
დუბაიში გაუსაძლის სიცხეს, ხელოვნური წვიმით ებრძვიან. ინოვაციური მეთოდი არაბთა გაერთიანებული საამიროების ნოუჰაუა და ის აერო გადაღების კამერას, დრონებზე დამონტაჟებულ ტექნოლოგიას ემყარება.
როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, დრონები ღრუბლებში ელექტრულ მუხტს გამოყოფს, რის შემდეგაც ჰაერში არსებული უმცირესი ზომის წყლის წვეთები თავს ერთად იყრის და წვიმის წვეთებად იქცევა.
წვიმა არაბთა საემიროებში იშვიათობას აღარ წარმოადგენს და უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური ნალექი, პრაქტიკულად, ბუნებრივის იდენტურია – მას თან ქარი, ელვა და მეხის ხმა ახლავს, რამაც, ასეთ მოვლენებს შეუჩვეველი, ადგილობრივები შეაშინა კიდეც.
ექსპერტების თქმით, ეს მეთოდი სხვა ხელოვნურ წვიმებთან შედარებით უსაფრთხოა, რადგან მის წარმოსაქმნელად ქიმიური ნივთიერებები არ გამოიყენება.
ამჟამად საამიროებში იმაზე მეტი ნალექის მიღება შეუძლიათ, ვიდრე დიდ ბრიტანეთში მოდის. ხელოვნურად გამოწვეული წვიმა ერთ-ერთია ნალექის წარმოქმნის იმ 7 პროექტიდან, რომლებსაც დუბაიში 2017 წლიდან ახორციელებენ.






















