16:43 | 2021-06-15 ავტორი: Prime Time

ხმაურიანი განცხადებები, სკანდალები, დაპირისპირებები, ჭორები – ყველაფერი მეუფე იაკობის შესახებ

ხმაურიანი განცხადებები, სკანდალები, დაპირისპირებები, ჭორები – ყველაფერი მეუფე იაკობის შესახებ

14 ივნისს ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელი, სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი(აბულაძე) თანამდებობიდან გადადგმა. კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით მეუფე სპირიდონი ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ჩაანაცვლა.

 

კრიზისის მოგვარება მეუფე იაკობს დაევალა, თუმცა ის ადამიანები, ვინც მეუფე სპირიდონს და საპატრიარქოს აკრიტიკებდნენ და არსებული ვითარების შეცვლას, მეტიც, მეუფე სპირიდონის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ, ამ საკადრო ცვლილებით არა თუ კმაყოფილი დარჩნენ, კიდევ უფრო გაღიზიანდნენ და ასეთი შეფასებებიც კი გაკეთდა – „ვაის გავეყარეთ და უის შევეყარეთ”.

 

რატომ არის მეუფე იაკობი მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ე.წ. ლიბერალური ძალებისთვის, ამის გასარკვევად მეუფე იაკობის წარსული, მისი განვლილი გზა უნდა გავიხსენოთ.

 

მოკლე ბიოგრაფია

 

კონსტანტინე იაკობიშვილმა(შემდგომში მეუფე იაკობი) 1979 წელს ქ. თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა დაამთავრა. ამავე წელს ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ჩააბარა.

 

მათემატიკური განათლების მქონე კონსტანტინე იაკობაშვილმა სასულიერო პირობა გადაწყვიტა, 2003 წლის 15 მარტს ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელად იაკობი; 2010 წლის 7 მაისი – წმინდა სინოდმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იაკობი ცურტაველ ეპისკოპოსად და ქორეპისკოპოსად გამოირჩია;

 

2010 წლის 9 მაისი, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმინდა სინოდის წევრ მღვდელმთავრების თანამწირველობით, ეპისკოპოსად აკურთხა;

 

გადადგა, თუ გადააყენეს? - როგორ დატოვა მეუფე სპირიდონმა ნინოწმინდის პანსიონი
2021-06-14გადადგა, თუ გადააყენეს? - როგორ დატოვა მეუფე სპირიდონმა ნინოწმინდის პანსიონი

 

2010 წლის ოქტომბერში მეუფე იაკობი დაინიშნა პატრიარქის სრულუფლებიან წარმომადგენლად საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში; 2010 წლის 21 დეკემბერი – ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსად. 2013 წლიდან ბოდბელი ეპისკოპოსია.

 

მისი, როგორც მღვდელმთავრის, გავლენას კი კათოლიკოს-პატრიარქთან სიახლოვე და მის მიმართ განსაკუთრებული ნდობა განსაზღვრავს.

2010 წლიდან 2019 წლამდე მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მისი თანაშემწე იყო.

 

მოარული ხმები და მძიმე ბრალდებები

 

ყველა გავლენიანი პირის მსგავსად საზოგადოებაში მისი პიროვნების მიმართ ინტერესი არ ცხრება.

 

მეუფე იაკობის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, რისი მიზეზიც მისი არაერთი ხმაურიანი განცხადება, სხვადასხვა პირებთან დაპირისპირება და მის შესახებ გავრცელებული დაუსაბუთებელი ბრალდებებია

 

ხმაურიანი განცხადებებით ცნობილ მღვდელმთავარზე საზოგადოებაში უამრავი ჭორი თუ ლეგენდა დადის.

 

ერთ-ერთი ასეთი ბრალდება 90-იან წლებს უკავშირდება. მთავარეპისკოპოს იაკობს, ერისკაცობაში — კონსტანტინე უსუფის ძე იაკობიშვილს, შეიარაღებული დაჯგუფების, მხედრიონის წევრობაში სდებენ ბრალს.

 

 

მეუფე იაკობის მხედრიონელობას ვერავინ ამტკიცებს, თუმცა მოარული ხმები საზოგადოებაში კვლავ რჩება. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი სკანდალი, რაც მღვდელმთავარს უკავშირდება.

 

დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან”

 

მეუფე იაკობი წლებია „ნაციონალურ მოძრაობას” ღიად უპირისპირდება. მეუფე იაკობმა 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობას დიქტატურა უწოდა და მის ლიდერებს დანაშაულების აღიარებისკენ მოუწოდა.

 

“დგანან და ამართლებენ სისტემას. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ვინმე დააპატიმრონ ან დასაჯონ. განა სულ რამდენი ადამიანი იყო იდეოლოგი და ბრძანების გამცემი?! ერთხელ მაინც გამოიჩინონ ვაჟკაცობა, აღიარონ თავიანთი ბრალი და სხვები მაინც დაიცვან. სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენი ერი დიქტატურის პირობებში ან რამდენიმე კაცის ჭკუაზე ცხოვრობდეს. ერს თავისი იდეოლოგია უნდა ჰქონდეს და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რა ქვეყანას ვაშენებთ. ჩვენი ყველაზე ახლო სივრცეა ევროპული სივრცე და მისკენ სწრაფვაში ხელს ვერავინ შეგვიშლის”, – ბრძანა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

 

300 ლარად გაგვყიდა, ეს თანხა გადაუხადეს! - მიტროპოლიტი დიმიტრი ყოფილი აღსაზრდელის მოსყიდვაზე საუბრობს
2021-06-14300 ლარად გაგვყიდა, ეს თანხა გადაუხადეს! - მიტროპოლიტი დიმიტრი ყოფილი აღსაზრდელის მოსყიდვაზე საუბრობს

 

ქადაგებისას და სხვადასხვა ინტერვიუების დროს მეუფე იაკობი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირად უპირისპირდება და მათი მმართველ ძალად დაბრუნებას სახიფათო და წარმოუდგენელ მოვლენად აფასებს.

 

ბოლო ასეთი დაპირისპირება 2021 წლის 1 ივნისს მოხდა. მეუფე სკანდალური განცხადების გამო სრულიად „ნაციონალური მოძრაობისა” და მათთან დაახლოებული პირების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

 

„დღევანდელ სიტუაციაში, ქართველი კაცი, გინდა, არ მოსწონდეს მმართველი პარტია, „ნაციონალების“ დაბრუნებას, მით უმეტეს მიშას დაბრუნებას, არ დაუშვებს, ვიცი განწყობა, იარაღსაც აიღებენ ხელში, იქიდან მობრუნება რომ დაიწყონ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

მღვდელმთავრის განცხადებამ მიხეილ სააკაშვილიც კი გააბრაზა და მან მეუფეს სტატუსი მიუძღვნა: „ემანდ, ფრთხილად, ეგ იარაღი, რომლის აღებისკენ მოუწოდებ, მთლად იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა, „მეუფე“.

 

მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილს წარსული გაახსენა და განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ასე ლაპარაკს ვერ უბედავდა და თუ საქართველოში დაბრუნდება ბოდიშის მოხდა მოუწევს.

 

აბა, გაიხსენონ, 2012 და 2013 წლების არჩევნები რატომ წააგეს? დამიპირისპირდნენ კარგად და რასაც მიიღებენ, თავად ნახავენ. თუ უნდათ, რომ ასე მაჩანჩალები იყვნენ, რაღა ვქნა, თუ უნდათ, საქართველოსთვის კარგი აკეთონ, მოიქცნენ წესიერად“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

2013 წლის 17 მაისი

 

„ნაციონალური მოძრაობის” გარდა მღვდელმთავარი 2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივისტებსაც დაუპირისპირდა, რომლებიც თბილისში ლგბტ პრაიდის ჩატარებას გეგმავდნენ.

 

მეუფე იაკობი „პრაიდის” ჩატარებას ამბიონიდან დაუპირისპირდა და ორგანიზატორები გააფრთხილა, რომ ამას არ დაუშვებდა.

 

2013 წლის 17 მაისს თბილისის ცენტში ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. საქართველოს ეკლესია ლგბტ პრაიდის გამართვას შეეწინააღმდეგა და მეუფე იაკობისა და რამდენიმე სასულიერო პირის ორგანიზებით კონტრაქცია გაიმართა.

 

ამას პირად ბრძოლად და შეურაცხყოფად ვიღებ! - თეა დარჩია საპატრიარქოს ფერიის ბავშვთა სახლზე
2021-06-14ამას პირად ბრძოლად და შეურაცხყოფად ვიღებ! - თეა დარჩია საპატრიარქოს ფერიის ბავშვთა სახლზე

 

დემონსტრაციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლები დაარბიეს.

 

მეუფე იაკობის თქმით, 17 მაისს აგრესიული ადამიანების დაწყნარებას ცდილობდა და იქ, რომ დიდი დარღვევები არ მოხდა ამაში მისი დიდი წვლილიც იყო.

 

“ხომ იცით ქოთანს საიდანაც უნდა ყურს იქიდან მოაბამენ. 17 მაისს თუ ჩემი ფუნქცია გეცოდინებოდათ ალბათ ნახავდით, რომ თუ იქ დიდი დარღვევები არ მოხდა, არც თავმდაბლობით ვიტყვი და არც თავმაღლობით, ჩემი დიდი წვლილიც იყო”, – განუცხადა მეუფე იაკობმა 2018 წელს „რუსთავი 2-ს”

 

მას შემდეგ 8 წელი გავიდა და მეუფე იაკობი, როგორც თავად ამბობს, კვლავ ეწინააღმდეგება ლგბტ პროპაგანდას და პრაიდის გამართვას.

 

 

ციანიდის საქმე და დაპირისპირება მეუფე პეტრესთან

 

 

2017 წელს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალი მოხდა.

 

გახმაურებული ამბის დეტალებს, რა თქმა უნდა, არ ჩავუღრმავდებით და უშუალოდ იმაზე ვისაუბრებთ თუ როგორ უკავშირდება მეუფე იაკობს აღნიშნული სკანდალი.

 

აეროპორტში სასულიერო პირი, დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, რომელიც, პროკურატურის ცნობით, ბერლინში, სადაც კათოლიკოს პატრიარქი ოპერაციას იკეთებდა, მიდიოდა და თან ციანიდი მიჰქონდა, რითაც პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მოწამვლას გეგმავდა.

 

ბუნებრივია პატრიარქის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მისი დაცვაა და ციანიდის საქმის შემდეგ დაცვის უფროსს ანრი ოხანაშვილს პრობლემები შეექმნა.

 

მეუფე იაკობი პატრიარქის დაცვის უფროსს, ანრი ოხანაშვილს დაუპირისპირდა. ის ეკლესიასთან ბრძოლაში დაადანაშაულა.

 

დაცვის სამსახურის უფროსს მეუფე პეტრე გამოესარჩლა და განაცხადა, რომ საპატრიარქოში ჩრდილოვანი მმართველობაა და მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობს და „ბიჭები, რომლებიც პატრიარქს დაცვის სახით ერთგულად და თავდადებით ემსახურებიან, არიან ერთადერთი აუღებელი ციხე-სიმაგრე შორენა თეთრუაშვილის მიერ”.

 

მეუფე იაკობი კი ამბობდა, რომ „დაცვა ის ფიგურა არ არის, ვიღაც ოხანაშვილი, რომ ვილაპარაკო. მაგას აუცილებლად გავუშვებ”. ციანიდის სკანდალის შემდეგ ოხანაშვილმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ის საპატრიარქოში სიმართლისთვის ბრძოლას შეეწირა.

 

ვინ (არ) ტოვებს ჭყონდიდის ეპარქიას - ორად გაყოფილი სამღვდელოება საპატრიარქოდან „თეთრი კვამლის ამოსვლას“ ელოდება - (ყველა დეტალი)
2021-04-06ვინ (არ) ტოვებს ჭყონდიდის ეპარქიას - ორად გაყოფილი სამღვდელოება საპატრიარქოდან „თეთრი კვამლის ამოსვლას“ ელოდება - (ყველა დეტალი)

 

ციანიდის სკანდალის პარალელურად მეუფე იაკობი მეუფე პეტრესაც დაუპირისპირდა. დაპირისპირების მიზეზი კი მეუფე პეტრეს განცხადება გახდა, რომ საპატრიარქოში ეპისკოპოსები შორენა თეთრუაშვილის „ოქროს თევზები” არიან და მას ემორჩილებიან.

 

ციანიდის სკანდალში მეუფე იაკობის სახელმა კიდევ ერთხელ გაიჟღერა, როცა მედიაში დეკანოზი მამალაძის მიერ პატრიარქისთვის სავარაუდოდ გაგზავნილი წერილი გავრცელდა.

 

დეკანოზის დაცვის მხარე მუდმივად ამბობდა, რომ ის საპატრიარქოში გამოვლენილ ფინანსურ დარღვევებს შეეწირა და ციანიდის საქმე შეკერილია. სავარაუდო წერილში დეკანოზი მეუფე იაკობს საპატრიარქოში არსებული თაღლითური სქემის დაფარვაში ადანაშაულებდა.

 

„განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო საკითხზე, რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში ძალზედ აქტუალურია. ეს ეხება საპატრიარქოს კლინიკის საკითხს. მოგეხსენებათ მრავალი საჩივრის საფუძველზე ჩვენ ფინანსური შემოწმება ჩავატარეთ საპატრიარქოს კლინიკაში, სადაც აღმოჩნდა 5 მლნ. ლარამდე დავალიანება რომელიც დაგროვილი იყო არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტის თაღლითური სქემების მეშვეობით და სადაც სავარაუდოდ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებიც (სამწუხაროდ არ ხდება ამ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება). ამ საკითხის ჩემი მხრიდან დასმისთანავე საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარემ ქორეპისკოპოსმა იაკობმა კატეგორიულად მომთხოვა არ გამეხმაურებინა ეს საკითხი. ბუნებრივია მე გავაგრძელე ამ საკითხების მოკვლევა.”, – ეწერა წერილში.

 

მეუფე იაკობმა გავრცელებულ წერილს „ზღაპარი” უწოდა და განაცხადა, რომ ამით დაცვის მხარე თემის გადაფარვას ცდილობს.

 

მეტიც, საქმე იქამდე მივიდა, გიორგი მამალაძემ განაცხადა, რომ მეუფე იაკობმა საქმის დეტალები და ის, რომ დეკანოზი არავის მკვლელობას არ გეგმავდა, კარგად იცოდა.

 

„საქმე ისაა, რომ მართლაც თავიდან ბოლომდე არის ჩახედული მეუფე იაკობი ამ საქმეში და ძალიან კარგად იცის, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმებოდა. ეს ცილისწამებაა და მისი როლი ამ საქმეში მის სინდისზე იყოს. მიღმურ სამყაროში ხარისხი და წოდება არ არსებობს. არც ის იქნება ეპისკოპოსი და არც მე დეკანოზი. უფალი განგვსჯის.

 

ცოტა დაიბნენ, აღარ იცოდნენ, რომელი ვერსია იყო მათთვის ხელსაყრელი, თან მტკიცებულებებიც ძალიან მყიფე ჰქონდათ და გადაწყვიტეს, ბუნდოვნად დაეტოვებინათ თუ ვისი მკვლელობა იგეგმებოდა. უბედურების თავიდან აცილებაზე საუბრობდნენ ისინი, ვინც თავიდანვე მოუწყვეს ეკლესიას უბედურება”, – აღნიშნავს გიორგი მამალაძე.

 

მოგვიანებით, დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ გიორგი მამალაძესთან შესვლას სასულიერო პირებს მეუფე იაკობი უკრძალავს.

 

„რამდენიმე მღვდელს სურდა მამა გიორგისთან შესვლა, რომ აღსარება მიეღო მამა გიორგისგან, ზიარება მიეცა მისთვის და კატეგორიულად იყო მეუფე იაკობისგან აკრძალვა. მე რამდენიმე მღვდელს შევხვდი თბილისში, ვთხოვე მამაოსთან შესულიყვნენ და მითხრეს, მე პირადად მაქვს სურვილი, რომ შევიდე მამა გიორგისთანო, მოვისმინო, ვაზიარო, მისგან გავიგო ეს ყველაფერი, მაგრამ კატეგორიულად არის აკრძალვა მეუფე იაკობისგანო“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

ნელ-ნელა მეუფე იაკობს, დეკანოზ მამალაძესა და მის დამცველებს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა.

ერთ-ერთი ქადაგების დროს მეუფე იაკობმა დეკანოზ მამალაძეს „ავაზაკი” უწოდა.

 

“არავის არ ეგონოს ვინმეს რამე დავუთმო. ასე რომ ვლაპარაკობ, მუქარა ჰგონიათ, მაგრამ ეს მუქარა არ არის. მე საქმით ვაჩვენებ, ვინც რას დაიმსახურებს, ყველას მივაღებინებ. ეს უნდა იცოდეთ. სახელმწიფოსიც მიკვირს. არ იცოდნენ ამდენი ხანი მისი ავაზაკობა?”, – თქვა მეუფე იაკობმა საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ.

 

ბრალდებები ერთმანეთის მისამართით ყოველდღიურად იზრდებოდა. მეუფე იაკობსა და დეკანოზის დამცველ მეუფე პეტრეს შორის დაპირისპირება მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც კულმინაციას 2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მიაღწია.

 

მეუფე პეტრეს ეპარქია ჩამოართვეს. თავის მხრივ გაბრაზებულმა ეპისკოპოსმა პატრიარქი საჯაროდ მამათმავლობის ცოდვაში დაადანაშაულა.

 

„სინოდს ჰყავს მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

აღნიშნული განცხადების გამო მეუფე იაკობი მეუფე პეტრეს განკვეთით არაერთხელ დაემუქრა, თუმცა პატრიარქის გადაწყვეტილებით მეუფე პეტრე მღვდელმთავრის ხარისხში რჩება და მას მხოლოდ ეპარქია ჩამოერთვა, ასევე დატოვა სინოდიც.

 

დაიხურება თუ არა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი - ანდრია ჯაღმაძე საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დეტალებზე
2021-06-13დაიხურება თუ არა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი - ანდრია ჯაღმაძე საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დეტალებზე

 

მეუფე პეტრე კი ეკლესიაში არსებულ პრობლემებს, მათ შორის ციანიდის სკანდალს ილია მეორეს აბრალებს და „ყველა ბოროტების სათავეს” უწოდებს. მისივე თქმით, მეუფე იაკობი პატრიარქის რეალური სახეა.

 

„პატრიარქის ნამდვილი სახე არის, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მუქარა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ მას შემდეგ, რაც პატრიარქმა ქადაგებისას განაცხადა, რომ მეუფე პეტრე „უძღები შვილია” და მას ჯერ კიდევ ელოდება და იმედი აქვს, რომ შეინანებს და განიკურნება.

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბურუსით მოცულ „ციანიდის საქმეში” ერთი რამ ნათლად ჩანს. დეკანოზი მამალაძე და ყველა, ვინც მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია, მეუფე იაკობთანაა დაპირისპირებული და ეს დღემდე გრძელდება.

 

დაპირისპირება „ქართული ოცნების” ლიდერებთან და პოლიტიკური ამბიციები

 

სასულიერო პირების და ოპოზიციის ნაწილთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაპირისპირების გარდა მეუფე იაკობის ბიოგრაფიაში „ქართული ოცნების” ლიდერებთან დაპირისპირებასაც ვხვდებით.

 

2018 წლის 29 დეკემბერს მეუფე იაკობმა სკანდალური განცხადება გააკეთა და „ქართული ოცნების” ლიდერები: გომელაური, კვირიკაშვილი, გახარია პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.

 

მეუფე იაკობმა გიორგი გახარიას „რუსეთის კაცი” უწოდა და განაცხადა, რომ თუ ის პრემიერი გახდებოდა, ხელისუფლებას ეკლესიასთან პრობლემები შეექმნებოდა.

 

„გახარიასთან მე არ მაქვს ნორმალური ურთიერთობა. არ არის ისეთი რაღაცა, ვიღაცას რაღაცა ვაპატიო, რაც საპატიებელი არ არის. კანონპროექტზე არ გეუბნებით. სხვა რამეა, რა თქმა უნდა. იცის თვითონ. კანონპროექტი არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რასაც აპირებდა. ხელმძღვანელობამ რომ გაუგოს, ალბათ, მოიშორებენ. გახარია ჩემთვის არ არის ის… ჩვეულებრივი მოსკოვის კაცია. თუ რამე წინსვლა ზემოთ დაიწყო, ჩამოვაგდებ რა იმიდან… თვითონ შეხედოს გახდება თუ არა პრემიერი. ვერ გახდება. თუ მაგი გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება“, – ამბობს პატრიარქის ქორეპისკოპოსი.

 

ბოდბელი ეპისკოპოსის სიტყვებს გიორგი გახარიამ სისულელე უწოდა და თქვა, რომ მსგავს შეხვედრას არ დასწრებია.

 

აღნიშნული განცხადებების შემდეგ მეუფე იაკობი კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში დაიბარა. მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსის თანამდებობა პატრიარქთან 1-საათიანი შეხვედრის შემდეგ დატოვა.

 

მეუფე იაკობი: პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები და ერთმანეთს ურტყამენ, რა გასაკვირია, ნინოწმინდის პანსიონში, პატარას ღონიერმა უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენა
2021-06-10მეუფე იაკობი: პარლამენტში არ ჰყოფნით ნერვები და ერთმანეთს ურტყამენ, რა გასაკვირია, ნინოწმინდის პანსიონში, პატარას ღონიერმა უფროსმა სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენა

 

მეუფემ სასულიერო პირისთვის შეუფერებელი ფორმით საუბრისთვის ბოდიში მოიხადა, თუმცა ბრალდება არ უარუყვია.

 

აღნიშნულ საკითხზე მეუფე იაკობს კარგა ხანს აღარ უსაუბრია. გავრცელდა ხმები, რომ აღნიშნული განცხადება მეუფე იაკობმა ნასვამმა გააკეთა და ამიტომ სერიოზულად განსახილველი არ არის.

 

გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, როცა მან ოპოზიციაში გადაინაცვლა, მეუფე იაკობი მას კვლავ დაუპირისპირდა და ღიად განაცხადა, რომ გიორგი გახარია ეკლესიის საქმეებში ერეოდა.

 

„ძალიან ზედმეტ პატივად მიმაჩნია, ბატონ გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო, თქვენ იცით ჩემი წარმოდგენა. მე ის მიკვირს, ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ უნდა მობრუნდეს.

 

ადამიანი, რომელიც პრემიერი, თუ შს მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მე მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. რაც ვთქვი იმას ვადასტურებ, ხო იძახდით ნასვამმა თქვა, ახლა ნასვამი ვარ?! ფხიზელი გეუბნებით. ვინც ეკლესიის საქმეებში გარედან ერევა… უბრალოდ სახელმწიფო მძიმე სიტუაციაში იდგა და რაღაცები აღარ გავაკეთე”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

მეუფე იაკობის თქმით, გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალა ვერ გახდება და ის თავად შექმნის მესამე ძალას, რომელსაც სათავეში ჩაუდგება.

 

“ამ არჩევნებს გვატარებს, შევხედავ რა ხდება რა არა. ჩავერთვებით მერე ყველანაირი ფორმით, საქართველოს ასეთ არევას მერე უკვე აღარავის არ ვაპატიებთ. მანამდე უკვე ეკლესიაში მოგვარებული გვექნება, ვინც მტრობს ეკლესიას. მე ვთქვი, რომ ჩვენ ჩავუდგებით ახალ ძალას. მოფიქრებული გვაქვს რაც უნდა გავაკეთოთ. არც მხარდაჭერა გაგვიჭირდება და არც არაფერი არჩევნებში გასამარჯვებლად. პირადად გეუბნებით, ახალ ძალებს ჩავუდგები სათავეში… ჩვენ მოვიყვანთ ახალ ძალას. თუ დავინახეთ, რომ ახალი და ძველი ძველი ძალების ჩარევით, იმის გამო, რომ ერთმანეთში ქიშპი აქვს, ფაქტობრივად რუსულ საქმეს აკეთებენ ერთმანეთის ჯინაზე, ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდებიან”, – ამბობს მეუფე იაკობი.

 

 

ვინ როგორ ეხმაურება საკადრო ცვლილებებს

 

ზემოთ აღნიშნული სკანდალებითა და ხმაურიანი განცხადებებით ცნობილი ეპისკოპოსის ნინოწმინდის პანსიონის დირექტორად დანიშვნას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

 

საპატრიარქოს ადვოკატის, ედიშერ ქარჩავას თქმით, მეუფე იაკობი ყოველთვის თანახმა იყო, ნინოწმინდის პანსიონში ევროსტანდარტები, გაეროს, ბავშვთა დაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციები განხორციელებულიყო და თანამდებობაზე მის დანიშვნას მიესალმება.

 

„მეუფე იაკობი ყოველთვის თანახმა იყო, ევროსტანდარტები, გაეროს, ბავშვთა დაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციები განხორციელებულიყო. ამ ინიციატივის მხარდამჭერი იყო მეუფე იაკობი. აქედან გამომდინარე. მის დანიშვნას მივესალმები.

 

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ეს პროცესი დაწყებულია გუშინდელი დღიდან და გაგრძელდება დღესაც და ხვალაც, იმის მიხედვით, რა საჭიროება დადგება”- აცხადებს ედიშერ ქარჩავა.”, – ამბობს ედიშერ ქარჩავა.

 

პატრიარქის გადაწყვეტილებით კმაყოფილია მეუფე ვახტანგიც. მისი თქმით, მეუფე იაკობს ხალხთან და ხელისუფლებასთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და პრობლემას მოაგვარებს.

 

„მეუფე იაკობს საკმაო გამოცდილება აქვს. აქვს შეხება ადამიანებთანაც, ხელისუფლებასთანაც. მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ყველაზე კარგი გამოსავალი უნდა იყოს. ხელისუფლებაც საპატრიარქოს გვერდში დაუდგეს და ის აუცილებელი გასაკეთებელი საქმე უნდა აღასრულოს.”, – განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

 

„ამაზე მეტი ცინიზმი აღარ ვიცი რა უნდა იყოს”, – ასე გამოეხმაურა ნინოწმინდის პანსიონში საკადრო ცვლილებებს „მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

 

მეუფე იაკობის ფიგურა მიუღებელია ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტის, თამთა მიქელაძისთვის.

 

„მკვეთრად მიუღებელია მეუფე იაკობის ფიგურა, რომელიც წლების განმავლობაში გამორჩევა ძალადობისა და სიძულვილის კულტივირებით. მას ბავშვთა საკითხებზეც მძიმე განცხადება აქვს გაკეთებული. ბავშვებზე ძალადობა მისთვის ნორმალურია.

 

მეუფე იაკობი წლებია, ხელისუფლებისადმი ღია ლოიალობით და ერთგულებით გამოირჩევა. მისი კანდიდატურა მისაღები იქნებოდა ხელისუფლებისთვის”, – აცხადებს მიქელაძე „ტვ პირველთან”.

 

თეოლოგი ლევან აბაშიძე „პრაიმ ტაიმთან” საუბრისას აცხადებს, რომ მეუფე იაკობი მეუფე სპირიდონის მსგავსად საზოგადოებაში „პოპულარობით” არ სარგებლობს, თუმცა მას სავარაუდოდ კარგი ორგანიზატორული უნარები აქვს და სწორედ ეს გახდა მიზეზი ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად მისი დანიშვნისა.

 

„თავისი განცხადებების გამო როგორც ერთი, ისე მეორე მღვდელმთავარი პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ მე ზუსტად ვერ გეტყვით რითი იხელმძღვანელეს, მაგრამ, შეიძლება, კარგი ორგანიზატორია, ჩათვალეს, რომ კარგად გაუძღვება ამ პრობლემას. ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ ხისტი იყო მეუფე სპირიდონი, არ უშვებდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ერთ წელიწადში ესეთი დიდი ტიპის ბავშვთა სახლები უნდა გაუქმდეს და ამას უფრო ადგილად გაუძღვება მეუფე იაკობი. მე მოველოდი, რომ ვინაიდან პანსიონ მეუფე ნიკოლოზის ეპარქიაშია მას გადააბარებდნენ, მაგრამ სავარაუდოდ მან უარი თქვა”, – განაცხადა თეოლოგმა ლევან აბაშიძემ „პრაიმ ტაიმთან”.

 

 

ეკატერინე ტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
2021-06-15ეკატერინე ტიკარაძე ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

 

ცნობისთვის, ნინოწმინდის პანსიონი მედიის ყურადღების ცენტრში მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილების შემდეგ მოექცა. მეუფემ სახალხო დამცველს ბავშვთა სახლში შესვლის უფლება არ მისცა. მიზეზად კი მისი „გაუკუღმართებული” იდეოლოგია დაასახელა. სახალხო დამცველი კი ნინოწმინდის პანსიონში არსებულ დარღვევებზე ალაპარაკდა.

 

ამასთან, გამოჩნდნენ პანსიონის ბენეფიციარები, რომლებიც დასჯის სასტიკ მეთოდებზე ღიად საუბრობენ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონი შშმ ბავშვებმა დატოვეს. პანსიონი მშობლებისა და ბენეფიციარების გადაწყვეტილებით კიდევ რამდენიმე ბავშვმა დატოვა და ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა სახლში 23 აღსაზრდელია.

 

საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის, ღასან ჰალილის და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ნინოწმინდის პანსიონს დროთა განმავლობაში მცირე ტიპი ბავშვთა სახლები ჩაანაცვლებენ.

 

ავტორი: Prime Time

X