22:49 | 2021-07-08 ავტორი: თამარ გონგაძე

თბილისში, ძალადობასთან ყველაზე დიდი მებრძოლის – მაჰათმა განდის ძეგლი იდგმება

თბილისში, ძალადობასთან ყველაზე დიდი მებრძოლის – მაჰათმა განდის ძეგლი იდგმება

“პრაიმტაიმის” ექსკლუზიური ინფორმაციით ხვალ თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დოქტორი სუბრამანიამ ჯაიშანკარი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უძვირფასესი საჩუქარი – ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები მოაქვს. წმინდანის ნაწილები 10 ივლისიდან საბოლოო განსასვენებელს სამების დიდ საკათედრო ტაძარში ჰპოვებს.

 

ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიული მოვლენის გარდა, ამავე რიცხვში, ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი მეორე მოვლენაც იგეგმება. ვარკეთილში დიდი ინდოელი პოლიტიკოსის, სამოქალაქო აქტივისტის, მწერლის, ხალხის ეროვნული წინამღოლის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნა იგეგმება.

 

ინდოეთის ერის მამად და “დიად სულად” წოდებული განდი მსოფლიოს დეკოლონიზაციის ლიდერი და მეოცე საუკუნის ყველა იმპერიის მშვიდობიანი დაშლის განუმეორებელი ავტორი გახლდათ. ძალადობასთან ყველაზე დიდი მებრძოლი მსოფლიოში.

 

“პრაიმტაიმი” ამ მნიშვნელოვანი მოვლენების სიზუსტეში დასარწმუნებლად, საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა პალატის დამფუძნებელს, დავით ბეჟიტაშვილს დაუკავშირდა.

 

დავით ბეჟიტაშვილი: – ჩემთვის, როგორც ამ პალატის დამფუძნებლისთვის, რომელმაც 30 წელზე მეტი შევალიე საქართველო-ინდოეთის კულტურული და მეგობრული ურთიერთობების განვითარებას, ეს სამი ისტორიული მოვლენა, მართლაც რომ სასიხარულოდ დამაგვირგვინებელია.

 

გიდასტურებთ, რომ საქართველოს ხვალ ეწვევა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დოქტორი სუბრამანიამ ჯაიშანკარი. ვიზიტის მნიშვნელობა უდიდესია, რადგან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ინდოეთიდან ასეთი მაღალი რანგის სტუმარი არ გვყოლია.

 

 

ჩვენი მეგობრული ურთიერთობები გასულ საუკუნეში დაიწყო. 1955 წლიდან მოყოლებული ჩვენს ქვეყანას ინდოეთიდან არაერთი მნიშვნელოვანი სტუმარი ეწვია. მათ შორის, ჩამოსული იყო, ინდოეთის სამი პრეზიდენტი – ზაქირ ჰუსეინი, ვარაჰაგირ ვენკეტა გირი და ნ.ს. რედი. ასევე სხვადასხვა დროს გვსტუმრობდნენ პრემიერ მინისტრები – ინდირა განდი და ჯავაჰარლალ ნერუ. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ა.ბ.ვაჯპაი. ჩამოდიოდნენ მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები. 1954 წელს თბილისს ეწვია ლეგენდარული რაჯ კაპური…

 

ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მათი საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მოაბრძანებს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს. გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ, ჩვენთან იყო ჩამოსვენებული ეს ნაწილები, ამჯერად, ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენი დედოფლის წმინდა ნაწილები საბოლოოდ უბრუნდება ჩვენს ქვეყანას და ადგილს დაიდებს სამებაში.

 

 

ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ინდოეთის მთავრობას, პირადად საგარეო საქმეთა მინისტრს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომელიც საპატრიარქოსთან ერთად, წლების განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა ამ თემაზე.

 

განსაკუთრებული წვლილი კი შეჰქონდა საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს, ბატონ არჩილ ძულიაშვილს. ეს მისი დიდი დამსახურებაა. ბატონი არჩილის წვლილი, ვიზიტის დაგეგმვასა და დედოფლის წმინდა ნაწილების დაბრუნებაში, შეუფასებელია. მეოთხე წელია, რაც ის ელჩია და მთელი ამ დროის მანძილზე არ მოეშვა, დაბრკოლებებს არ შეუშინდა და დიდი ძალისხმევის შედეგად, ამიერიდან, სამებაში ჩვენი წმინდანი დედოფლის წმინდა ნაწილები გვექნება. და ეს დაბრუნება ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძმიმე ჟამს რომ ხდება, ჩვენი სამშობლოსა და ქრისტიანული ფასეულობებისთვის უდიდესი კანონზომიერებაა.

 

მესამე მოვლენა, რომელიც ამ ვიზიტს უკავშირდება ეს არის უდიდესი საზოგადო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნა თბილისში, ვარკეთილის ლამაზ პარკში.

 

 

მაჰათმა განდის სული ყველა თავისუფლების მოყვარე ერის იდეალია. მე განსაკუთრებით მახარებს ეს მოვლენა, რადგან წლების მანძილზე, საქართველოში მაჰათმა განდის ფონდთან ერთად (რომელსაც ირაკლი კაკაბაძე ხელმძღვანელობს), მისი სულის, იდეებისა და სახელის უკვდავსაყოფად, ვაკეთებდი გამოფენებს, კინოჩვენებებს, იუბილეებს. ბედნიერი ვარ, რომ ფონდთან ერთად ჩემი ეს საქმიანობა ასე დაგვირგვინდა.

 

 

დიდი მადლობა მინდა მხარდაჭერისთვის გადავუხადო ინდოეთის ელჩს სომხეთსა და საქართველოში ბატონ კიშან დან დევალს, რომელიც ჩვენი ქვეყნების მეგობრობასა და კულტურულ ურთიერთობებში დიდ დახმარებას გვიწევს.

ავტორი: თამარ გონგაძე

X