23:32 | 2021-07-24 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ვინ არიან და რა აკავშირებთ ზუგდიდში მოკლულ ბიზნესმენს და მკვლელობაში ბრალდებულს ერთმანეთთან

ვინ არიან და რა აკავშირებთ ზუგდიდში მოკლულ ბიზნესმენს და მკვლელობაში ბრალდებულს ერთმანეთთან

ბიზნესმენ გრამიტონ ლაგვილავას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ზაურ კვიკვინიაა, რომელსაც პროკურატურამ დღეს, ბრალი სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინა.

 

“პრაიმტაიმი” დაინტერესდა, ვინ არის მკვლელობაში ბრალდებული ბიზნესმენი ზაურ კვიკვინია და რა აკავშირებდა მას ლაგვილავასთან.

 

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მოკლულსა და მკვლელობაში ბრალდებულს საერთო ბიზნესი ჰქონდათ. დაპირისპირების მიზეზიც სწორედ ბიზნესწილების განაწილება გახდა.

 

ვინ არის მკვლელობაში ბრალდებული ზაურ კვიკვინია

 

ზაურ კვიკვინიას საცხოვრებელი სახლი ზუგდიდში

 

ბიზნესმენი კვიკვინია მეუღლესთან ერთად ზუგდიდში, შარტავას ქუჩაზე ცხოვრობს.

 

დრო და დრო, სამეგრელოში ბიზნესმენის შვილებიც ჩამოდიან ხოლმე.

 

ჩვენი ინფორმაციით, ბიზნესმენ ზაურ კვიკვინიას ბიზნესი საქართველოში და ასევე, რუსეთში აქვს. ის აზარტული თამაშების ბიზნესშია ჩართული.

 

გარდა ამისა, მას მოკლულ გრამიტონ ლაგვილავასთან ერთად ბენზინგასამართი სადგური ჰქონდა. საერთო ბიზნესს წინ მეგობრობა უძღვოდა…

 

“ზაურის სათამაშო აპარატების ბიზნესი თბილისში, ბათუმსა და სოჭში აქვს. საშინელი ტრაგედია დატრიალდა ლაგვილავებთან. გრამიტონი და ზაური მეგობრები იყვნენ… ზაური ბენზინგასამართი სადგურის წილში იყო გრამიტონთან ერთად.” – ამბობს მოკლულისა და მკვლელობაში ბრალდებულის საერთო ნაცნობი.

 

დაპირისპირების მიზეზი – ბიზნესწილები და ბიზნესიდან გასვლის სისხლიანი გზა 

 

ზაურ კვიკვინია

ჩვენი ინფორმაციით, ერთი თვის წინ, ზაურმა ბიზნესიდან გასვლა და თანხის გატანა მოითხოვა. ამიტომ, მას ლაგვილავებმა სწორედ ერთი თვის წინ, 20 ათასი დოლარი გადაუხადეს, მერე ზაური ისევ დაჟინებით ითხოვდა დარჩენილი თანხის გატანას, კონკრეტულად რა ოდენობაზეა საუბარი, არ ვიცი… ასე როგორ გაიმეტა, ან რა გაჭირვება ჰქონდა ზაურს ასეთი, რომ არ მოითმინა, არ ვიცი”, – ამბობს ადგილობრივი.

 

თავის მხრივ, ლაგვილავები ამბობენ, რომ ისინი კანონმორჩილი ადამიანები არიან და არ ესმით, საპატრულო ეკიპაჟი ლაგვილავას სახლთან რატომ დგას.

 

“რაც ჩვენს თავს ეს ტრაგედია დატრიალდა გავიგეთ, რომ პოლიციის ერთი ეკიპაჟი კვიკვინიების სახლს იცავს. რა საჭიროა ან სახლს ვინ დაწვავს?! ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ”, – ამბობენ ლაგვილავები.

 

 

 

მოკლული ბიზნესმენის დაჭრილი შვილი 

 

გრამიტონ ლაგვილავა

 

სროლის დროს ასევე დაიჭრა გრამიტონის ვაჟი გია ლაგვილავა, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

 

ამ ეტაპზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება.

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X