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო აცხადებს: ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა!“

 

საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები ფეხზე ადგომითა და ტაშით შეხვდნენ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თუმცა ჰიმნი ვერ იმღერეს, რადგან ჯერ არ ჰქონდათ.

 

 

1918 წლის 26 მაისს „დამოუკიდებლობის აქტი“ მეორედაც წაიკითხეს, ამჯერად სასახლის წინ შეკრებილი „ტფილისის ხალხისთვის“, რომლებსაც აივნიდან მიმართა პარლამენტის კანცელარიის მდივანმა ილია ზურაბიშვილმა.

 

 

დღის ბოლოს დეპუტატები შეუდგნენ დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მოწერას.

 

 

მღელვარება და სიხარული საერთო გახდა. დამსწრე საზოგადოებამ პარლამენტის წრე გადმოლახა და დეპუტატებში აირია. საქართველოს დამოუკიდებლობის საძირკვლის ჩამყრელნი პრეზიდიუმის მაღლობზედ ადიოდნენ და აქტზედ ხელს აწერდნენ. წუთი, კაცი და ქაღალდი ისტორიული ხდებოდა!“, – იხსენებდა წლების შემდეგ ისტორიული მოვლენის ერთ-ერთი მონაწილე.

 

 

103 წელი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან

 

 

ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. უკვე წლებია ეს დღე სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნება, თუმცა წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ დღეს სახელმწიფო უწყებებს სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებები აქვთ დაგეგმილი.

 

საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი 26 მაისს ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავენ. ისინი სიტყვით გამოვლენ. გაიმართება დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

 

გურული გლეხის ლექსი, რის გამოც ავტორი ქვეყნიდან სამუდამოდ გაასახლეს
2020-05-26გურული გლეხის ლექსი, რის გამოც ავტორი ქვეყნიდან სამუდამოდ გაასახლეს

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებულებს’’ ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია დააჯილდოვებენ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღინიშნება ასევე რეგიონებში, გორის, ქუთაისისა და სენაკის ქვეით ბრიგადებში.

 

რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიას პერმანენტულად გასდევს ერთი და იგივე მაგალითები – სწრაფვა ევროპულ ოჯახში დამკვიდრებისკენ და რუსეთის მხრიდან ამ პროცესების ჩაშლა…

 

რუსეთი სწორედ მაშინ ხდება ყველაზე აგრესიული, როცა საქართველო სულ უფრო უახლოვდება ევროპას…

 

 

დაგაინტერესებთ: საბჭოეთის ეპოქის მიერ გიჟად შერაცხული ქართველები

 

ფაქტია ისიც, რომ დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ 1921 წლის 25 თებერვლამდე იარსება. დიახ, ჩემო ვარლამ, მერე იყო ისევ დიდი ოკუპაცია… დიდი რეპრესიები… და მერე ისევ გამარჯვება, ისევ დამოუკიდებლობა, მაგრამ 26 მაისი დარჩა ხელშეუხებელ საზეიმო თარიღად.

 

კიდევ იმასაც დავამატებ, რომ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საკმარისი იყო, რამე დაგეწერა, ან გეთქვა ისეთი, რაც ბოლშევიკებს არ მოეწონებოდათ, რომ ადამიანის ბედი ერთ წამში გადაწყვეტილი იყო.

 

ამ მეთოდის შესახებ მეტნაკლებად ყველა ადამიანისთვისაა ცნობილი.

 

„პრაიმტაიმი“ იყო სწორედ პირველი, რომელმაც იმ ადამიანების სახელები და გვარები მოიძია, ვინც 1929 წლიდან 1988 წლის ჩათვლით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ჟურნალში გაუტარებიათ.

ავტორი: Prime Time

X