14:04 | 2021-07-26 ავტორი: Prime Time

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის ემზადება

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის ემზადება

“ოპოზიცია გაურბის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

მისი თქმით,ოპოზიციის ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის ემზადება.

 

“სამწუხაროდ, შარლ მიშელის შეთანხმების საპირისპიროდ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა კონსენსუსის მიღწევას ხელი შეუშალა, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ვერ აიღო და ამის გამო ჩვენ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გვიწევს. ოპოზიცია ამბობს, რომ გიორგი კალანდარიშვილი არის კვალიფიციური კანდიდატი, გამოცდილი ადამიანი, შეესაბამება კრიტერიუმებს, მაგრამ მაინც არ დაუჭერენ მხარს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია გაურბის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და იმას, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის წინასწარ ემზადება”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

 

ცნობისთვის დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე და ორი პროფესიონალი წევრი უნდა აირჩიონ. პირველ მოსმენაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატს, გიორგი კალანდარიშვილს მხარი არ დაუჭირეს.

 

მმართველი გუნდის ოპონენტები აცხადებენ, რომ შერჩეული კანდიდატის მიმართ, ობიექტურობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება.

 

“გიორგი კალანდარიშვილს ვიცნობ 2018 წლიდან. ცესკო-ს წარმოადგენდა უწყებათაშორის საბჭოზე და ყველა დარღვევაზე, რომელზეც მივუთითებდით, წულუკიანზე მეტად იცავდა “ქართული ოცნების“ ინტერესებს. ბუნებრივია, მის მიმართ ნდობა არ მაქვს, – განაცხადა, სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

 

ავტორი: Prime Time

X