
პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ვირუსის პრევენციის მიზნით, ყველა მოქმედი რეგულაცია მეტად უნდა გამკაცრდეს.
„აცრა სავალდებულო უნდა იყოს სამედიცინო სფეროში მომუშავეებისთვის, მასწავლებლებისთვის, მომსახურე პერსონალისთვის, ვისაც მუდმივი შეხება აქვს ბევრ ადამიანთან-მზარეულები, მიმტანები და ა.შ.
სადაა აცრის მხარდამჭერი კამპანია? მე ვერ ვხედავ. პირბადის ტარებაზე და დისტანცირებაზე მოთხოვნები და რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. მოყევით სიმართლე, როგორ ჯოჯოხეთში არიან მომაკვდავი პაციენტები, აჩვენეთ რეალური სურათი, რა ხდება ჯანდაცვის სექტორში. ილუზიები, რომ თუ დამძიმდება პაციენტი, მისი მოვლის რესურსი არსებობს, უკეთესია არავის ჰქონდეს, მეტი აიცრება.
კოვიდის გაზრდილი რაოდენობის აქციებზე გადაბრალება არ უშველის კატასტროფას, რომლის წინაშეც ვდგავართ. უპასუხისმგებლო პოლიტიკურ ოპორტუნიზმს რაიმე საზღვარი ხომ უნდა გააჩნდეს, უზნეობაც აღარაა ეს, დანაშაულია!“, – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსი 1 264 მოქალაქეს გამოუვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი.























