
16 ივნისიდან გადაცემა “ექიმები” ეთერშია! ყოველ ოთხშაბათს 22 საათზე ყველასთვის გასაგებ ენაზე, მაყურებელი, მოისმენს ექიმების მნიშვნელოვან რჩევებს. ნახავთ ძალზედ საინტესეო სიუჟეტებს, ცრემლისმომგვრელ ემოციურ ინტერვიუებს, სახალისო თუ ბედნიერების ცრემლის მომტან თემებსა და კადრებს…
პროფესიონალ ექიმთა გუნდის შემადგენლობაში არიან: ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ლევან რატიანი, კარდიოლოგი ლევან ქარაზანიშვილი და ოფთალმოლოგი, რეზო ომიაძე.
გადაცემის წამყვანია თიკა ფაცაცია. როგორც ის “პრაიმტაიმის” მკითხველს უყვება, როდესაც ექიმების სიას გაეცნო, შემოთავაზებაზე ბევრი არც უფიქრია.
თიკა ფაცაცია: – ძალიან გამიხარდა სუპერსთარ შემადგენლობასთან ერთად მუშაობა. ლევან რატიანი მაშინ გავიცანი, როდესაც ჩემს კოვიდინფიცირებულ მამას მკურნალობდა. ძალიან საყვარელი ადამიანია. ძალიან გულისხმიერი, გამორჩეული, განსხვავებული და წამყვანადაც ყოჩაღია! ამ ამპლუასაც მარტივად ითვისებს.
ლევან ქარაზანიშვილს არ ვიცნობდი. შორიდან ვიცოდი, რომ არაჩვეულებრივი კარდიოლოგია და სიმპათიით ვიყავი განწყობილი. რეზო ომიაძე, ოფთალმოგია, რომელიც რამდენიმე წლის წინ, ამერიკაში, ცენტრალპარკში სეირნობისას, სრულიად შემთხვევით გავიცანი, როგორც ქართველმა – ქართველი. მაშინ რეზო იქ სწავლობდა. ეს ამბავი გადაცემის ჩაწერის წინ თვითონ გამახსენა.
მიხარია, რომ ერთმანეთი გვიხარია. მნიშვნელოვანია, როდესაც გუნდში ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათიებია.

გადაცემის ფორმატი მრავლისმომცველია. გინდა, არ გინდა, ჩვენი ყოფიდან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულნი ვართ სამედიცინო თემებით. სამედიცინო მიმართულებით პულსაციაზე გვიჭირავს ხელი. ეს გადაცემა კი არაჩვეულებრივი საშუალება იქნება მაყურებლისთვის, რომ მართლა კვალიფიციური და სანდო წყაროდან მოისმინონ ყველაფერი ის, რაც გვაინტერესებს. როცა ბევრი ინფორმაცია გაქვს, გამოსავალი ადვილად ჩნდება. როგორც საინტერესო, ისე დრამატული, სახალისო და მსუბუქ ჭრილშიც გვექნება გადაცემა.
პირველი გადაცემის (რომელიც კოვიდზეა) სიუჟეტში შვილები ჰყვებიან მამების ისტორიებს. მე ამ განსაცდელიდან ლევან რატიანის (და კიდევ სხვა ექმების) დახმარებით გამოვძვერი. ლევანმა მამას უმკურნალა. სიუჟეტი რომ ვნახე, თანაგანცდა მქონდა. მეც გამივლია ის დღეები, რაზედაც ისინი ჰყვებიან. გულისამაჩუყებელია, როდესაც შენნაირს იპოვი. და მით უმეტეს, გულში ჩამწვდომი იყო ის ისტორიები, რაც ჩვენი სიუჟეტის გმირების შემთხვევაში, ასე ტრაგიკულად დასრულდა. მაქსიმალური მობილიზების მუხედავად, თავი ვერ შევიკავე და ავტირდი. სხვანაირად არ გამომივიდა.
ამ გადაცემაში იქნება, როგორც მწუხარების, ასევე ბედნიერების ცრემლიც. სამედიცინო სფეროს ნამდვილად შეუძლია მოგანიჭოს ბედნიერების ცრემლები თავისი მიღწევებით და ექიმების პროფესიონალიზმით.
























