
როდესაც კომპანიები ხალხს აფრთხილებენ, თუ კომუნალურ გადასახადს არ გადაიხდით დენის და გაზის მიწოდებას შეგიწყვიტავთო, როგორ ეტყვი ამ ადამიანებს რომ არ იმუშაონ და სახლში დარჩნენ,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
„სახლში დარჩენის გარდა, რას სთავაზობს ხელისუფლება ხალხს?!
ჩვენი მოსახლეობის 2/3 ისედაც შიმშილის ზღვარზე ცხოვრობდა, ახლა ამ ხალხს რას ვეუბნებით, რომ ოღონდ კორონავირუსი არ დაგემართოთ, მთავრობა კარანტინს ეფექტურად გამოაცხადებს, თქვენ კი სახლში დარჩით, არაფერი მოიმოქმედოთ და იშიმშილეთო? რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ანტიკრიზისული გეგმა.
იმ ადამიანს, რომელსაც ეუბნები, რომ კარანტინის დროს სახლში უნდა დარჩეს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ორი დღის შემდეგ რა ელოდება, ადამიანებმა უნდა იცოდნენ როგორ ხედავს მთავრობა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს.
ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ლარის კურსი მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი იქნება და მთავრობა ამისთვის საჭირო ღონისძიებებს გაატარებს. როდესაც კომპანიები ხალხს აფრთხილებენ, თუ კომუნალურ გადასახადს არ გადაიხდით დენის და გაზის მიწოდებას შეგიწყვიტავთო, როგორ ეტყვი ამ ადამიანებს რომ არ იმუშაონ და სახლში დარჩნენ.
ვიმეორებ, მთავრობას შეუძლია და ვალდებულია კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. ყოველ დღე ველოდებით ანტიკრიზისულ გეგმას, თუმცა ხელისუფლება ამაზე არაფერს ამბობს. შევახსენებ, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, როგორც კორონავირუსისგან დაიცვას საკუთარი მოსახლეობა, ასევე დაიცვას ის შიმშილისგან“,- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















