11:53 | 2021-05-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„მიყვარხარ საქართველო!“ – ვინ არის ებრაელი ჯარისკაცი, რომლის ნამღერმა „თეთრმა რაშმა“ სოციალური ქსელი „ააფეთქა“ (ვიდეო)

„მიყვარხარ საქართველო!“ – ვინ არის ებრაელი ჯარისკაცი, რომლის ნამღერმა „თეთრმა რაშმა“ სოციალური ქსელი „ააფეთქა“ (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში 2018 წლიდან მოყოლებული აქტიურად ზიარდება ისრაელის ჯარის ფორმით შემოსილი ბიჭის ვიდეო, რომელიც ქართულად მღერის. მისმა შესრულებულმა სიმღერამ „თეთრი რაში“ ქართველების გული დაიპყრო და სიამაყით აღავსო.

 

„პრაიმტაიმი“ გაგაცნობთ ბიჭს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს. ხაიმ შიმი – იგივე ხაიმ შიმშილაშვილი 30 წლისაა და მუსიკით არის დაკავებული.

 

ეს სიმღერა ინტერნეტსივრცეში 2018 წელს აიტვირთა, თუმცა, იერუსალიმში 2011 წელს ვიმღერე. მაშინ ჯარში ვიყავი.

 

ჩემი მშობლები ქართველები არიან, დედა ქუთაისელია, მამა – რაჭველი. დედაჩემის მამა პირველი ქართველი იყო 18 ებრაელ ოჯახს შორის, რომელიც ისრაელში ჩამოვიდა.

 

პირველად საქართველოში რომ ჩამოვედი, მგონი, 21 წლის ვიყავი და 10 დღით დავრჩი. და-ძმა მყავს, ისრაელში დავიბადეთ. ჩვენს მშობლებს უნდოდათ, რომ გვენახა, ისინი სად გაიზარდნენ. მეორედ რომ ჩამოვედი, ბათუმშიც წავედით. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა“, – გვიყვება ხაიმი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ხაიმმა კომპანიაშიც სცადა ბედი, საკუთარი თავი საბოლოოდ მუსიკაში იპოვა. ის ინგლისურენოვან სიმღერებს ქმნის, ასეთი უკვე 14 აქვს. (ნახეთ მისი არხი)

 

 

„მიყვარს კითხვა, მოგზაურობა, ფეხბურთი. სახლში საკუთარი ხმისჩამწერი სტუდია მაქვს და ჩემი სიმღერების კომპოზიტორი თავად ვარ.

 

ისრაელში რთული ვითარებაა და ეს დიდი ხანია ასეა. არ მიყვარს ახალი ამბები. როცა სიახლეებს ვუსმენ, მუზა მეკარგება. არ მინდა მოწყენა, არ შემიძლია ასეთი ცხოვრება, ამიტომ ახალ ამბებს არ ვუყურებ“, – ამბობს ხაიმი და ქართველებს მიმართავს:

 

„ქართველებს ვეტყოდი, რომ კარგი ცხოვრება და მშვიდობა ჰქონდეთ. ყოველთვის მოუსმინეთ მუსიკას, მიყვარხარ საქართველო!“

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X