
ლეგენდარული ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე სარაგბო კარიერას ასრულებს, ამის შესახებ ვეტერანმა სპორტსმენმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„30 ივნისს მიმთავრდება მოქმედი კონტრაქტი ფრანგულ „ტულონთან” და მის გახანგრძლივებას აღარ ვაპირებ. გადავწყვიტე დავასრულო სარაგბო კარიერა. თუ რამეში დასჭირდება ქართულ რაგბს ჩემი დახმარება, მუდმივად მის გვერდით ვიქნები“, – განაცხადა გორგოძემ.
მისივე თქმით, ლევან მაისაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები ყველაზე სანახაობრივ თამაშს აჩვენებს.
„ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ქართული რაგბის ისტორიაში ყველაზე უფრო სანახაობრივ თამაშს აჩვენებს. რაგბი ევროპის მიმდინარე გათამაშებაში მეტოქეებიც ძალიან სუსტები იყვნენ, თუმცა ჩვენც ბევრი ახალგაზრდა გამოვცადეთ. მიზანი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება უნდა იყოს“, – აცხადებს სპორტსმენი.
მამუკა გორგოძემ სარაგბო კარიერა 2003 წელს, 17 წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი გუნდი „ლელო სარასენსი“ იყო, 2005 წლიდან კი „გორგოძილა“ ფრანგულ კლუბ „მონპელიეში“ გადავიდა და ამ დრომდე საფრანგეთის ჩემპიონატის არაერთ ტიტულოვან გუნდში თამაშობდა.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, ვეტერანმა სპორტსმენმა „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში 135 შეხვედრა ჩაატარა და 4 მსოფლიოს თასზე ითამაშა.






















