
“პრაიმტაიმს” ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, კარლო კოპალიანმა სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე ხმაურიან მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა, რომ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ტექნიკური უნივერსიტეტის რიცხულ ქონებაზე, სადაც რესტორნები ფუნქციონირებენ ბიზნეს ინტერესები აქვს და ამიტომ მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში მისი პარტიის აქტივისტები.
კარლო კოპალიანს უჭირს დააკონკრეტოს პოლიტიკოსის კავშირები შპს. ვილაძარასთან და შპს. ვილაძარა ჯგუფთან, მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ გიორგი ვაშაძე და მისი პარტიის წევრები ხშირად იკრიბებოდნენ შპს. ვილაძარას ოფისებში.
“რექტორის გადადგომის მოთხოვნით გამართულ ე.წ. აქციაში ტექნიკური უნივერსიტეტის მხოლოდ სამი სტუდენტი მონაწილეობდა, რომლებიც ოპოზიციური პარტიების აქტივს წარმოადგენენ.
ერთი წელია, რაც უნივერსიტეტის რექტორი და მე აქ დავსაქმდით, ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუბრუნდეს ქონება და შეასრულონ ვალდებულებები. შესაძლოა, ამ მიზნით გენერალურ პროკურატურასაც მივმართოთ.

რაც შეეხება იჯარით გაცემულ ქონებას, სადაც რესტორნები ფუნქციონირებს, საიჯარო თანხა მილიონს აღწევს, რომელიც არის გადასახდელი. საქმე სასამართლომდე მივიდა და ამ მოიჯარე ორგანიზაციას ყადაღა დაედო.
ხოლო სარესტორნო ორგანიზაციის მოწილეების შესახებ დაზუსტებულად ვერ გეტყვით, რომ გიორგი ვაშაძის ოჯახის წევრიცაა მათ შორის, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე შეგვიძლია გითხრათ, რომ გიორგი ვაშაძეს ბიზნეს ინტერესები აქვს ამ გაიჯარებულ ობიექტზე.
ვაშაძე და მისი პარტიის წევრები საპარლამენტო არჩევნების დროს, ხშირად იკრიბებოდნენ ამ ობიექტების ოფისებში, ამ ობიექტებს აქვთ როგორც ხუთი რესტორანი, ისე – ორი ოფისი.
მაქვს ინფორმაცია, რომ სტურუა და ვაშაძე მეგობრები არიან და აქედან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი, ამიტომაც გონივრული ეჭვი არსებობს, რომ ვაშაძეს თავისი ბიზნესინტერესები აქვს ამ ობიექტებთან მიმართებაში.
ახლა, ვვარაუდობთ, რომ ის პარლამენტიდან ცდილობს ამ ბიზნესის “დაკრიშვას“. ამიტომაც, გუშინ, თავს დაესხა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და პროფესურას, აკადემიურ საბჭოს ცრუ საბჭო უწოდა და ასევე, პენსიონერთა თავშესაფარი. გიორგი ვაშაძემ ბაკალავრიატიცა და მაგისტრატურაც სწორედ ამ უნივერსიტეტში დაამთავრა, ამ განცხადებებით კი თავისივე კვალიფიკაცია ეჭვქვეშ დააყენა.” – აცხადებს კარლო კოპალიანი.
ამის შემდეგ, “პრაიმტაიმი” შპს. ვილაძარას დაუკავშირდა. კომპანიის მენეჯერი აცხადებს, რომ მას აღნიშნულ ობიექტებზე პოლიტიკოსი არასოდეს უნახავს და არც ვილაძარას წილების შესახებ აქვს ინფორმაცია.
ხოლო შპს. ვილაძარას წილის მფლობელი ვანო სტურუა აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძე მამამისის მეგობარი იყო და პოლიტიკოსს მხოლოდ ერთხელ, მამის პანაშვიდზე შეხვდა, მას შემდეგ კი, ვაშაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
თავად გიორგი ვაშაძე “პრაიმტაიმის” ზარებს არ პასუხობს. თუ მას სურვილი ექნება, გამოეხმაუროს აღნიშნულ თემას, მის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
























