
დღეს მანჩო გიორგობიანის ერთადერთი ვაჟის, სანდრო ქოიავას გარდაცვალების დღეა.
13 რიცხვში დაბადებული 13-ში გარდაიცვალა, პირველი შეყვარებულის დაბადების დღეს და ზუსტად იმ ასაკში, რა ასაკშიც მშობლების ტრაგიკულად გარდაცვლილი მეგობარი, ვისი სახელიც დაარქვეს…
სანდრო ამერიკაში სწავლობდა და მუშაობდა. ფინანსურად უზრუნველყოფილ ოჯახში გაზრდილი ბიჭს, ნიუ-იორკში შვეიცარადაც უმუშავია, არაფერს თაკილობდა, თურმე.
მანჩო გიორგობიანი: – მინდა გითხრათ, მისი ამერიკაში დარჩენა არ მინდოდა. თავიდანვე გავაფრთხილე, რომ იქ საცხოვრებლად არ დარჩებოდა. თვითონაც სიგიჟემდე უყვარდა საქართველო…
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მოქალაქეობასაც იღებდა უკვე, ამბობდა, რომ აუცილებლად თავის სამშობლოს მოახმარდა თავის ცოდნას და განათლებას…
წესად მქონდა, რომ აეროპორტში არასდროს ვაცილებდი, ყოველთვის ვერიდებოდით სენტიმენტებს. ბოლო წასვლაზე, ღამის პირველ საათზე ამეკვიატა, რომ უნდა წავიდე აეროპორტში! დავურეკე მეგობარს, ლიკა პირველს და წაყვანა ვთხოვე.

ლიკას ჩემი ეს უჩვეულო საქციელი ძალიან გაუკვირდა. გზაში ვერ ვისვენებდი, გაქვავებული ვიჯექი. სანდრო აეროპორტის კაფეში დამხვდა, მეგობრებთან ერთად, ჩვენი დანახვა ძალიან გაუხარდა.
ბევრი ვიცინეთ, ვიმაიმუნეთ. ბოლოს, ჩუმად მითხრა, ხომ იცი, მსოფლიოში ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ, ოღონდ არავის უთხრაო. მეც დავეთანხმე…
რატომ გავაცილე, მე თვითონაც არ ვიცი. პირველად და უკანასკნელად გავაცილე…
ნიუ-იორკში, სანდროს საყვარელ სკამზე, ცენტრალპარკში, მიკრულიავერცხლისფერი ფირფიტა, რომელზეც აწერია – „სანდრო ქოიავა – 1994-2016 – გამარჯობა.“
რამდენიმე დღის წინ მანჩომ ამ სკამთან დაკავშირებული პატარა ამბავი გაგვიზიარა.
მანჩო გიორგობიანი: – ჩემთვის უცნობმა და მშვენიერმა გოგომ, მარიამ ჩხობაძემ მომწერა დღეს;
“- ადამიანის სული ხომ ნამდვილად უკვდავია და ის სხვადასხვა სახით გვევლინება…
სიტყვა “გამარჯობა” მე გუშინ ყურებში ჩამესმა და ეს არ იყო მხოლოდ წარწერა…
არ ვიცი რატომ მოვიხედე, არ ვაკვირდები ასეთ რამეებს…
უცებ მოვიხედე და ეს დამხვდა სკამზე…”

მარიამ, ჩემი ემოციები სიტყვებით ვერ გადმოიცემა…
უბრალოდ, გმადლობ.
ერთი კი იცოდე, უკვე ჩემიანი ხარ და უკვე მიყვარხარ… ყოველთვის გაგახსენდეს, რომ შენთვისაც ვარსებობ, თუ რამეში გამოგადგები.
პარკში თუ მოხვდებით, იცოდეთ, რომ იქ სანდროს საყვარელი ადგილიც არის…
გადაღებულია ნიუ იორკში, მანჰეტენზე.























