
ხშირად დაგვიწერია ამბები დაკარგულ და შემდეგ ნაპოვნ შვილებზე და ისეთი გულის ამაჩუყებელი ამბები მოგვისმენია დაკარგული ოჯახის წევრების შეხვედრაზე, სასიხარულო ემოციებზე, რომ ცრემლი ვერ შეგვიკავებია.
ამჯერად უჩვეულო ამბავს გთავაზობთ.
სოციალურ ქსელში ჯგუფის – “ვეძებ” საშუალებით ბიოლოგიურმა მშობლებმა გასხვისებული შვილი იპოვეს, გოგონა მათთან კონტაქტზე გავიდა, შეხვედრაზეც შეთანხმდნენ, მაგრამ შემდეგ ჰორიზონტიდან გაქრა. გაუჩინარების მიზეზი კი ასე ახსნა:
“მე ვარ ის 2000 წელს დაბადებული გოგონა, რომელსაც კონტაქტი მქონდა სავარაუდო მამასთან. მიხვდება ამ პოსტით, ვისაც ვგულისხმობ. ახლა ამომივარდა სავარაუდო დედის პოსტებიც. ვიცი, დაემთხვა ჩვენი გვარი, ვგავარ თქვენს უფროს შვილ გოგონასაც. მე დღეს სხვა სახელი მაქვს, დღეს სხვა პიროვნება ვარ. კი, უნდა მენახეთ, დიახ ვისაუბრეთ მესენჯერშიც. ჩემმა აღმზრდელმა მამამ გაიგო ყველაფერი, ჩემი აწ ახლო “მეგობრისგან”, ვეღარც იმ ფეისბუქზე შევდივარ და ახლაც სხვა ფეისბუქით- ანინიმურად ვწერ პოსტს.
მე მამაჩემს ვერ დავკარგავ, მესმის თქვენიც, მაგრამ მე ერთი ვყავარ ცხოვრებაში დარჩენილი, დედაც გარდამეცვალა, თქვენ უფროსი გოგონაც გყავთ, მე არ მინდა დავკარგო ეს, არ მინდა, არჩევნის წინაშე დამაყენოს და არ მინდა, გული ვატკინო, თუნდაც თქვეთან შეხვედრის გამო.
უსასრულოდ მიყვარს ჩემი ოჯახი. მე მაინტერესებდა, რატომ მიმატოვეს ბიოლოგიურმა მშობლებმა და მივიღე ამის პასუხი და ამოვწურე კითხვები. გთხოვთ, გააგრძელოთ ცხოვრება ისე, როგორც ცხოვრობდით, ჩემს საფლავზე სანთლის დანთებით ან და ისევ ეძიეთ თქვენი გოგონა, იქნებ მართლაც დამთხვევა და მსგავსებაა უბრალოდ, ჩვენ შორის.
გისურვებთ გამძლეობას და იმ იმედით ძიებას, რომ იპოვით გოგონას. ეს ჩემი საბოლოო პოსტია და ჩემი საბოლოო აქტიურობა ამ ქსელში. მომიტევეთ, თუ რამე უხეშად გამომივიდა, არ განმსაჯოთ. არც მე მინდა იმის დაკარგვა, ვინც 21 წელი მზარდა და ვისაც სიციცხლეს ვურჩევნივარ და ერთადერთი ვყავარ“, წერს სოციალურ ქსელში გოგო.






















