14:07 | 2021-06-24 ავტორი: თამარ გონგაძე

“თუ ბევრს აგინებს რობერტ სტურუას და რუსთაველის თეატრს, უფრო პოპულარული თეატრმცოდნე იქნება” – დათო უფლისაშვილი თეატრის და მაესტროს დასაცავად

“თუ ბევრს აგინებს რობერტ სტურუას და რუსთაველის თეატრს, უფრო პოპულარული თეატრმცოდნე იქნება” – დათო უფლისაშვილი თეატრის და მაესტროს დასაცავად

უკვე იცით, რომ რუსთაველის თეატრი, თვის ბოლოს, მოსკოვში, ჩეხოვის ფესტივალზე, ირლანდიელი მწერლისა და დრამატურგის, სემუელ ბეკეტის “თამაშის დასასრულით” მიემგზავრება. აბსურდის დრამაზე სპექტაკლი ბევრმა ქვეყნის თეატრმა დადგა. როგორც ჩანს, თეატრალურ სამყაროს ახლა რობერტ სტურუას ვერსიის ხილვა სურს.

 

სპექტაკლში ნანა ფაჩუაშვილი, დათო უფლისაშვილი, ლევან ბერიკაშვილი და გოგა ბარბაქაძე თამაშობენ. უფლისაშვილს არ ესმის, რატომ ესხმიან თავს თეატრს იმის გამო, რომ ის ფესტივალზე რუსეთში მიდის. მსახიობი მიიჩნევს, რომ რუსეთში ქართულად თამაში, სწორედაც რომ იმ ქვეყნისთვის იმის შეხსენებაა, რომ ის დამპყრობი და ოკუპანტია.

 

დათო უფლისაშვილი: – ჩეხოვის სპექტაკლზე სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი კრიტიკოსი ჩამოდის. უყურებენ სპექტაკლს და აფასებენ. ეს არის ჩვენი თეატრის, ქართული კულტურის დაფასება და გაცნობა. ამაზე უარი უნდა ვთქვათ?

 

უცხოეთში რატომ არ გეპატიჟებიანო, ამბობენ. პანდემიის გამო ჩაკეტილები ვიყავით, თორემ როგორ არ გვეპატიჟებოდნენ?! მიწვევები გვქონდა თურქეთიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, გერმანიიდან.

 

2021-06-21"პუტინი ჩვენთან არ მოვა, არც ჩვენ მივდივართ პუტინთან. მე რომ ჩემი ქვეყანა მიყვარს, ნეტა, ვინმე შემეჯიბროს" - ნანა ფაჩუაშვილი მოსკოვში გასტროლზე

 

მაინტერესებს უცხოელი მაყურებელი როგორ მიიღებს ჩვენს სპექტაკლს, როგორი გამოხმაურება ექნება.

 

ვიცი, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩემი ტერიტორიები წაღებული აქვს. სწორედ ამიტომ უნდა ჩავიდეთ და ვუთხრათ, ჩვენ ვცოცხლობთ!.. რაც არ უნდა გვიქნან, ჩვენი კულტურა, ხელოვნება ყოველთვის იქნება, მუსიკა, ლიტერატურა, კინო, თეატრი, მხატვრობა. რა არის ამაში ცუდი, თუ ჩვენ ჩავალთ და ქართულ ენაზე ვითამაშებთ და კიდევ ერთხელ ვეტყვით მათ, თქვენ ხართ ოკუპანტები. ჩვენ ძლიერი ერი ვართ და არასდროს წავიქცევით.

 

იმ რუსეთშიც არინ ადამიანები, რომლებიც პუტინის მოწინააღმდეგეები არიან და მათაც აინტერესებთ ჩვენი სპექტაკლი.

 

მაინც რაღაცაშია საქმე და ვერ დავადგინე, რატომ ებრძვიან სტურუას და რუსთაველის თეატრს. აქ ზოგიერთი “თეატრმცოდნე” და “კრიტიკოსი” თავისი მდგომარეობიდან აკეთებს შეფასებას. ეტყობა ვერ მოხვდნენ რუსთაველის თეატრში, ან თუ ბევრს აგინებს რობერტ სტურუას და რუსთაველის თეატრს, უფრო პოპულარული თეატრმცოდნე იქნება. ამ დასკვნამდე მივდივარ.

 

მერე რომ ამბობენ, სტურუა, ამა თუ იმ პოლიტიკური სიმპათიების გამო აგდებს მსახიობებს თეატრიდანო, რა შეურაცხყოფებს გვაყენებენ? პოლიტიკური გემოვნების გამო რუსთაველის თეატრიდან არავინ გაუშვიათ. ეს ტყუილია. ზოგს ვინ მოსწონს, ზოგს – ვინ. ამისთვის ჩვენს თეატრში არავინ არაფეს არ ეუბნებათ. თუ ვინმეს უშვებს სამხატვრო ხელმღვანელი, უშვებს იმიტომ, რომ თვლის ის არ შეეფერება თეატრს, მის არსს, მომავალს. ეს არის და ეს.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X