
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხვალ დამტკიცდება ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა იქნას გამოყენებული.
მისი თქმით, ამ საკითხზე დღეს საბოლოო საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება და დეტალები საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.
„ახალი ალგორითმი მზად არის. დღეს იგეგმება საბოლოო საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც ლაბორატორიისა და კლინიკების ექსპერტების ჯგუფი კიდევ ერთხელ გაივლის ყველა დეტალს და შევთანხმდებით. ხვალიდან უკვე ალგორითმი მიიღებს ფორმალურ სახეს, მინისტრის ბრძანებით იქნება დამტკიცებული, იქ დეტალურადაა განსაზღვრული რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში და რა ეტაპზე უნდა იქნას გამოყენებული. ამდენად ეს დეტალები ხვალ შეგვიძლია, გავუზიაროთ საზოგადოებას,“ – განაცხადა გაბუნიამ.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევა დადასტურდა.
- 31 მარტის მდგომარეობით გამოჯანმრთელდა 21 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















