15:17 | 2021-08-04 ავტორი: მარი ჯაფარიძე

არასრულწლოვანზე მოძალადე 46 წლის მამაკაცი მსხვერპლმა 10 წლის შემდეგ დასაჯა

არასრულწლოვანზე მოძალადე 46 წლის მამაკაცი მსხვერპლმა 10 წლის შემდეგ დასაჯა

ჯოდი 12 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ. საკუთარი თავისა და ბავშვის უზრუნველსაყოფად, გოგონას დედას მოუწია რამდენიმე სამსახურის შეთავსება, რის გამოც ხშირად ქალიშვილს მარტო ტოვებდა.

 

როდესაც მეზობელმა, პოლ ბრიტონმა შესთავაზა,  რომ მისი ოჯახი მზად იყო, ჯოდიზე ეზრუნა, ქალი ძალიან მადლობელი იყო, დახმარებისთვის, – იტყობინება ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

 

 

ჯოდი ხშირად მიდიოდა ბრიტონებთან გაკვეთილების შემდეგ, რათა ეთამაშა მათ ბავშვებთან ერთად. გოგონასთვის მეზობლები მეორე ოჯახი გახდა და უცნაურად არ ეჩვენებოდა,   რომ პოლი ასე ხშირად ეხუტებოდა ხოლმე მას. ერთხელ, როდესაც ჯოდიმ შინ წასვლა გადაწყვიტა, მამაკაცმა სთხოვა, მაკოცეო. გოგონას ცუდზე არც უფიქრია, ისე აკოცა ტუჩებზე და ამის შემდეგ „გამოსამშვიდობებელი კოცნა“ გახდა ყოველდღიური.

ერთხელ პოლი და ჯოდი მარტო დარჩნენ და კაცმა ჰკითხა, საიდან ჰქონდა კისერზე ნაწიბური. გოგონამ უამბო გულის ღია ოპერაციის შესახებ. შემდეგ მეზობელმა დაიწყო ნაწიბურზე მოფერება, თანდათანობით ხელი ბლუზის ქვეშ შეუყო. ჯოდიმ არ იცოდა, როგორ რეაგირება მოეხდინა და უბრალოდ, იგნორირება გაუკეთა მის ქმედებებს.

 

შემდეგ მოხდა ისეთი რამ, რაც გოგონამ ნამდვილად ვერ გაიგო. პოლმა ჰკითხა, იყო თუ არა ის „სუფთა“. უთხრა, რომ თუ მას სურდა მათ სახლში ევლო,  უნდა შეემოწმებინა იგი. ჯოდიმ ვერ გაიგო, რა მოხდა, მაგრამ „ამის“ შემდეგ ის ცდილობდა, ყველაფერი დაევიწყებინა. თუმცა, ასეთი „შემოწმებები“ უფრო და უფრო ხშირად მეორდებოდა.

 

პოლი მხოლოდ ალერსით შემოიფარგლებოდა და ხშირად ეუბნებოდა გოგონას, რომ ძალიან ლამაზი იყო და რომ ელოდა, როდის გახდებოდა 16 წლის. ის გოგონას აძლევდა ფულსა და საჩუქრებს, თან უმეორებდა, რომ ეს ყველაფერი საიდუმლოდ უნდა შეენახა.

მეთექვსმეტე დაბადების დღემდე ორი კვირით ადრე, ჯოდის პოლმა სიურპრიზი მოუმზადა.  მან უთხრა, რომ ჩაელაგებინა ბარგი და დედასთვის ეთქვა, რომ მეგობართან მიდიოდა სტუმრად, რამდენიმე დღით. დანიშნულ დღეს მამაკაცმა გოგონა წაიყვანა ზღვისპირა კურორტზე, სადაც  იქირავა სასტუმროს ნომერი – თავისთვის და მისი „ქალიშვილისთვის“. იმ ღამეს პოლმა გოგონასთან ინტიმური ურთიერთობა დაამყარა. ჯოდის თქმით, „ეს ღამე იყო ყველაზე უარესი, მის ცხოვრებაში“.

ორი კვირის შემდეგ, დაბადების დღეზე, მამაკაცმა მას გაუგზავნა ყვავილების უზარმაზარი თაიგული, წარწერით – „სიყვარულით, პოლი“.

 

ჯოდის დედამ, მეზობლის ყურადღებით აღფრთოვანებულმა, ქალიშვილი აიძულა, ყვავილებით გადაეღო სურათი და გაეღიმა. მაშინ ჯოდიმ არ იცოდა, რომ ათი წლის შემდეგ ეს სურათი გახდებოდა მოძალადის დანაშაულის მთავარი მტკიცებულება.

 

ოჯახი მალე სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და პოლი გაქრა ჯოდიის ცხოვრებიდან. „მე ის არ მენატრებოდა, – ამბობს ის. – პირიქით, მე საბოლოოდ თავი თავისუფლად ვიგრძენი და შემეძლო, ჩემი ასაკის ადამიანებთან ურთიერთობა“.

18 წლის ჯოდი დაორსულდა შეყვარებულისგან, რომელსაც ხვდებოდა. მან პირობა დადო, რომ დაივიწყებდა წარსულს და გახდებოდა საუკეთესო დედა.

 

 

თუმცა, წარსული არ უშვებდა. დროდადრო გაუელვებდა მოძალადის სახე, მისი ჩახუტება და  გაპარსვის შემდგომი სუნი. როდესაც გაიზარდა, ჯოდიმ გააცნობიერა ყველაფერი, რაც მას ბავშვობაში გადახდა და შეძლო, პოლის ქმედებებისთვის შესაბამისი სახელის დარქმევა – სექსუალური იძულება, მანიპულირება, სექსუალური ძალადობა …

 

„მე გაბრაზებული ვიყავი, რადგან გავბედე მეფიქრა,  რომ არაფერი იყო ცუდი იმაში, რასაც ჩვენ ვაკეთებდით“. – თქვა მან.
მისი შვილისა და მამის ურთიერთობა არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, მამა ბავშვის მიმართ ყურადღებას არ იჩენდა და ჯოდი დედასთან დაბრუნდა.

 

ერთი წლის შემდეგ, გოგონამ გაიცნო მისი ამჟამინდელი პარტნიორი, რაიანი. დიდი ხნის განმავლობაში უმალავდა წარსულს, მაგრამ მამაკაცი იმდენად კეთილი და მომთმენი იყო, რომ ერთ დღეს ჯოდი ალაპარაკდა. რაიანი შეშინებული იყო მოსმენილით და უთხრა, რომ პოლიციაში უნდა განეცხადებინა. მან პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა ჯოდის, ნებისმიერ სიტუაციაში – და… ქალმა გადაწყვიტა.

 

„დრო იყო, ყველაფერი მეთქვა დედაჩემისთვის, რომელმაც არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ მისი ქალიშვილი მეზობელმა გააუპატიურა. მან ცრემლები ვერ შეიკავა და იმეორებდა: „ეს ჩემი ბრალია! ეს ჩემი ბრალია!“

 

პოლ ბრიტონს ბრალი წაუყენეს 16 წლამდე ასაკის ბავშვზე სექსუალური ძალადობის 11 ეპიზოდში.

სასამართლოში მან უარყო ყველაფერი. ბრალდების მხარეს არ ჰქონდა რაიმე მტკიცებულება, სანამ გოგონას დედამ არ გაიხსენა ფოტო, თაიგულთან ერთად. სასამართლომ მიიღო ის, როგორც მატერიალური მტკიცებულება.

 

სასამართლო პროცესებმა შეარყია ჯოდის ნერვული სისტემა. იყო რამდენიმე მომენტი, როდესაც გოგონა  თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ რაიანი მხარში ედგა. მან წუთითაც კი არ მიატოვა და უმეორებდა: „იყავი ძლიერი. ნუ გაამარჯვებინებ მას“.

 

56 წლის პოლ ბრიტონი დამნაშავედ ცნეს 11 ბრალიდან 8-ში და მიუსაჯეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის გამოცხადების  დღეს, ჯოდიმ, რომელიც სასამართლოში შირმის მიღმა იჯდა ხოლმე, რომ პოლს ვერ დაენახა, პირველად გადაწყვიტა, მოძალადისთვის თვალებში შეეხედა.

 

„მე მას ვუთხარი, რომ მომპარა ბავშვობა, მაგრამ ვერ წამართმევდა მომავალს!“

 

ჯოდის თქმით, მის სულში ბევრი ნაწიბურია, მაგრამ მას უხარია, რომ იპოვა ძალა, სამართლიანობის მისაღწევად. გოგონამ უარი თქვა ანონიმურობაზე, რათა სექსუალური ძალადობის სხვა მსხვერპლებმა დაინახონ, რომ ისინი მარტო არ არიან. გოგონა იმედოვნებს, რომ მისი საქმე შეძლებს, დაარწმუნოს ქალები, რომლებმაც გაიარეს მსგავსი გზა, თამამად განაცხადონ, რა მოხდა მათ ცხოვრებაში.

 

ასევე ნახეთ: ულამაზესი კიტი სპენსერი

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X