
დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას რამდენიმე ათეული პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანამ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მათ კლინიკაში კორონავირუსზე არც ერთი დადებითი პასუხი არ მიუღათ.
„ამ ეტაპზე ჩვენს კლინიკაში 77 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც 17 არის ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიიდან არც ერთი დადებითი ტესტი არ მოსულა, რაც გვახარებს.
დღეს კიდევ რამდენიმე ათეული პაციენტი დატოვებს კლინიკას, ჩაუტარდებათ კვლევები და თუ იქნა ის მომენტი, რომ ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტს შეესაბამება, უნდა დატოვონ ჩვენი დაწესებულება და გადავიდნენ საკარანტინო ზონაში, დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით 30 ასეთი პაციენტი დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა რატიანმა.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების საერთო ჯამში 108 შემთხვევა დადასტურდა.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















