21:10 | 2021-06-21 ავტორი: Prime Time

შევალთ ნატო-ში… რუსეთთან დიდი მოლაპარაკებები გაიმართება – ლელა კაკულია მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს 

შევალთ ნატო-ში… რუსეთთან დიდი მოლაპარაკებები გაიმართება – ლელა კაკულია მორიგ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს 

„ქართული შიდაპოლიტიკა ჩიხში შევიდა“ – ამის შესახებ წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია სოციალურ ქსელში წერს.

VIDEO: „ფაშისტი ხარ!“ - დაპირისპირება თბილისის ავტობუსში
2021-06-21VIDEO: „ფაშისტი ხარ!“ - დაპირისპირება თბილისის ავტობუსში

 

მისი თქმით, ისე ჩანს, რომ გამოსავალი არ არის.

 

„ახალი სიტყვა: სომხეთი მესხეთ-ჯავახეთს თვალითაც ვერ ნახავს! ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 80) 2014 წელი, 19 მარტი

 

ვხედავ, ქართული შიდაპოლიტიკა ჩიხში შევიდა და თითქოს ისე ჩანს, რომ გამოსავალი არ არის. ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს — ამას გარკვევით ვხედავ უკვე — როგორც „ნაციონალებზე“, ისე ზედ დაყოლებული ახალ მთავრობაზეც.

 

მათ არც ახალი მთავრობის გატარებული პოლიტიკა მოსწონთ, ვინაიდან რეზულტატი მათთვის ნულია — არა სამსახური, არა ბიზნესი და არავითარი შეღავათები, რომლებიც გლეხსა თუ საშუალო ბიზნესმენს ფეხზე დააყენებს.

 

პოლიტიკოსებისა და მთავრობის ქმედებებმა, საერთოდ ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებმა, ხალხს გზა-კვალი აურია და ვერ ხვდება, რა ხდება. ფრთხილად! იქნებ ცოტა მეტად გამოფხიზლდეს ქართული პოლიტიკა, ვინაიდან ვხედავ გამოსვლებს, ანუ ხალხს ქუჩაში. ის პრეტენზიები, რომელთაც ისინი მთავრობასა და პარლამენტს წარუდგენენ, ბოლოს და ბოლოს, ყურადსაღებია. ხალხს ისევ შია, ხალხი ისევ ვერ იხდის გადასახადებს, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი და გამოდის, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი თურმე მართლა არ იცვლება.

 

ახალგაზრდებს ვხედავ, რომლებიც ძალიან იაქტიურებენ და საკმაოდ დიდ ძალას დაანახებენ მთავრობას. იქნება დიდი ცვლილებები, მოდიან ახალი მინისტრები — მეტად განათლებულები და თავისი საქმის მცოდნენი.

 

ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვლება და ამაში, ქართულ პოლიტიკაშიც, ის პოლიტიკური აჟიოტაჟი ითამაშებს დიდ როლს, რომელიც ატეხილია მსოფლიოში (ვგულისხმობ უკრაინა-რუსეთ-ამერიკას).

 

შევალთ ნატო-ში. რუსეთთან დიდი მოლაპარაკებები გაიმართება. მართალია, რუსეთს არ უნდა საქართველოს დათმობა, მაგრამ მოუწევს. ლაპარაკი იქნება ისევ გაზსადენ მილებზე, რაც უმნიშვნელოვანესი თემაა ევროპა-ამერიკისთვის — უმნიშვნელოვანესი!!! ტყუილად არ არის ნათქვამი, გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო. ამ დიდმა გაჭირვებამ დაანახა დასავლეთს, რომ საქართველოს არ აქვს ალტერნატივა გაზსადენის კუთხით. ვხედავ, ძველი პროექტები, რომლებიც ნავთობ- და გაზსადენებს შეეხება, აღდგება. ვხედავ, ეს უფრო სწრაფი და უფრო მისაღები პროექტია, ვიდრე რუსეთზე გამავალი გაზსადენი. საქართველოს შავი ზღვის ზოლი ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქართული წყლები თურქეთს უერთდება და პირდაპირ ებმება ნატოს წევრი ქვეყნის წყლებს, სადაც ამერიკულ გემებს ვხედავ.

 

ვხედავ, პორტები შენდება ორ წერტილში: ფოთსა და ანაკლიაში. აკეთებენ, აშენებენ და ეს არის ზუსტად წყარო იმისა, რომ ჩნდება სამსახურები, დასაქმდება ხალხი და მთელი დასავლეთი ზონა გამოცოცხლდება. ვხედავ, რომ რეალურად იქმნება ინფრასტრუქტურა — არა მოჩვენებით, არამედ, რეალურად! მართლა შემოდიან ბიზნესმენები და მართლა აბანდებენ ფულს, ქმნიან ბიზნესცენტრებს და ამ მხრივაც საქმდება უამრავი ადამიანი. ამით მინდა ვთქვა, რომ ყველა ადამიანი საქმით დაკავდება. ხალხი იმუშავებს და თავისი ფული გაუჩნდება.

 

მინდა გავამახვილო ყურადღება ბანკებზე: მართლა სერიოზული ბანკები შემოდიან საქართველოში და ჩვენი ქვეყანა მართლა ცენტრი ხდება კავკასიისა. სწორედ ისე, როგორც ეს 20 წლის წინ ვიწინასწარმეტყველე.

 

რაც შეეხება დღევანდელობას, საქმე ისეა, რომ ყოფილი პრემიერი ომს გამოუცხადებს მთავრობას. რაც ჩაფიქრებული აქვს, იმას გააკეთებს. თითქოს მოჰყავს ახალი ხალხი, მაგრამ ეს უკვე ცოტა რთული იქნება მისთვის. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიცია მას ხელს ვერაფერში ვერ შეუშლის.

 

რუსეთს ისეთივე გეგმა აქვს საქართველოს მიმართ, როგორიც ყირიმისა და სევასტოპოლის მიმართ ჰქონდა. ანუ, სურს შემოვიდეს და დაიპყროს საქართველო. სომხეთი, ფაქტობრივად, ისედაც დაპყრობილი აქვს, აი აზერბაიჯანთან კი იცის, რომ გაუჭირდება. ერთადერთი მდგომარეობა, რაც შეაჩერებს რუსეთს, ეს არის ის, რაც უკრაინასთან აქვს — ომი!

 

ვხედავ, თურქეთი საქართველოს უფრო თავისად მიიჩნევს, ვიდრე რუსეთისად. ანუ მიაჩნია, რომ უფრო მეტი უფლება აქვს მასზე, ვიდრე რუსეთს. ისე, სჯობს თურქეთმა იფიქროს ასე, იმიტომ, რომ ის არასდროს შემოგვივარდება, თურქეთს საქართველოს სამხედრო ოკუპაციის სურვილი არ აქვს, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც არც მეზობლად ვარგა და არც მტრად.

 

მოკლედ რომ ვთქვა, საქართველოს გადაარჩენს „გიორგი ბრწყინვალე“ და ყველაფერი უკვე იქით მიდის, რომ მალე მოვა მისი არენაზე გამოჩენის დრო. აი აქედან იწყება საქართველოს გაბრწყინება.

 

ამერიკა თავის რაკეტებს სასწრაფოდ განალაგებს ბალტიისპირეთსა და პოლონეთში. ეს ის ცენტრია, რომელიც პირდაპირაა მიმართული რუსეთისკენ და საიდანაც პირდაპირ შეუძლია გლიჯოს რუსეთს. იმ გეგმის განხორციელება, რომელიც ჰქონდა ნატოს ევროპაში, თუნდაც რაკეტების განლაგება და სხვაც, უკვე სწრაფი ტემპით დაიწყება. აქ უკვე დაშინდება რუსეთი, ვინაიდან თვალნათლივ დაინახავს, რომ ამერიკა და ევროპა არ ხუმრობენ. ანუ, უფრო მკვეთრად რომ ვთქვა: ამერიკას სულ ფეხებზე ჰკიდია რუსეთის მუქარა-შანტაჟები, ბომბს გესვრიო და ა.შ.

 

ამერიკისა და ევროპისთვის უკვე ნათელია, რომ რუსეთს არ უნდა ენდო არცერთ შემთხვევაში, რომ რაც საზღვრებს შეეხება, რასაც მოითხოვს სამხედო თავდაცვა, უნდა გაკეთდეს აუცილებლად. აქ აღარ არის საჭირო მოლაპარაკებები, შეხვედრები და მერე ისევ მოლაპარაკებები. თანაც ისეთ ადგილებში, რომლებიც რუსეთთან ახლოს არის.

 

ის, რაც ყირიმში ხდება, არ არის რუსული პოლიტიკის გამარჯვება. იცით რატომ? იმიტომ, რომ ნახევარკუნძულის მოსახლეობის ლამის ასი პროცენტი რუსები არიან. აბა, ერთი ყირიმელი თათრები ყოფილიყვნენ უფრო მეტნი, იმასაც ვნახავდი, როგორ შეყოფდნენ ცხვირს რუსები ყირიმში.

 

სხვათა შორის, ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ატარებს, ბევრ ქვეყანასა და ბევრ პოლიტიკოსს ხელს აძლევს, ანუ აწყობს კიდეც. მაგალითად, ამერიკას, რომელიც სამხედრო ხაზით პროცესებს დააჩქარებს, რაკეტებსაც განალაგებს და სხვა სახის თავდაცვით ღონისძიებებსაც გაატარებს და თავსაც გაიმართლებს, აგერ, ხომ ხედავთ, რუსები რა დღეში არიანო?! ახლა ამერიკელები იმაზე მეტს გააკეთებენ ევროპაში, ვიდრე აქამდე სთავაზობდნენ. და მას წინააღმდეგობას უკვე აღარავინ გაუწევს, ვინაიდან რუსებისგან შეშინებულები არიან. წარსულში კი შეეძლოთ უარი ეთქვათ, წინააღმდეგობა გაეწიათ ამერიკის წინადადებებისთვის, მაგრამ ახლა ამას აღარ იზამენ. ადრე ხან რა არ მოსწონდათ ევროპელებს, ხან — რა, შეერთებული შტატების გეგმებში და ამ დაწუნებებში ძალიან ბევრი დრო წავიდა. ახლა კი, დიდი საშიშროების წინაშე რომ დგანან, ეს ძალიან მწვავედ შეიგრძნეს უკრაინა-რუსეთის შეჯახების ფონზე.

 

იმდენად დიდი იქნება ამ ქვეყნების შიში — ევროპული ქვეყნებისა — რომ ამერიკასთან ყველანაირ ხელშეკრულებას დადებენ და ყველაფერსაც დაუშვებენ. დღეს ისინი პირდაპირ, ღიად ხედავენ, რომ ეს არის სამხედრო ხაზით მათი მოძლიერების, მათი საზღვრების გამაგრებისა და მათი სახელმწიფოების გადარჩენის გზა.

 

აუცილებლად უნდა აღვნიშნო კიდევ ერთხელ: იმას, რასაც სომხეთი ყოველთვის მოითხოვდა საქართველოსგან — მესხეთ-ჯავახეთს — თვალითაც ვერ ნახავს! რა თქმა უნდა, ეს რუსული პროგრამა იქნება, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწევენ, ვინაიდან, ვიმეორებ, საკუთარი თავი და საკუთარი საზღვრები აქვთ გადასარჩენი.

 

2014 წელი, 23 მარტი

 

ვხედავ, დღეს რუსული პოლიტიკა ჩიხშია შესული, მაგრამ ამას რუსეთის პრეზიდენტი არ აღიარებს. პირიქით, გამარჯვებას ქადაგებს და მისი ქმედებიდან ჩანს (და ვხედავ კიდეც), რომ იგი შეჩერებას არ აპირებს. პუტინი უკრაინისთვის აღმოსავლეთის ჩამოჭრას აუცილებლობად მიიჩნევს. ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის გაერთიანებით იგი დასახულ ამოცანას სრულყოფილად, ბოლომდე განხორციელებულად ჩათვლის. ეს რუსეთს უნდა ასე. ევროპა და ამერიკა კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა სამხედრო კონტინგენტი გაზარდეს და მთელი ძალები შეყარეს, რაც კი გააჩნდათ — ეს ჯარია თუ სამხედრო ტექნიკა, და საიდანაც უკვე ჩანს, რომ რუსეთი მომართულია აღმოსავლეთ უკრაინის დასალაშქრად, სამხედო ხაზით ომს ვერ უმართავენ რუსეთს. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ მათ ომი დაიწყეს სანქციებით, რამაც უკვე ძალიან მაგრად დაარტყა რუსეთის ეკონომიკას. სანქციების დაწესება კიდევ გაგრძელდება, უფრო გამკაცრდება და რუსეთი ისეთ ხაფანგში აღმოჩნდება, საიდანაც გამოსავალი არ ექნება.

 

ვხედავ, რუსეთი კვლავაც განაგრძობს სხვა სახელმწიფოს ანექსიას და აღმოსავლეთ უკრაინის გარდა, მომართულია კიევის დასალაშქრადაც, რათა „კანონიერი პრეზიდენტი“ დააბრუნოს. ამით ომის საშიშროება უკვე ემუქრება ევროპას. ამიტომ შავ ზღვაზე მდგარ ამერიკულ სამხედრო გემებს კიდევ დაემატება ხომალდები და ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ამერიკა ევროპის დასაცავად ომისთვის უკვე მზად არის.

 

ვიმეორებ: იმ გეგმების განხორციელებას, რომლებიც ნატოს ევროპაში რაკეტების განლაგების თაობაზე აქვს, დაჩქარებული ტემპით დაიწყებენ და ბოლომდე მიიყვანენ კიდეც. შეიქმნება ისეთი ფონი, რომ ნატო ომისთვის ემზადება. ამაზე თვითონ რუსები აყაყანდებიან, ჩვენ რას გვიყურებთ, აგერ ნატო სამხედრო ძალებს ზრდის ჩვენს საზღვრებთანო.

 

ვხედავ, შავ ზღვაზე მდგარი ნატოს სამხედრო გემები საომარ პოზიციას დაიკავებენ. მოკლედ, ბატონებო, ამერიკა და ევროპა აღარ ხუმრობენ.

 

სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ რუსული აგიტაცია-პროპაგანდა არ არის ეფექტური არც თავად ქვეყნის შიგნით. აი უკრაინის ადგილას რომ სხვა სახელმწიფო ყოფილიყო, აგიტაცია უფრო მეტ ეფექტს გამოიღებდა. ახლა კი ის ფაქტი, რომ სლავებმა სლავების წინააღმდეგ გაილაშქრეს, რუსეთში ხალხს არ მოსწონს.

 

კრემლს აღმოსავლეთშიც გაუჭირდება. პრეზიდენტმა პუტინმა ჩინეთი მოიყვანა მაგალითად, რომ ეს სახელმწიფო მას უჭერს მხარს. მაგრამ ჩინეთის ხელისუფლების ქმედებამ დაამტკიცა, რომ ის არ ერევა ამ რუსულ ავანტიურაში — სწორედ ასე მიიჩნევს ჩინეთი — ოღონდ დუმილი არჩია. ჩინეთი, იცოდეთ, რომ არცერთ შემთხვევაში რუსეთის მხარს არ დაიჭერს. იგი თავიდან ბოლომდე, მთელი ასი პროცენტით ექვემდებარება ამერიკა-ევროპას. ის არასდროს, დაიმახსოვრეთ, არასდროს არ წავა მათ წინააღმდეგ. პირიქით, რუსეთს დიდი სირთულეები ელის ჩინეთისგან. ჩინეთი, რომელიც რუსეთის აღმოსავლეთშია შეჭრილი, ვხედავ, ედავება რუსეთს ამ ტერიტორიებს. ამას მრავალი წელია ვწინასწარმეტყველებ და ვიმეორებ: პოლიტიკა, რომელსაც კრემლი ატარებს საქართველოს, უკრაინის, ჩრდილოეთ თუ სამხრეთ კავკასიიის მიმართ, უკუშედეგებს მოიტანს. ანუ რუსეთს ზუსტად საკუთარ სახლში დაემართება ის, რასაც ამ სახელმწიფოების მიმართ სჩადის.

 

ამასთან იაპონია კურილის კუნძულებს, რომლებიც რეალურად ეკუთვნის იაპონიას, აუცილებლად დაიბრუნებს. ეს ჯერ კიდევ 1993 წელს ვიწინასწარმეტყველე. ყველაფერი, რაც დღეს უკრაინაში ხდება ყირიმთან დაკავშირებით, იაპონიის სურვილებზე ასხამს წყალს. რუსეთი ხომ აცხადებს, ყირიმი ჩემი იყო და ახლა უკან ვიბრუნებო, ჰოდა, ზუსტად ასე ეტყვის იაპონიაც, კურილის კუნძულები ჩემი იყო ისტორიულად და რუსეთმა ისინი უნდა დამიბრუნოსო. რაღა თქმა უნდა, იაპონიის ამ განცხადებებსა და მოთხოვნებს რუსეთი დიდ წინააღმდეგობას გაუწევს.

 

2014 წელი, 24 აპრილი

 

მსოფლიო პოლიტიკა უფრო და უფრო იძაბება გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის მთავრობა არაფრით არ აპირებს თავისი პოლიტიკის შეცვლას. მათი პროგრამაა ოკუპაცია მთლიანი უკრაინისა. ისინი არა მარტო ყირიმს მიიჩნევენ თავისად, არამედ მთელ უკრაინას.

 

კრემლის ბინადარნი ნანობენ, რომ საქართველოსთან აგვისტოს ომში 2008 წელს ბოლომდე არ მიიყვანეს დაწყებული ომი, ანუ მთლიანი საქართველოს ოკუპაცია არ მოახდინეს.

 

ამიტომ დღეს ისინი, აქედან გამომდინარე, მსგავსი შეცდომის გამეორებას არ აპირებენ. მათი მიზანია დაიპყრონ უკრაინა მთლიანად. დიახ, ბატონებო, მთლიანად, და ცდილობენ, განახორციელონ ეს გეგმა. პოლიტიკოსებო, ნუ გექნებათ სხვაგვარი ილუზიები, ვინაიდან რუსეთი ფიქრობს, რომ იგი დიდი ომისათვის მზადაა, თუ ეს დასჭირდათ; რომ თუნდაც მთელმა მსოფლიომ გაუწიოს წინაღმდეგობა, ისინი არაფრით არ დათმობენ უკრაინას; უკან დახევა იქნება დიდი რუსეთის იმპერიის დასასრული, დიდი რუსეთის დაშლა, ვინაიდან (და ეს ისტორიიდანაც ცნობილია) რუსეთი თეთრი კიევიდან იწყება, ანუ კიევის რუსეთიდან.

 

ასე რომ, რუსეთის პრეზიდენტმა, ასე ვთქვათ, თავი გადადო. იგი რუსეთს ევლინება როგორც აღმაშენებელი რუსული სახელმწიფოსი, როგორც გადამრჩენელი და გამაერთიანებელი და ა.შ. და ა.შ. ვსვამთ კითხვას, თუ ასეა და მიზეზი მართლაც ესაა, მაშინ საქართველოსთან რაღა უნდათ? საქმეც ისაა, რომ მიზეზები რუსულ მთავრობას, კრემლს არ ელევა. მათთვის მთელი კავკასია განსაკუთრებული თემაა. ეს თემა, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის აღდგენაა. დიახ, ეს ასეა.

 

მათი ჩანაფიქრია, რომ აღადგინონ საბჭოთა კავშირი, რადაც არ უნდა დაუჯდეთ; ეს ამოცანა უნდა განახორციელონ, თუნდაც ცეცხლითა და მახვილით.

 

ხოლო რამდენად ასრულებადია ეს ყველაფერი, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას მთელ მსოფლიოში, ვხედავ, საერთოდ არ აინტერესებს რუსეთის პრეზიდენტს. მომავალში ვხედავ, რომ ყველაფერს სწორედ პრეზიდენტს გადააბრალებენ და ეს მართებულიცაა.

 

კრემლის ბინადართა ანალიზით, ევროპა და ამერიკა ომს არ დაიწყებენ. ასე ფიქრობენ. ვსვამ კითხვას, რატომ? ვხედავ, რომ ცდებით, რუსო პოლიტიკოსებო და ანალიტიკოსებო. თუ საქმე ომამდე მივიდა, დაიწყებენ. მით უმეტეს, რომ აუცილებლად მოინდომებთ ბერლინის კედლის ისევ აშენებას. ვინაიდან თითქმის ნახევარი ევროპა რუსული ჩექმის ქვეშ იყო მოქცეული, ანუ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, ამიტომ ომები გარდაუვალია.

 

ფაქტობრივად, უკრაინაში დღეს უკვე ომი მიდის. მასშტაბური ომისგან თვითონ უკრაინა იკავებს თავს. მართალია უკრაინას ჯარი არ ჰყავს, მოუმზადებელია აბსოლუტურად, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ როცა ჰიტლერი თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, საბჭოთა არმია იყო შიშველი, მშიერი და შეუირაღებელი — ხიშტიანი თოფებით იყო აღჭურვილი, მაგრამ რა შედეგით დასრულდა ეს ომი, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ამიტომ [ამ შემთხვევაში] დიდი მნიშვნელობა არ აქვს შეიარაღებას. უკრაინა არ არის პატარა ქვეყანა, რომ ასე იოლად მოერიოს რუსეთი. მით უმეტეს, რომ ამხელა მხარდაჭერა აქვს.

 

დასავლეთმა სანქციებით დაიწყო და არც ომს მოერიდებიან.

 

რუსულმა პოლიტიკამ ის განაპირობა, რომ შავ ზღვაზე ხელი შეუწყო ამერიკის ფლოტის გამყარებას. გაიხსენეთ ჩემი 1994 წლის წინასწარმეტყველება შავ ზღვაზე გამწკრივებული ამერიკული გემების შესახებ.

 

მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთი მაინც ვერ მიაღწევს თავისი ბინძური ჩანაფიქრის ასრულებას, ვინაიდან კოსმოსი არ დაუშვებს, პირდაპირ რომ ვთქვათ, საჭოთა კავშირის აღდგენას.

 

ის პოლიტიკა, რომელიც გატარდა ყირიმსა და სევასტოპოლში, რუსეთისთვის ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს. ამ ოკუპაციაში რუსეთი ხედავს თავისი დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას და არა ოკუპაციას.

 

„სამართალი ზეიმობს!“ — ასეთი ლოზუნგი აქვს რუსეთს. საპასუხოდ კოსმოსი უსვამს კითხვას: „იმ უცხო ქვეყნების დაპყრობას, სადაც თქვენ ოკუპაცია გაქვთ განხორციელებული — მაგალითად საქართველოსი — რაღატომ მიიჩნევთ სამართლიანად?! უნდა გახვიდეთ ამ ტერიტორიებიდან და მოეშვათ ოკუპაციას. რომელი ერთი ქვეყანა ჩამოვთვალოთ, სადაც სისხლი არ დაგიღვრიათ?! ყველგან რუსული კვალი ამჩნევია მსოფლიო რუკას. ამიტომ დიდი სიფრთხილე გმართებთ, ვინაიდან კოსმოსი ამას არ გაპატიებთ!“

 

კრემლის პოლიტიკის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო ამხედრდება. რუსეთს ზურგს შეაქცევენ ის სახელმწიფოებიც, რომელთაც მეგობრებად მოიაზრებენ ქვეყნის მთავრობაში. და რჩება რუსეთი მარტო თავის პრობლემებთან ერთად. ეს პრობლემა კი არის მსოფლიოსთან დაპირისპირება. ამ დაპირისპირებაში კრემლის პოლიტიკის მარცხი გარანტირებულია.

 

მინდა გაგახსენოთ წინასწარმეტყველება, რომელიც წარსულში მაქვს არაერთხელ ჩაწერილი: როცა იწყება დიდი ომები, საქართველო მაშინ მშვიდდება. საქართველო დაცულია!

 

დააკვირდით და ნახავთ, რომ ეს ხედვა მთელი სიზუსტით ასრულდება. საქართველო ამ ომებში არ გაეხვევა. პირიქით, ის პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა და ევროპა გაატარებენ, საქართველოს პოლიტიკაზე დაასხამს წყალს.

 

2014 წელი, 29 აპრილი

 

ის სანქციები, რომელთაც ახლა ამერიკა უფრო და უფრო ზრდის და აძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ, ომზე დიდ დარტყმას აყენებს რუსეთს. ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული რუსეთის პრეზიდენტსა და მის გუნდს, მაგრამ გამოსავალი არ აქვთ. არსებობს ერთადერთი გამოსავალი — დათმოს ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველო, და დაბრუნდეს რუსეთის ნამდვილ საზღვრებში.

 

მე წარსულში ვიწინასწარმეტყველე, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების იმედი. ჩინეთსაც მიწები აინტერესებს და იაპონიას ხომ განსაკუთრებით.

 

ერთ საკმაოდ საინტერესო ფაქტს ვხედავ კვლავ: ჩინეთი არცერთ შემთხვევაში არ გაატარებს რუსულ პოლიტიკას. ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე და დღეს უკვე წამოიჭრა ეს თემა. ვხედავ, მომავალში ჩინეთი ყველა ურთიერთობაზე უარს იტყვის რუსეთთან. ჩინეთი არასოდეს არ წავა ამერიკის წინააღმდეგ, ვინაიდან ამერიკა ყოველთვის იყო წამყვანი და ძლიერი სახელმწიფო, ხოლო რუსეთს, საკუთარი პოლიტიკით შექმნილი სიტუაციებისთვისაც კი ვერ მოუვლია. ეს ხილულია ყველა პარტნიორი თუ საპარტნიორო ქვეყნისთვის. ამიტომ ისინი არ დაუდგებიან რუსეთს გვერდით.

 

ვხედავ, რუსეთი ვერც ყირიმში გატარებს იმ პროგრამას, რაც სურს და ვერც უკრაინის აღმოსავლეთში. ეს მხარე ყირიმივით ნამდვილად ვერ ჩაბარდება რუსეთს.

 

რაც შეეხება ქართული პოლიტიკას, ის დინებას მიჰყვება…

 

ქართულ პოლიტიკას სჭირდება შემსრულებელი, ჭკვიანი ადამიანები. დიახ, შემსრულებელი!!! ამასთან კანონი უნდა კანონობდეს აუცილებლად და უპირველეს ადგილზე იდგეს. საკმარისია მოეშვას პატარაზე და ხალხიც მაშინვე აიშვებს. დიახ, ხალხი! აქ ყველაფერს ვგულისხმობ, სხვათა შორის.

 

მომავალში, კიდევ ვიმეორებ, მაინც დაიცვლებიან მინისტრები და მოვლენ საქმის მცოდნე ახალგაზრდები. სწორედ ისინი — ახალგაზრდა, განათლებული და პატრიოტი ადამიანები ჩაენაცვლებიან ძველ ჩინოვნიკებს.

 

დიდად განსაკუთრებული ახლა არაფერი არ ხდება ქართულ პოლიტიკაში, იმდენად, რამდენადაც ევროპა-ამერიკა-რუსეთ-უკრაინის თემამ გადაფარა ყველაფერი და სხვა პოლიტიკური თემებისთვის არავის სცხელა. თუმცა ამ პოლიტიკურ ჭიდილში მაინც გამოჩნდა საკითხი, რომელიც საქართველოს ეხება. და ეს ევროპიკენ მიმავალი გაზსადენის საკითხია. როგორც 80-90-იან წლებში ვიწინასწარმეტყველე და მერაბ კოკოჩაშვილის მიერ გადაღებულ ფილმშიც აღვნიშნე, „ტრუბა“ მაინც გაივლის საქართველოზე. დიახ, ასე მოხდება. გაზსადენის პროექტი „ნაბუქო“ ვერდის ოპერა „ნაბუქოსავით“ სულ სიმღერ-სიმღერით გაივლის საქართველოზე. საქართველოს გვერდს ვერ აუვლიან, ბატონებო! საქართველო სჭირდებათ! მერე ამას მოჰყვება სამხედრო ბაზები, ნატო და ა.შ. და ა.შ.

 

ისე, სანამ თავზე არ დაექცათ ევროპასა და ამერიკას ყველაფერი (ძალიანაც კარგი!), მანადე ვერ დაინახეს, რამდენად საჭიროა დასავლეთისთვის საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობით.

 

ვხედავ, პორტების გამალებული მშენებლობები დაიწყება მომავალში. კია სამუშაობი დაწყებული, მაგრამ სერიოზულ მუშაობას ვხედავ პორტებზე, სადაც სამხედრო გემები ჩამოდგებიან. ამას ვერავინ ვერ შეაჩერებს — ვერც რუსები და ვერც სხვა. ეს ბრძანება კოსმოსიდან მოდის.

 

ვხედავ, ძალიან საინტერესო სამეული შეიკვრება: თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო. სწორედ ასე, „სამეულს“ შეარქმევენ ამ კავშირს. ამ საკითხში იდირიჟორებს ამერიკა და დიდ ინტერესსაც გამოამჟღავნებს, რითაც დაცვით ფორმას შეუქმნის საქართველოს. უბრალოდ, ეს ძალზე საჭირო გახდება ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკასთან მიმართებაში. ამ სამეულის ცენტრი იქნება საქართველოში. ეს თურქეთსაც აწყობს და აზერბაიჯანსაც. სწორედ აქ, საქართველოში გაიმართება პრეზიდენტების შეხვედრები, ასამბლეები. ეს რუსეთს ძალიან გააგიჟებს, მაგრამ ვერაფერსაც ვერ მოიმოქმედებს.

 

ვხედავ, აზერბაიჯანიც ძალიან დიდ ფულს ჩადებს შავი ზღვის პორტში და ასევე თურქეთიც. გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა, მას უფლება ექნება, ჰყავდეს თავისი სამხედრო გემები საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ ჩვენს წყლებში. ფაქტობრივად, ეს იქნება არა თურქული, არამედ ნატოს გემები თურქეთის დროშის ქვეშ.

 

ვხედავ, დაიწყება მოლაპარაკებები ამერიკა-ევროპა-რუსეთს შორის. ამერიკა და ევროპა პირდაპირ მოითხოვენ, დაუბრუნოს რუსეთმა ტერიტორიები საქართველოს. იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთმა გაატარა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, სრულად დაუმსხვრევენ ამერიკა და ევროპა კრემლს და ახალი საზღვრების შემოხაზვას, ახალი სახელმწიფოების მშნებლობას შეუდგებიან.

 

ვხედავ, ირანიც მოინდომებს სამეულში შესვლას. დიახ, იმდენად სერიოზული სახე ექნება ამ სამთა კავშირს, რომ ირანი მასში გაწევრიანების დიდ სურვილს გამოთქვამს. მით უმეტეს, რომ მისთვის საჭირო იქნება ამერიკასთან ნორმალური პოლიტიკის დაწყობა. ამ პოლიტიკური ხაზით ირანი თითქოს რაღაც თბილ დამოკიდებულებას აღადგენს კიდეც. მართალია, ეს პოლიტიკური სვლაა, პოლიტიკური თამაშია, მაგრამ ძალიან მისასალმებელი ფაქტი კია, ვინაიდან რუსეთი საბოლოოდ დაყრის აქ ფარ-ხმალს.

 

რაც მთავარია, საქართველოში შეიცვლება პოლიტიკა, შეიცვლებიან პოლიტიკოსები და დაიწყება „გიორგი ბრწყინვალის“ მმართველობის ხანა. ქართველმა მეფემ, გიორგი ბრწყინვალემ საქართველოს თავისი ძველი საზღვრები დაუბრუნა — ის საზღვრები, რომელიც თამარის დროს იყო შემოხაზული. მან დაუბრუნა, ანუ აღადგინა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და სინის მონასტერი ქართველებს. ეს ცნობილი ისტორიული ფაქტებია. ჩვენი დროის „გიორგი ბრწყინვალეც“ ზუსტად საზღვრებთან დაკავშირებით წამოიწყებს პოლიტიკურ ბრძოლებს და მოუგებს კიდეც რუსეთს. ამის შემდეგ აზერბაიჯანთანაც გარიგდება საინგილოს თემაზე და მასაც დააბრუნებს საქართველოს საზღვრებში. ეს არის აბსოლუტური რეალობა, რაც აუცილებლად ასრულდება. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანს ძალიან, ძალიან დასჭირდება საქართველო.

 

ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ, როგორ წარმართონ დიდი პოლიტიკა, როგორ დაიცვან საქართველოს ინტერესები მსოფლიო პოლიტიკაში. მე მიყვარს ჩემი ქართვლი ახალგაზრდობა — ჭკვიანი და ნიჭიერი თაობა. ისინი იოლად აითვისებენ მსოფლიო პოლიტიკის მართვის წესებს, ხოლო დიდი და საფუძვლიანი განათლება საშუალებას მისცემს მათ, სრულიად თავისუფლად მიაღწიონ გამარჯვებას დიდ, მსოფლიო პოლიტიკურ თამაშებში.

 

ამიტომაც მოგიწოდებთ, ჩემო ახალგაზრდებო: ნურავის ნურაფერს ნუ დაუთმობთ და ნუ შეარჩენთ! იყავით ძლიერები! იცოდეთ, კოსმოსი თქვენთანაა და უდიდეს ენერგიას გაძლევთ!

 

ახალგაზრდები სარეველასავით ფესვებიანად მოთხრიან ძველ ნომენკლატურასაც, რომელთაც არაფერი გაეგებათ, მაგრამ მაინც იკავებენ იმ ადგილებს, რომლებიც ეკუთვნით ახალგაზრდებს. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში და რასაც ვხედავ, ეს მე ძალიან მახარებს. პირველ რიგში კი ის ფაქტი, რომ კანონი იკანონებს.

 

ამწუთას საინტერესო ხედვა მაქვს: ნავთობპროდუქტები მომავალში ძალიან გაიაფდება საქართველოში. ამას ბევრი ფაქტორი შეუწყობს ხელს. მათ შორის ისიც, რომ საქართველო ძლიერი, დემოკრატიული და მეტად ანგარიშგასაწევი სახელმწიფო ხდება უცხოელებისთვის. ბენზინის გარდა, ელექტროენერგიის გაიაფებასაც ვხედავ და გაზისასაც. ამას კი მოჰყვება კვების პროდუქტების გაიაფებაც. რომ იცოდეთ, ეს ყველაფერი სახელმწიფო ინტერესებში შევა.

 

სხვათა შორის, ვხედავ, იმ კანონებს, რომლებსაც დღეს ღებულობს საქართველოს პარლამენტი, მომავალში ისევ შეიცვლება მთლიანად. თანაც ისე, რომ შემდგომ ცვლილებებს აღარ დაექვემდებარება.

 

რუსეთის მცდელობა, რაღაც ავანტიურა განახორციელოს საქართველოსთან ომის კუთხით, ჩაშლილია. არაფერი გამოუვა. რაც უნდა მოიმოქმედონ კრემლში, საქართველო მაინც შევა ევროგაერთიანებაშიც და ნატოშიც. ეს რუსეთმა უკვე ძალიან კარგად იცის.

 

ვხედავ ძალიან საინტერესო ფაქტს: რუსეთი აუცილებლად შეეცდება საქართველოსთან მოლაპარაკებები აწარმოოს. ვხედავ, ჩამოვა დელეგაცია, რაც ჩვენ დიდად გაგვაკვირვებს კარასინების მსგავსებთან მოლაპარაკებების შემდეგ. ქედმაღლური ტონი და არაფრად ჩამგდები პოზა ქრება, რუსები ამას გვერდზე გაწევენ, ვინაიდან მათ ძალზე დასჭირდებათ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება. ეს განზრახვა უკვე აღარ არის თამაში.

 

ეს მართლაც სერიოზული მიზანია. კრემლს ამას გააკეთებინებს, ანუ აიძულებს ის ვითარება, რომელიც დღეს იქმნება ამერიკა-ევროპა-უკრაინასთან მიმართებაში. ამით საქართველო ღებულობს მყარ გარანტიას, რომ რუსეთის აგრესია, ფაქტობრივად, ვეღარ განხორციელდება მის სხვადასხვა კუთხეში.

 

უკვე მერამდენედ, ძალიან კარგად ვხედავ მომავალში, როგორ იხსნება საზღვრები საქართველოს მხრიდან სამაჩაბლოსა და აფხაზეთისკენ. ლტოლვილები თავიანთ სახლ-კარს დაუბრუნდებიან. ეს ასეა ასი პროცენტით.

 

მინდა გავიხსენო 1992 წლის 12 ნოემბრის წინასწარმეტყველება:

 

„ქართველი ამერიკელს ვერ დაემსგავსება, ვერც ევროპელს. ვხედავ, მომავალში თავის სახეს დაიბრუნებს საქართველო, თავის ზნე-წესს, ჩვეულებას, ტრადიციებს, ანუ ადამიანურ სახეს“. ამიტომ, გაფრთხილებთ ყველას, ყველა ის კანონი, რომელიც არ არის მისაღები ქართული ტრადიციებისთვის, მაინც წაიშლება. საქართველოზე, ქართველზე მეტად ტოლერანტული, შემწყნარებელი სახელმწიფო და ერი არ არსებობს დედამიწაზე. მაშ, რაღა უნდა ჩვენგან ზოგიერთ ევროპელ ჩინოვნიკს, რას ითხოვენ ისინი? რა და, ეს ჩინოვნიკები საქართველოში ცდილობენ განახორციელონ ის, რასაც ევროპის დიდ და დემოკრატიულ(!) სახელმწიფოებში ვერ აღწევენ, ცდილობენ თავს მოგვახვიონ ჩვენთვის უცხო, მიუღებელი ტრადიციები და კანონად გვიქციონ ისინი.

 

„რატომაც არა?!“ — ფიქრობენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ევროპელი ჩინოვნიკები. ესაა და ეს. მეტი მიზეზი არ არსებობს. მაგრამ მათ გეგმებს ასრულება არ აწერია. ქართველები რჩებიან შემწყნარებლებად, მაგრამ არ შეითვისებენ უცხო ზნესა და წესებს.

 

რაც მთავარია, საქართველო არ დაკარგავს თავის სახელმწიფოებრიობას. ის აღადგენს პირვანდელ საზღვრებს, გვეყოლება ახალი მთავრობა, ახალი პრეზიდენტი. ვხედავ, მომავალში სიმშვიდე სუფევს ქვეყანაში და ეს არის უკვე ნამდვილად ძლიერი საქართველო ქართველებთან ერთად!

 

(გაგრძელება იქნება)“,- წერს ლელა კაკულია.

 

 

ავტორი: Prime Time

X