
პარტია „საქართველოსთვის“ წევრები, დეპუტატები გიგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური და ალექსანდრე მოწერელია ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შეხვდნენ.
გახარიას გუნდის წევრებმა და ევროპარლამენტარმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება განიხილეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ ნაბიჯით ქართული ოცნება ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების ინტერესებს და კიდევ ერთხელ უგულვებელყოფს მის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რაც ცალსახად ფასდება როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი.
გახარიას გუნდის წევრებმა ვიოლა ფონ კრამონს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მმართველი პარტიის მიერ პარტია „საქართველოსთვის“ წევრებზე და მხარდამჭერებზე განხორციელებულ ზეწოლებთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, გუშინ, 28 ივლისს “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ,თანაგუნდელებთან ერთად განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია.
კობახიძის განცხადებით, ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება იყო, თუმცა რადგან ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა დოკუმენტმა თავის თავი ამოწურა და ის გაუქმებულია.
ცოტა ხნის წინ გააკეთა პირველი კომენტარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელის თქმით საქართველოში კონსულტაციებს იწყებს და პარტიებმა პირადი ინტერესების ნაცვლად მოქალაქეების ინტერესები უნდა დააყენონ წინ.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მალევე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოებისგანაც.
მომხდათან დაკავშირები გააკეთა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ.
“ ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია. მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების” ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის”,- ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.























