20:21 | 2021-06-22 ავტორი: თამარ გონგაძე

“მამა თომა იყო მღვდელი, რომელმაც სახარება თვალებით იქადაგა…” – კოვიდით გარდაცვლილ მოძღვარს მთელი გურია გლოვობს

“მამა თომა იყო მღვდელი, რომელმაც სახარება თვალებით იქადაგა…” – კოვიდით გარდაცვლილ მოძღვარს მთელი გურია გლოვობს

გუშინ კიდევ ერთი სასულიერო პირი შეიწირა ვერაგმა კორონავირუსმა. როგორც გვითხრეს, სრულიად ჯანმრთელი.

 

მამა თომა სიხარულიძე ჩოხატაურის წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი იყო. პარალელურად ხელმძღვანელობდა ქალაქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო გიმნაზიას.

 

მშობლიური ქალაქი დასტირის და გლოვობს თავის საყვარელ და გამორჩეულ მოძღვარს.

 

სასულიერო პირს კორონავირუსი ორი თვის წინ შეეყარა. ინფექციამ ფილტვები დაუზიანა. ჯერ ჩოხატაურში გადიოდა მკურნალობას, შემდეგ ბათუმში, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმებულა.

 

“პრაიმტაიმს” მოძღვრის ახლობელი, ნათია სადრაძე უყვება, რომ ბათუმიდან, მამა თომა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, სადაც მას ლევან რატიანიც მკურნალობდა.

 

 

ნათია სადრაძე: – ლევან რატიანი იმედისმომცემ კომენტარებს აკეთებდა. ამბობდა, მკურნალობა როგორ წავა, ეს პაციენტზეც არის დამოკიდებულიო. თუმცა მამაო იმდენად დაუძლურდა, რომ ბრძოლის უნარი აღარ შესწევდა. შემდეგ ამერიკულ კლინიკაში მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია. თუმცა გადაყვანიდან რამდენიმე დღეში, ის გარდაიცვალა. მოძღვრის ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო…

 

არაფერი თანმხლები დაავადება არ ჰქონია. იყო ჯანმრთელი. ამ დროს, ოზურგეთში ერთმა მამაომ, რომელსაც ბევრი ქრონიკული დაავადება აქვს, კოვიდი აბსოლუტურად გაურთულებლად გადაიტანა. ამიტომ გაოგნებულები ვართ…

 

დილით ჩამოასვენეს თბილისიდან. სავარაუდოდ, ტაძრის ეზოში დაიკრძალება…

 

მთელი ჩოხატაური გლოვობს მამა თომას. პატარა ქალაქში რომ ასეთი ადამიანი გარდაიცვლება, ის მთელ ქალაქს აკლდება, ყველა მისტირის. ადამიანს ვერ იპოვით, რომ მასზე რაიმე აუგი დასცდეს. ყველას უყვარდა ეს უთბილესი და უსაყვარლესი მოძღვარი.

 

უანგარო ადამიანი იყო. სიკეთის მთესველი და ყოვლად დადებითი. ამ ადამიანთან ურთიერთობა ფეიერვერკი იყო. მამაოები ამბობდნენ, გვინდა მისნაირი ვიყოთ, მისთვის მახასიათებელი სიმშვიდე გაგვაჩნდეს, ვიყოთ მისებრ თავმდაბალიო. შენატროდნენ, ნეტა, სიყვარულის ასე უანგაროდ და უსაზღვროდ გაცემა შეგვეძლოსო.

 

ფრაზა, რომლითაც მამა თომას ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა, მისი გიმნაზიის ერთ მასწავლებელს ეკუთვნის, რომელმაც მას “სიყვარულისფერი მოძღვარი” უწოდა. ეს სახელი ზუსტად მისი შესაფერისია, ის სიყვარულისფერი იყო…

 

 

გთავაზობთ მამა თომას მრევლის გამოსათხოვარი ფეისბუქპოსტების ამონარიდებს.

 

“მამა თომა, ეს იმ დიადი ადამიანის სახელია, რომელიც ყველას უყვარს და ერთი ცუდის მთქმელი არ დაუტოვებია ამ წუთისოფელში. მამა თომა ჩემი საძირკველია, რომელმაც დამანახა ღმერთი, მასწავლა სიყვარული, მასწავლა კარგისკენ სწრაფვა და მასწავლა როგორ ვიცხოვრო სწორად.

 

მამა თომა, დღეს ამ სახელით, ანგელოზად მოგვევლინა და უსასრულოდ დარჩება ჩემში, კეთილი, მოსიყვარულე, მზრუნველი, მუდამ სხვებისთვის მლოცველი… სული დამიობლდა… ნუგეშად მაქვს, რომ ისევ შევხვდებით.”

 

 

“დედამიწა ტალახის გუნდად იქცა. შენი სისუფთავე როგორ გვჭირდებოდა. მადლობა, რომ ადამიანად მაქციე. ჩვენი სკოლის გულო. როგორ მიყვარხარ, მამა თომა, ჩვენო სინდისო…”

 

“ვინც ერთხელ შეხვედრია მამა თომას, ყოველთვის ემახსოვრება, როგორ უცინოდა თვალები. ამიტომ ის იყო მღვდელი, რომელმაც სახარება თვალებით იქადაგა…”

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X