12:31 | 2021-05-27 ავტორი: Prime Time

ჩაკეტილი ხეობა და რკინის ჯებირების დაზიანებისთვის დაწყებული გამოძიება- როგორ გრძელდება ბრძოლა რიონის ხეობის დასაცავად

ჩაკეტილი ხეობა და რკინის ჯებირების დაზიანებისთვის დაწყებული გამოძიება- როგორ გრძელდება ბრძოლა რიონის ხეობის დასაცავად

ხმაური იყო გვიან ღამით გუმათში, სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ.

 

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს გზა აქვთ გადაკეტილი სოფელ ტვიშთანაც. კარვებია გაშლილი „ენკას“ საწყობთან, გუმათის ჰესთან და სოფელ ტვიშში.

 

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილია როგორც ქუთაისიდან, ისე რაჭიდან. გოლეთიანი ამბობს, რომ არ დაუშვებენ ხეობაში „ენკას“ სპეცტექნიკის და ავტომანქანების შესვლას, რათა კომპანიამ მუშაობის გაგრძელება ვერ შეძლოს.

 

შსს-მ გუმათჰესთან აქციის მონაწილეების მიერ ბრახუნის გამო რკინის ჯებირების დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

 

მე მასწავლით ქრისტიანობას? - კამათი რიონის ხეობის მცველებსა და ფალავანდიშვილებს შორის
2021-05-27მე მასწავლით ქრისტიანობას? - კამათი რიონის ხეობის მცველებსა და ფალავანდიშვილებს შორის

 

მათი განცხადებით, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ.

 

უწყება, ასევე აცხადებს, რომ სამინისტრო დეტალურად სწავლობს ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

 

გუშინ, 26 მაისს რიონის ხეობის მცველებმა თბილისიდან ისევ გუმათში გადაინაცვლეს. გუმათჰესთან გზაზე დამონტაჟებულ რკინის ჯებირებზე აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად რამდენიმე საათის განმავლობაში აბრახუნებდნენ.

ამ წუთებში გუმათში ხმაურია - LIVE
2021-05-27ამ წუთებში გუმათში ხმაურია - LIVE

 

სოფელ გუმათში რიონის ხეობის მცველს, მაკა სულაძესა და ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრებს, ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

 

 

მაკა სულაძემ ფალავანდიშვილებს მიმართა, რომ არავის აქვს უფლება ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს რამე მიუთითოს.

 

მაკა სულაძის თქმით, ფალავანდიშვილების ჩარევა ამ საკითხში საჭირო არ არის.

 

“მე მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდით და როდის დავიჭერთ ხელში? ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად და ჩვენ თვითონ მივუთითებთ აქ ვის რა გავუკეთოთ, თქვენთვის არ დაგვივალებია. არ მოგვეწონება? შემოვა ის თავისი ნიშნით, თავისი დროშით და თავისი იდეოლოგიას თუ მოახვევს თავზე, საკმარისი ძალა გვყავს, რომ მივლენ ბიჭები… არ არის საჭირო თქვენი ჩარევა”, – მიმართა სულაძემ ფალავანდიშვილებს.

 

 

24 მაისს რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე მისულ აქტივისტებს, სალომე ბარკერს და ზუკა ბერძენიშვილს, გურამ ფალავანდიშვილის შვილმა ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

 

 

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციებს თითქმის შვიდი თვეა მართავენ. 23 მაისს, მათ გუმათიდან გადაინაცვლეს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე მსვლელობა გამართეს.

 

 

26 მაისს, საღამოს “რიონის ხეობის მცველები” გუმათში დაბრუნდნენ. მათი უპირველესი მოთხოვნაა გაუქმდეს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის შესახებ საქართველოს მთავრობასა და „ენკას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მიიჩნევენ და კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს. მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას გადადგომაც.

 

 

პროტესტის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს, ჩაერთონ პროექტის ყველა დეტალის გასარკვევად შექმნილ ფორმატებში, ექსპერტების და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობით.

ავტორი: Prime Time

X