
ერთადერთი თხოვნა, გასაკეთებელი რაც არის და მთავარი არის გაითვალისწინოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, თავი დაანებოს მავნებლობას ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება დღევანდელ მდგომარეობაში და დღევანდელ სიტუაციაში. თუ საჭიროება იქნა დამატებითი ღონისძიებების გატარების, ამასაც გავაკეთებთ – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს.
„ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია, კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია, რეისები განხორციელებულ იქნა. ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც მოხდა ადამიანების ჩამოყვანა, ვისაც სურვილი აქვს რა თქმა უნდა დაბრუნების, ეს პროექტი იქნება გაგრძელებული. ერთადერთი თხოვნა, გასაკეთებელი რაც არის და მთავარი არის გაითვალისწინოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, თავი დაანებოს მავნებლობას ეს იქნება ყველაზე დიდი დახმარება დღევანდელ მდგომარეობაში და დღევანდელ სიტუაციაში.
თუ საჭიროება იქნა დამატებითი ღონისძიებების გატარების, დამატებითი თხოვნა ადამიანებზე, ქვეყნებზე, ბიზნეს სექტორზე დახმარების და ხელშეწყობის, ამასაც გავაკეთებთ, მაგრამ ჯერ არ არის ამის აუცილებლობა იმიტომ, რომ ქვეყანა ამას აკეთებს. რეისები არსებობს, გუშინ, გუშინწინ ჩამოიყვანეს ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება“- განაცხადა კალაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას შესთავაზა უცხოეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა საგანგებო ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
„ამ დღეებში მე მივიღე ძალიან ბევრი შეტყობინება ქართველებისგან, რომლებიც გაჭედილი არიან ევროპის მრავალ ქვეყანაში. ბევრ მათგანს არ აქვს ფული, დოკუმენტები, სამედიცინო დაზღვევა და ისინი არიან უკიდურესად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში. მათ იმის ფულიც კი არ აქვთ, რომ იმ მცირერიცხოვან რეისებზე აიღონ ბილეთები, რომლებიც უკვე არის დანიშნული.
ამიტომ მე, ჩემი მეგობრების დახმარებით, მოვიძიე რესურსები და ვიპოვე ავიაკომპანიები, რომლებიც უახლოეს დღეებში ჩამოიყვანენ საქართველოში 1000 (ათას) ადამიანს გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და ასევე, ამის პარალელურად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ავტობუსებით ჩამოვიყვანოთ რამდენიმე ათასი ადამიანი საბერძნეთიდან და თურქეთიდან, თუ რა თქმა უნდა, იქნება ასევე თანამშრომლობა თქვენი მხრიდან“, – ამბობდა ვიდეომიმართვაში სააკაშვილი. მისივე თქმით, უკრაინული ავიაკომპანია, მზადაა ემიგრანტების ჩამოსაყვანად ავიარეასიები განახორციელოს.
სააკაშვილის შეთავაზება საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო. „საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე არავის დახმარება არ სჭირდება“, – ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ყოფილ პრეზიდენტს.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 90-მდე გაიზარდა.
- 29 მარტს გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 18 მიაღწია.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















