
სოციალურ ქსელში ლგბტ თემთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. ამ სათაურით ავრცელებს სტატიას Factcheck-ი.
საუბარია, ბლოგერის ნათია ქლაუსის ვიდეოზე, რომელმაც ორი დღის განმავლობაში „ფეისბუქზე“ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა უყურა.
ბლოგერი ვიდეოში, „პრაიდის“ იდეოლოგიაზე საუბრობს.
„Facebook-მომხმარებლის Natia Colussi-ის მიერ 7 ივლისს გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელს, LGBTQ+ თემთან დაკავშირებით მრავალი მანიპულაციური და დეზინფორმაციული სახის გზავნილი გავრცელდება. ვიდეოს ავტორი 38 წუთის განმავლობაში იმეორებს დაუსაბუთებელ მტკიცებას, რომ LGBTQ+ საზოგადოების მთავარ მიზანს დომინირების მოპოვება წარმოადგენს და ორგანიზაცია რეალურად ხალხის „სიძულვილისა და დამონებისთვის“ შეიქმნა. დეზინფორმაციული და მანიპულაციური მტკიცებების გარდა, რომლებსაც „ფაქტ-მეტრი“ სტატიაში განიხილავს, Natia Colussi საუბრობს მრავალ ისეთ კონსპირაციულ თეორიაზე, როგორიცაა: მაგალითად, „პარიზის კონვენციითა“ და გლობალური დათბობის საკითხით ტოტალიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობა.
ამასთან ერთად, ავტორი აღნიშნავს, რომ 2020 წლიდან უკვე „ჩაშვებულია“ „ტოტალიტარული რეჟიმის“ დამყარების გეგმა, რომელიც მოიაზრებს, მაგალითად, ხორცის აკრძალვას და ა.შ. ხაზგასასმელია, რომ ყველა დეზინფორმაციულ მტკიცებას და ვიდეოში ნახსენებ მანიპულაციური ნარატივის ლეგიტიმაციას Natia Colussi მისი წლების წინ ღირსების რამდენიმე მარშში მონაწილეობის გამოცდილებით ცდილობს და ქმნის ისეთ ნარატივს, თითქოს ის ძალიან ახლოს იყო LGBTQ საზოგადოებასთან, რამაც საბოლოოდ აუხილა თვალი და დაანახა მათი „პოლიტიკური სიბინძურის მანქანა, რომელიც ცდილობს დომინიზაცია გაუკეთოს ხალხს“. აღსანიშნავია, რომ მის მიერ LGBTQ+ თემის მიმართ ღია სიძულვილის პარალელურად, მის Facebook-კედელზე იძებნება LGBTQ+ თემის მხარდამჭერი ფოტო მასალები, რაც ვიდეოს ავტორის შეხედულებებს ბუნდოვანს ხდის.

მტკიცება: ისეთ ქვეყნებში, სადაც LGBTQ + საზოგადოებას („ხალხს რომელიც Coming out-ს აკეთებს“) 100% მხარდაჭერა აქვს, ყველაზე მაღალი სუიციდის მაჩვენებელია
ვერდიქტი: მანიპულირება
სავარაუდოდ, ვიდეოს ავტორი ევროკავშირის თუ სხვა განვითარებულ ქვეყნებს გულისხმობს, სადაც LGBTQ + საზოგადოების გამოხატვის თავისუფლება უფრო მეტადაა დაცული. 2018 წელს, ამერიკის სამედიცინო საზოგადოების ყოველთვიური ჟურნალი, JAMA Pediatrics-ის მიერ 35 სხვადასხვა კვლევის ანალიზის შედეგად, რომელიც 2.4 მილიონ ჰეტეროსექსუალ მოზარდს და 113,468 LGBTQ+ წარმომადგენელს მოიცავდა, დადგინდა, რომ LGBTQ+ ახალგაზრდებს 3,5-ჯერ მეტჯერ აქვთ სუიციდის მცდელობა, ვიდრე მათ ჰეტეროსექსუალ თანატოლებს.
აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, ამერიკასა თუ ავსტრალიაში, საზოგადოების ღიაობის ბევრად მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, არის გარკვეული ფაქტორები, რაც LGBTQ+ მოზარდებს სუიციდისკენ უბიძგებს. LGBTQ+ მოზარდები უფრო ხშირად განიცდიან ოჯახის წევრებისგან უარყოფას ან მხარდაჭერის არარსებობას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი თანატოლები. უსახლკარო ახალგაზრდების სრული 40% LGBTQ+ თინეიჯერია, რომლებიც სახლიდან გამოაგდეს ან რომლებმაც სახლი დატოვეს ოჯახის წევრებთან სექსუალური ორიენტაციის გამო ნეგატიური დამოკიდებულების შედეგად.
ამასთან ერთად, LGBTQ+ თინეიჯერებისთვის ხშირია გარიყულობის ან გაუცხოების გრძნობა, რომელსაც ხშირად მოზარდობის ასაკში განიცდიან. უფრო მეტიც, სტიგმა და ძალადობის მუქარა თანატოლებისა და ზოგადად, საზოგადოების მხრიდან, მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე უფრო ძლიერად აისახება. CDC-ის დაქვემდებარებაში მოქმედი „ახალგაზრდობის რისკის ქცევის შემსწავლელი“ (YRBSS) ჯგუფის მიერ ჩატარებული მასობრივი კვლევის შედეგად, 2019 წელს აშშ-ში ჩატარებული 107,000 მოზარდის გამოკითხვის მონაცემთა ანალიზის შედეგები თვალნათლივ წარმოაჩენს იმ არასახარბიელო რეალობას, რომელში ცხოვრებაც LGBTQ+ მოზარდებს უწევთ. ტრანსგენდერი ახალგაზრდების 29%-ს დამუქრებიან ან სკოლის ტერიტორიაზე იარაღით დაშავებულან. ჰეტეროსექსუალი მოზარდების შემთხვევაში აღნიშნული რიცხვი 7%-ია. ტრანსგენდერი ახალგაზრდების 43% სკოლის ტერიტორიაზე ბულინგის მსხვერპლი გამხდარა. ჰეტეროსექსუალი ახალგაზრდების შემთხვევაში აღნიშნული რიცხვი 18%-ა.
საერთო ჯამში, გაურკვეველია რის დამტკიცებას ან გამართლებას ცდილობს ვიდეოს ავტორი დასავლურ საზოგადოებებში არსებული LGBTQ+ საზოგადოების მაღალი სუიციდის მაჩვენებლების წარმოჩენით, თუმცა ერთი რამ ცხადია, რომ ტრანსგენდერი ახალგაზრდები და მოზარდები, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში კვლავ აწყდებიან უამრავ ბარიერს არა მხოლოდ ოჯახებში, არამედ საზოგადოების მხრიდანაც. შესაბამისად, დასავლეთის სახელმწიფოებში სუიციდის მაღალი მაჩვენებლის სტატიტიკა მანიპულაციურადაა გამოყენებული. ამასთან, შედარებით ჩაკეტილ საზოგადოებებში, სადაც სახელმწიფო აღნიშნული საკითხით დაინტერესებული არაა, ამგვარი კვლევები არც ტარდება და, შესაბამისად, არ არსებობს შესადარებელი მონაცემებიც, თუ რა ვითარებაა ნაკლებად ღია საზოგადოებებში. კონტექსტის გარეშე, ღია საზოგადოებებშიც კი ამგვარი მაღალი სუიციდის მაჩვენებლის არსებობა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ LGBTQ თემის წარმომადგენლებს უამრავ პრობლემასთან შეჯახება უწევთ და, ხშირად, სამწუხაროდ, მათთან გამკლავებას ვერ ახერხებენ“, – გააგრძელეთ სტატიის წაკითხვა.






















