
რამდენიმე კვირის წინ, ცნობილი გახდა, რომ „თბილისი პრაიდი“ ღირსების მარშს გამართავდა. მთავარი სლოგანი კი, „გამოდი სოლიდარობისთვის“ იქნებოდა. საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა. კონკრეტულმა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა კი, თავიდანვე აღნიშნეს, რომ მარში არ იქნებოდა. მაგალითად, „ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელმა, ლევან ვასაძემ 15 ივნისს ხელისუფლებას ათდღიანი ვადა მისცა, რომ დაანონსებული პრაიდი გაეუქმებინათ და „გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონი მიეღოთ. მისივე თქმით, ის დილიდან, ათი საათიდან, რუსთაველის გამზირზე იქნებოდა, რომ „უმსგავსო აღლუმი არ ჩაეტარებინათ“.
თუმცა, რამდენიმე დღეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიზნესმენს გამოკვლევები ესაჭიროებოდა და მოსკოვში უნდა გაფრენილიყო. მან ბაკულევის სახელობის კლინიკიდან მიმართვაც გაავრცელა და საზოგადოებას გაერთიანებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

5 ივლისი – ღირსების მარშის დღე
„თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრება დილით, დაახლოებით 11 საათისთვის დაიწყეს. მათი ძირითადი მოთხოვნა ღონისძიების გაუქმება იყო. ისინი არ გამორიცხავდნენ იმასაც, რომ პოლიციასთან შეტაკება მომხდარიყო.
„ძალადობა არის ლგბტ სიბილწის პროპაგანდა. წესით, ამ ძალადობრივ აქტს უნდა დაუპირისპირდეს პოლიციის ადეკვატური ძალა და ისინი განარიდოს, ჩამოართვას პლაკატები და გაიყვანოს ტერიტორიიდან, მაგრამ რადგან პოლიცია ამას ვერ გააკეთებს, რადგან პოლიციას მიღებული აქვს კანონი, რომ ლგბტ ცხოვრების წესი არის ნორმა, ამდენი ხალხი ჩამოდის იმიტომ, რომ ფაქტობრივად პოლიცია ჩაანაცვლონ,“- ამბობდა გურამ ფალავანდიშვილი.
აქტივისტებმა მალევე გადინაცვლეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის სხვა მონაწილეები და სასულიერო პირები იყვნენ შეკრებილები. მათ უპირველესად, რამდენიმე თვის წინ, ოპოზიციის დადგმული კარვები აიღეს და მიმდებარე ტერიტორია თითქმის სრულიად დაიკავეს. მთავარი მოთხოვნა კვლავ იგივე იყო – პრაიდი არ უნდა ჩატარებულიყო.

დილითვე, „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების ჩატარებას აშშ-ის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა.
„შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად.

საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება.
ელჩი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით“,- ნათქვამია განცხადებაში.
რუსთაველზე აქცია არ უნდა ჩატარდეს – ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსთაველის გამზირზე მარში არ უნდა ჩატარებულიყო.
„ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერი, სადაც თანაცხოვრების არაერთი მაგალითი გვაქვს და ჩვენს ერში არასოდეს არც ერთ წარმომადგენელს, იქნება ეს რელიგიური, თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ადმაიანები, არასოდეს ჰქონიათ პრობლემა. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ დღესაც იმადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გვამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, ბუნებრივია, ამას ვგებულობთ როგორც მოცემულობას და ჩვენ გვესმის მათი სურვილები, მათ კონსტიტუციური უფლებაა.
დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. შსს მუდმივ კონტაქტზეა მარშის ორგანიზატორებთან, მათ განემარტთათ, რომ მათ აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და მათ მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მინდა მივმართო მათ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტანკი თუ წამოვა, რომელზეც ამხედრებულია კარლ ჰარცელი, ჩვენ იმას დავუწვებით – ფალავანდიშვილი

პრემიერის განცხადებიდან მალევე, გურამ ფალავანდიშვილმა თქვა, რომ ის და მისი თანამოაზრეები, „თავის გასაწირად მზად არიან“.
მისივე თქმით, ის პრაიდთან დაკავშირებით, ჯერ დიპლომატებს, შემდეგ კი, ტელვიზიასა და მთავრობას ადანაშაულებს.
„ჩვენ ბევრჯერ გაგვიწირია თავი. მზად ვართ, რომ დაგვხოცონ, ოღონდ ეს არ ჩატარდეს. ჩვენს თავს ვწირავთ. ტანკი თუ წამოვა, რომელზეც ამხედრებულიაკარლ ჰარცელი,ჩვენ იმას დავუწვებით,“ – ამბობს ფალავანდიშვილი.
„ასეთი არასდროს არაფერი მომხდარა, გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ“ – „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი
ასევე, მედიის წარმომადგენლებზე დაიწყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მთელი აქციის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული სიტუაცია იყო. ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენლები ჟურნალისტებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.
„ასეთი არასდროს არაფერი მომხდარა. აგრესიულები არიან ყველა არხის ჟურნალისტის მიმართ. გვეუბნებიან, რომ ტერიტორია დავტოვოთ. რამდენიმე ჟურნალისტია დაშავებული. დამტვრეულია კამერები. გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ,“ – ამბობს „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი სალომე ბოკუჩავა.
„უცებ ძალიან მძლავრი ძალადობა დაიწყო ჟურნალისტებზე. ყველა ერთ მხარეს დავდექით. დაიწყო ფურთხება, გინება, ფიზიკური ძალადობა, ნაცემი არიან ჩვენი ოპერატორები, ერთი ძალიან მძიმედ დაშავდა ზურა მანაგაძე, რომელიც საპატრულო ეკიპაჟის მანქანაში ჩემთან ერთად ზის.

არ ვაპირებდით ტერიტორიის დატოვებას, თუმცა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის თანამშრომლებმა ძალით ჩაგვსვეს მანქანაში, როგორც თავად ამბობენ, უსაფრთხო ადგილას მივყავართ.
ამ ადამიანების აგრესია ჟურნალისტებზე გაურკვეველი მიზეზის გამო იყო. ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში პირველად შემეშინდა ასე ძალიან“, – ამბობს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე.
აქციის გაშუქების დროს სხვადასხვა ტელევიზიისა და საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომლები დაშავდნენ.
ძალადობრივი ჯგუფები „თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და დაარბიეს
მიუხედავად იმისა, რომ აქციის მთავარი ლოკაცია რუსთაველის გამზირი იყო ჰომოფობიური ჯგუფები მაინც, ცდილობდნენ ყოფილიყვნენ ყველგან, სადაც მათთვის მიუღებელი აზრი იყო.
რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები „თბილისი პრაიდის“ შენობის მეორე სართულზე ფანჯრების მეშვეობით აძვრნენ, რის შემდეგაც ლგბტ-ს დროშები ჩამოხსნეს, დახიეს და დაბლა გადმოყარეს.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მათ საშუალება არ მისცა, ოფისში შესულიყვნენ, კედლებისა და ფანჯრების მეშვეობით შეძლეს შენობის მეორე სართულზე ასვლა. გაანადგურეს შენობის ინვენტარი.
ღირსების მარში #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება! – „თბილისი პრაიდის“ საგანგებო განცხადება
„თბილისი პრაიდის” სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ ღირსების მარში #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება. Ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო ქვიარ თემისა და ჩვენი მხარდამჭერების უსაფრთხოება, არამედ აქტიური მოქმედებებით შეგვიშალა ხელი გვესარგებლა შეკრების უფლებით. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე!

Ჩვენს მხარდამჭერებს გვსურს მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ბრძოლა ღირსებისთვის გაგრძელდება, ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც მიუხედავად სიძულვილის ჯგუფების, საპატრიარქოსა და ხელისუფლების გააფთრებული წინააღმდეგობისა, არ შეწყდება! Ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ღირსებისთვის!!“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და ვანდალიზმის გამო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. ფაქტს ასევე გამოეხმაურნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, საელჩოები.
ასევე, თითქმის ყველა მედიასაშუალებამ უარი თქვა, რადიკალური ჯგუფების მიერ ორგანიზებული ძალადობრივი აქციის გაშუქებაზე.
„პრაიდის“ განცხადების შემდეგ, ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე დაიშალნენ. თუმცა, მანამდე მათ იცეკვეს:
და გაყიდეს შავი საღებავი „ლგბტ დროშების გასაბანძებლად“.























