
გიორგი უშიკიშვილი იუბილარია. მომღერალი და ფოლკლორისტი 42 წლის გახდა. როგორც ის “პრაიმტაიმთან” ამბობს, შემოქმედებითი კუთხით საინტერესო ასაკშია.
“ფოლკლორისტისთვის გამოცდილებაა მთავარი. ეს ის ასაკია გამოცდილებაც რომ გაქვს და ხმაც შემორჩენილი.
მართალია, წკრიალა ხმა აღარ მაქვს, თუმცა გამოცდილება დამიგროვდა. ამიტომ ეს პერიოდი გამოსაყენებელია”, – ამბობს უშიკიშვილი.
დაღვინებულ ასაკში ღვინის მარნის გაკეთებას აპირებს.
მამასთან ერთად ღვინოს დაწურავს, ფოლკლორულ გარემოს შექმნის, შემოდგომაზე გახსნის და კორონა რომ გადაივლის, ახმეტაში მარნის კარსაც ააჭრიალებს.
გიორგი უშიკიშვილი: – სულ მეჩხუბებოდნენ დაბადების დღე გადაიხადეო და მე არ მიყვარდა აღნიშვნა. თუმცა, ამ სიტუაციას ისევ ის ჩხუბი მერჩივნა.
ჩემი ოჯახი კახეთშია და დღეს მეც შევუერთდი. აქ, ახმეტაში, საოჯახო საქმეებია, დავკავდები. ეზოში გამოსვლის ფუფუნებაა, რაც თბილისში არ არის. წინ საგაზაფხულო სამუშაოებია.
ისეთი ადამიანები მირეკავენ, ორი ჰექტარი მიწა უნდა დავამუშაო, კარტოფილი უნდა დავთესოო, წელიწადში ერთხელ რომ გადიოდნენ თბილისიდან. მიკვირს, მაგრამ მიხარია, კარგია.
პატარა მარნის – შატოს გაკეთება მაქვს დაგეგმილი. მამა კარგ ღვინოს აყენებს და მეც ნელ-ნელა ვსწავლობ. ფოლკლორული გარემო უნდა შევქმნა.
შემოდგომაზე გახსნა მექნება, არა პომპეზური, რამდენიმე სტუმრით.
მერე ადამიანები ახმეტაში რომ ჩამოვლენ, ჩემს მარანში ფოლკლორული გარემო დახვდებათ – სიმღერით, ქვევრის ღვინით…
თუშები აქვე არიან, გარმონებით ამოვლენ და მინდა საინტერესო სიტუაცია გავაკეთო.
კახეთში უცხოელები რომ ჩამოდიან, სრულყოფილად ვერ იღებენ ინფორმაციას. მხოლოდ არქიტექტურა ხომ არ არის ქვეყანა.
მნიშვნელოვანია ფოლკლორი და ეთნოგრაფია, ასევე სამზარეულო.
ადამიანს უნდა გააცნო არა მხოლოდ ის, რომ კავკასიონი და კარგი ჩურჩხელა და ღვინო გვაქვს, არამედ როგორი სიმღერა და ეთნოგრაფია გაგვაჩნია.
ბევრ ადამიანს ვიცნობ რეწვით არიან დაკავებულნი, ფერდაგებს აკეთებენ. მინდა ამ ადამიანების დახმარებით საინტერესო წარმოდგენები გავმართო.
ბევრმა ქართველმაც არ იცის, რა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს.
ჩემთან სტუმარი რომ ჩამოვა, მინდა გარკვეული ინფორმაცია წაიღოს. მთავარია, ახლა ეს კორონა გადავაგოროთ და ყველაფერი კარგად იქნება.
ცხოვრებას რომ გადავხედოთ, თურმე, ორი თვის წინ, რა ტყუილად ვიშლიდით ნერვებს უმნიშვნელო რამეებზე.
რაღაცები უნდა გადავაფასოთ და ასეთი დღეები ამისთვის არსებობს. მესმის, რთულია სახლში ჯდომაში პოზიტივი დაინახო, მაგრამ ფიქრის დროა…
კორონა არ არის საჭირო სოფელთან კავშირისთვის. ბევრი სოფელია მიტოვებული. უამრავი ულამაზესი მიტოვებული სახლი მხვდება რეგიონებში.
მნიშვნელოვანია, რომ შვილებს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხე გავაცნოთ. მე ჩემს შვილს დასასვენებლად ან სვანეთში ვუშვებ, ან კახეთში.
მინდა ქვეყანა იცოდეს, ნახოს როგორ გამოიყურება მისი კუთხეები.
იქაურ ადამიანებთან ურთიერთობით სულ სხვა რამეებს ვიღებთ. ყველას ვთხოვ, ახლოს ვიყოთ სოფლებთან…






















