
ბოლო პერიოდში განვითარებულ ამბებს თუ გადავხედავთ, შესამჩნევია, რომ სასულიერო პირების შესახებ მუდმივად სკანდალური ინფორმაციები ვრცელდება.
მწვავე ამბების ფონზე ყურადღების მიღმა რჩება ისეთი კარგი საქმეები და ის ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებენ.
სასულიერო პირების ქველმოქმედებაზე, მათ კეთილ საქმეებზე იშვიათად ნახავთ ინფორმაციებს.
რამდენიმე ხნის წინ „პრაიმტაიმმა“ წმინდა ივლიტასა და კვირიკეს სახელობის ტაძრის წინამძღვრის, გიორგი ყიფშიძის წამოწყებაზე მოგაწოდათ ინფორმაცია, სადაც ვწერდით, რომ ყოველ შაბათს მოძღვართან უბნის ბავშვები იკრიბებიან, ისმენენ ინფორმაციებს და თავის აზრებს უზიარებენ მოძღვარს. სწავლობენ სიკეთის კეთებას და კარგი საქმეები იდეებიც იბადება.
ერთ-ერთი ახალი ფრთაშესხმული იდეა გასულ შაბათს პირადად ვიხილე. მრევლის შვილებმა, ტაძრის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოაწყვეს. თუმცა ეს ყველაფერი შაბათს არ დაწყებულა. ეს უკვე მესამე ეტაპი იყო.

როგორც წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის იკონომოსმა, მანანა ვაჩეიშვილმა გვითხრა, მამა გიორგი ყიფშიძის ინიციატივით ტაძრის ტერიტორიის გალამაზება დაიწყო.
მისი თქმით, ეს ტაძრის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების მესამე ეტაპია.

ამ ფაქტს მხარდაჭერა მრევლმაც გამოუცხადა და პატარა ბავშვებმა მოძღვართან ერთად გამწვანების აქცია დაიწყეს.
ნარგები დეკანოზმა, გიორგი ყიფშიძემ პირადად შეიძინა. გამწვანების აქციაში 25 ბავშვია ჩართული.

ახალ ნარგავებს მოვლა-პატრონობა სჭირდება და ამიტომ ეს დიდი გუნდი ჯგუფებად გადანაწილდა და ყოველდღიურად 4-5 ბავშვი მოდის და ახალ ნარგავებს თავად რწყავს.
ეს ფაქტი მშობლებსაც ახარებს, ერთ-ერთმა ბავშვმა ნერგების დარგვიასას მითხრა: „ყოველთვის მინდოდა ყვავილების დარგვა და მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. მთელი ღამე არ მეძინა სიხარულით, ისე ველოდი ამ დღესო“

ტაძრის იკონომოსი, ქალბატონი მანანა, პატარებს ასწავლის, როგორ უნდა მოუარონ ჩითილს, როგორ უნდა გაანოყიერონ მიწა და მორწყონ ახალი ნარგავები. პატარები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთ შეასრულებს „დაკისრებულ მისიას“.

ყვავილების დარგვასა და მოვლაში გოგონებთან ერთად ბიჭებიც მონაწილეობენ.
ბიჭები ტოლს არ უდებენ გოგოებს და პირიქით. შეიძლება ითქვას, პაექრობაც აქვთ გამართული, ვინ უფრო მეტ ნარგავს გაახარებს.
შაბათს, ტაძრის ტერიტორიაზე ახალი ნარგავები დარგეს. ეს საკმაოდ ფართომაშტაბიანი საქმე აღმოჩნდა. სარეველა ბალახით დაფარული ადგილი, ტაძრის სტიქაროსნებმა გაასუფთავეს, მიწა დაამუშავეს და უსახურ ადგილს ახალი სიცოცხლე შთაბერეს.

ერთ-ერთი სტიქაროსანი, თემო ჭანტურია, რომელიც მოძღვარს ნარგავების დარგვაში ეხმარება, დეტალურად უხსნიდა იქ მყოფებს, ახალი ნერგების მოვლის შესახებ, რატომ და როდის უნდა მოირწყას ესა თუ ის ნარგავი, რომელ სეზონზე რა უნდა დაირგას და ა.შ.

ბარბარე დესპოტაშვილი: ჩვენ მამას მოვყავრთ ტაძარში. სულ დავდივართ წირვაზე და ლოცვაზე. ვესწრებით მოძღვართან შეკრებებს და ამ პროექტშიც ვმონაწილეობთ. ახლა ჩვენს დარგულ ყვავილებს ვუვლით“.

მათე: თავიდან ამის შესახებ გავიგე მეგობრებისგან. მერე შაბათის შეკრებაზე მოვედი, მამაოს მოვუსმინე და ძალიან მომეწონა. როცა გავიგე, რომ ჩემი თანატოლები ყვავილებს რგავდნენ, მამაოს ვუთხარი, რომ მინდოდა მონაწილეობის მიღება“.
თეკლა ქინქლაძე: „მამაჩემიც სტიქაროსანია ამ ტაძარში. მე ძალიან მიხარია აქ მოსვლა, რადგან ახლა უფრო გავალამაზეთ ეზო. ყოველდღიურად მოვდივართ და ჩვენ თვითონ ვრწყავთ ყვავილებს“.

ბარბარე ტოფაძე: „მე რომ გავიგე ამ პროექტის შესახებ ძალიან გამიხარდა და გოგოებთან ერთად ჩავერთე საქმეში. ეს კარგი საქმეა ძალიან. აქ რომ ვიკრიბებით კარგ დროს ვატარებთ, უფრო დავმეგობრდით და გვიხარია“.

„სხვა ტაძრის მრევლი თუ მოგვბაძავს და ასე გაალამაზებ თავისი ტაძრის ტერიტორიას ძალიან კარგი იქნება. ამით მხოლოდ კარგ საქმეს გააკეთებენ“,- ამბობს მათე სილაგაძე.

დღის ბოლოს ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგი ყიფშიძემ ახალგაზრდა მრევლს სიურპრიზი მოუწყო და ტაძრის ტერიტორიაზე ქიმიური შოუს წარმოდგენა გაიმართა.


გარდა ამისა, ცოტა თუ იცის, რომ ტაძარში წირვის დროს მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სპეციალური კუთხეა მოწყობილი, სადაც მათთვის სათამაშოებია განტავსებული. სანამ მშობელი წირვას უსმენს, ბავშვები უსაფრთხოდ და თავისუფლად ერთობიან.

ასევე ნახეთ:






















