
„ცოტა გაურკვეველია, რა ცოდნა უნდა გადასცეს მოსწავლეს პედაგოგმა, რომელიც ანტივაქსერია და მიიჩნევს, რომ ვაქცინა არ არის შექმნილი კაცობრიობის საკეთილდღეოდ. მაშინ როდესაც ვაქცინაზე უკეთესი შედეგი კაცობრიობის კეთილდღეობისთვის თითზე ჩამოსათვლელია”,- ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა გამართულ ვებინარზე განაცხადა.
“დარწმუნებული ვარ, რომ ეს ალბათ გადალახვადი სირთულეა მაინც და მგონია, რომ სექტემბრამდე მაინც მაქსიმალურად მოხდება პედაგოგების მობილიზაცია ამ მიმართულებით და ისინი ჩაიტარებენ ვაქცინაციას.
მოზარდების (16 წელს ზემოთ) აცრა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ლაპარაკი გვაქვს სასკოლო პროცესების აღდგენაზე და სრულფასოვნად წარმართვაზე სექტემბრიდან. თუ ამ ასაკის ბავშვები იქნებიან მაქსიმალურად აცრილები პედაგოგებთან ერთად, ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სასკოლო პროცესის უსაფრთხოებას.
მოვუწოდებ ყველა მშობელს, ვისაც ჰყავს ამ ასაკის შვილი და მათ პედაგოგებს, რომ დროულად ჩატარდეს ვაქცინაცია 16 წლისა და ზედა ასაკის მოსწავლეებში, ასევე სკოლის მასწავლებლებში“, – აღნიშნა ზახაშვილმა.
შეგახსნებთ, რომ მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს სხდომების შემდეგ სპეციალისტები და ხელისუფლების პირველი პირები საზოგადოებას მუდმივად მოუწოდებენ დაიცვან პანდემიის პრევენციის მიმართ დაწესებული რეგულაციები.
გამოიყენონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და და ჩაერთონ ვაქცინაციის პროგრამაში. თუმცა, სამწუხაროდ რეგულაციების დაცვა ხშირ შემთხვევაში არ ხდება.
აქცინაციის მნიშვნელობასა და კოვიდპანდემიაზე სტატიები შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.























