
ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს, ყველანი შემართებითა და სიფრთხილით უნდა ვიყოთ – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულში ჩავიდა, სადაც თავდაცვისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს ესაუბრა.
„ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები.
ჩვენ ეხლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს.
მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა – ჩვენ ეხლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მარნეული და ბოლნისი უკვე მეშვიდე დღეა წითელ ზონად არის გამოცხადებული.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 90-მდე გაიზარდა.
- 29 მარტს გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 18 მიაღწია.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















