
დღეს “რუსთავი 2“ 27 წლის გახდა. არხი მაყურებლებს ბევრს სიახლეს ჰპირდება.
“რუსთავი 2-ს“ უბრუნდება ტელეკომპანიისთვის ნაცნობი პროექტები და სახეები. ყოველ კვირას იხილავთ PS-ს, რომელსაც გურამ როგავა წაიყვანს. ახალ გუნდში იქნებიან, ყველასთვის ნაცნობი, დავით კიკალიშვილი და დავით ნიკურაძე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ისევ ამ არხზე გაერთიანდებიან.
ამასთან, არხზე ახალი სეზონიდან CBS-ის ლიცენზირებული ტელეპროექტი “ექიმები” იქნება. ლევან რატიანი, ლევან ქარაზანაშვილი და რეზო ომიაძე თქვენთვის ყველაზე საინტერესო თემების შესახებ ისაუბრებენ.
ასევე სულ მალე საერთაშორისო მეგა პროექტი და ყველა დროის ყველაზე რეიტინგული მეგა შოუ – “ნიჭიერი” ბრუნდება.
სიახლეა ქალების გადაცემაც, ქალების რომლებსაც თქვენთვის ბევრი აქვთ სათქმელი.
“90-60-90-ზე“ – “ემის“ მფლობელი ლიცენზირებული პროექტია. ამ გადაცემაში 4 წარმატებული და ცნობილი ქალი პირად გამოცდილებას გაუზიარებს მაყურებელს, იხუმრებენ, განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებენ და ორიგინალურ გადაწყვეტასაც შემოგვთავაზებენ.
“რუსთავი 2-ის“ ისტორია 1994 წელს ქალაქ რუსთავში დაიწყო. არხი საკუთარ ამბავს საუკუნის მეოთხედზე მეტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიასთან ერთად წერს.























