
ზუსტად 1 წლის წინ, ჟურნალისტი ირმა ჭკუასელი გარდაიცვალა. ის ჟურნალ “სარკეში” მუშაობდა. ამ სამწუხარო ფაქტზე თანამშრომლის ხსოვნის პატივსაცემად ჟურნალმა სტატია გამოაქვეყნა და გარდაცვლილის დედა ჩაწერა. ირმა ჭკუასელი 25 წლის იყო.
ნათია ჩხარტიშვილი ამბობს, რომ გარდაცვალებამდე კლინიკაში მყოფი შვილი 13 დღის განმვალობაში არ უნახავს, მას ამის საშუალება კორონავირუსის დროს საკარანტინო რეჟიმის გამო არ მიეცა. დედა იხსენებს, რომ მომაკვდავმა შვილმა შველა სოციალური ქსელის მეშვეობით ითხოვა, რის შედეგადაც 25 წლის ჟურნალისტს კლინიკაში ტელეფონიც ჩამოართვეს.
ინფიცირებულს თანმდევი დაავადებაც ჰქონდა. დედის ცნობით, მას გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ოპერაციაც გაუკეთდა, მაგრამ მდგომარეობა სწორად ვერ მართეს.
“საშინელი იყო ეს ერთი წელი, ირმა ჩემი გულისა და სულის დანაკარგია, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს შემიცვლის. ყოველ საღამოს ვნატრულობ, რომ სიზმრად მაინც მოვიდეს, მაგრამ მხოლოდ ერთი-ორჯერ ვნახე, შორს იდგა…
ჩემს უმცროს შვილს ჰყავს 3 წლის გოგონა, ირმაკოს ის ძალიან უყვარდა და ზაფხულში კიდევ გვეყოლება ერთი გოგო, ჩემს მეორე შვილს ირმა დაესიზმრა და უთხრა, გოგონა დაიბადებაო. კიდევ ერთი შვილიშვილის მოლოდინში ვარ. უფალმა გოგო გამოგვიგზავნა ირმაკოს სახელზე…
ისეთი დროა, სამართალს სად იპოვი. ბავშვი 13 დღე არც კი მანახეს. მერე ინტერნეტში დაწერა, რომ შველას ითხოვდა და ამის მერე ტელეფონი ჩამოართვეს და გამომიგზავნეს. არც მიშვებდნენ, მაშინ ყველაფერი ჩაკეტილი იყო.
ირმას თანმდევი დაავადება ჰქონდა, მაგრამ მკურნალობდა და მაგ პერიოდში ყველაფერი კარგად იყო. ოპერაცია რომ გაუკეთეს, ვეღარ მიხედეს იმ პრობლემას, ოპერაცია მარტის ბოლოს გაკეთდა. გზები იყო ჩაკეტილი და გადმოყვანაც ვეღარსად მოვახერხეთ. ალბათ, ყველაფერი უფლის ნებაა…
ის ექიმი, რომელიც ტელეფონზე წესიერ პასუხსაც არ მცემდა ირმას მდგომარეობის შესახებ, მალევე კოვიდით გარდაიცვალა და ახლა რაღას დავამტკიცებ?” – ამბობს ჟურნალისტის დედა.






















